1000-მდე PCR ტესტი დღეში და მედპერსონალის გაგზავნა - რა დახმარებას სთავაზობს სომხეთს საქართველო
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო სომხეთს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში დაეხმარება. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რა ფორმით დაეხმარება საქართველო სომხეთს, ეს ორი ქვეყნის სპეციალისტებს შორის გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ გადაწყდება.
საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შედგა.
„გადავწყვიტეთ, რომ შედგეს ვიდეო კონფერენცია. კონფერენციის შედეგად უფრო დეტალურად დავადგენთ საჭიროებებს და დავგეგმავთ კონკრეტულ დავალებებს. ამასთანავე ჩვენი მხრიდან შეთავაზებული იყო სასუნთქი აპარატებით დახმარება, ასევე პერსონალის სომხეთში გაგზავნა. იმ შემთხვევაში, თუ თავიანთი ლაბორატორიული სიმძლავრე არ ყოფნით, ჩვენ დავახმართ ჩვენს ლაბორატორიულ სიმძლავრეს. მინისტრს მოეწონა ეს იდეა. თუმცა, ჯერჯერობით შევთანხმდით იმაზე, რომ შედგება ორი ქვეყნის სპეციალისტებს შორის კომუნიკაცია და მას შემდეგ გადაწყდება დამატებითი დეტალები“, – ამბობს ტიკარაძე.
- როგორი იქნება ტურიზმი კორონავირუსის შემდეგ. საქართველო ტურისტების მისაღებად ემზადება
- პირბადე, დამცავი ფარი და უკონდიციონერობა. 6 ივლისს საქართველოში ეროვნული გამოცდები იწყება
სომხეთს დახმარებას სთავაზობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც.
“შეგვიძლია ტესტირებაში დახმარება. ჩვენ შევთავაზეთ, რომ შეგვიძლია 500-დან 1000-მდე ნიმუშის PCR-ტესტირება, იცით რომ 4 საათის გზაა და 24 საათში შეგვიძლია პასუხი მივცეთ ან მეორე, ვაჩუქოთ დაახლოებით 10 ათასი PCR-ტესტი,“ – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე.
11 ივნისის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 14 669 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 245 ადამიანი.