16 მლნ ლარი ბიძინა ივანიშვლის ნათესავისთვის - TI შესაძლო კორუფციაზე მიუთითებს
პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავმა მურმან ტოგონიძემ 2014 წლიდან დღემდე ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების მეშვეობით ბიუჯეტიდან 16 მლნ-ზე მეტი ლარი მიიღო.
მურმან ტოგონიძე ბიძინა ივანიშვილის დის – მაგული ივანიშვილის მულის ქმარია. ის ინდმეწარმეც არის და აქვს შპს-ც – “მშენინვესტი”, რომლის 100%-იანი წილის ერთადერთი მფლობელია. არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” ( TI ), ინდმეწარმე მურმან ტოგონიძეს და შპს “მშენინვესტს” 2014 წლიდან დღემდე 90 ტენდერი აქვს მოგებული. 42 ტენდერში მას კონკურენტი არ ჰყოლია. 20 ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიებმა ვაჭრობისას დაბალი ღირებულება დააფიქსირეს, თუმცა სატენდერო კომისიამ მათ დისკვალიფიკაცია მისცა და ხელშეკრულება მურმან ტოგონიძესთან გააფორმა. 9 ტენდერი მურმან ტოგონიძემ დაბალი ფასის მითითებით მოიგო, თუმცა, ხელშეკრულების ღირებულება მოგვიანებით გაიზარდა.
ინდივიდუალურმა მეწარმემ, მურმან ტოგონიძემ 97 ტენდერიდან 69 შემთხვევაში გაიმარჯვა. ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 14 მლნ 998 ათას 590 ლარია.
შპს “მშენინვესტი” 2016 წელს 31-ჯერ მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვებში, 21 შემთხვევაში გაიმარჯვა და ჯამურად 1 მლნ ლარი მიიღო.
მურმან ტოგონიძისა და მისი კომპანიისგან მომსახურებების ყველაზე მსხვილი შემსყიდველი საჩხერის მუნიციპალიტეტია (70 ტენდერი და 3 გამარტივებული შესყიდვა). შემსყიდველები ასევე არიან ჭიათურის, ლაგოდეხისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები.
მურმან ტოგონიძესა და შპს “მშენინვესტთან” 2014-2016 წლებში საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებმა გამარტივებული შესყიდვის 9 ხელშეკრულება გააფორმეს, ჯამური ღირებულებით 388 112 ლარი.
მურმან ტოგონიძე 2017-2018 წლებში შპს “საჩხერგზას” დირექტორიც იყო. შპს “საჩხერგზამ” ამ პერიოდში საჩხერის მუნიციპალიტეტის 2 ტენდერი მოიგო, რომელთა ჯამური ღირებულება 120 521 ლარია. ეს კომპანია მმართველის შეცვლის შემდეგაც მონაწილეობს ტენდერებში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ ინდივიდუალური მეწარმე მურმან ტოგონიძისა და შპს “მშენინვესტის” მიერ მოგებული ტენდერები და დაადგინონ, ხომ არ იყო ისინი ტოგონიძისა და მისი კომპანიისათვის სასურველ პირობებში გამოცხადებული და შეიცავდა თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.