საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.
31 ოქტომბერს გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც.
“მინდა მივმართო საზოგადოებას და მოგიწოდოთ, რომ ეს პერიოდი, ეს ორი თვე, რაც წინ გვიძღვის არჩევნებამდე, ჩავატაროთ რაც შეიძლება მშვიდობიანად. დღევანდელ პირობებში, როცა უკვე გავიარეთ covid-ის პანდემია და საკმაოდ მძიმე წელი, აუცილებელია, რომ ძალიან მშვიდად მოვემზადოთ არჩევნებისთვის. ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს! ჩვენ ამით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობას.
ისევე, როგორც რამდენიმე თვის წინ, დღესაც ჩვენმა საზოგადოებამ აჩვენა მსოფლიოს, რომ შეუძლია მართოს ასეთი მძიმე ეპიდემია და თავისი მაღალი საზოგადოებრივი შეგნებით დაანახოს, რომ ჩვენ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები ვართ. სწორედ ასევე, უნდა ჩავატაროთ არჩევნები. ვიცი და მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მომავალი არჩევნები ასე დემოკრატიულად, მშვიდობიანად და გამჭვირვალედ ჩავატაროთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
• საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია. ყველა დეტალი ახალ საარჩევნო სისტემაზე
2020 წლის 8 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30 მოდელით ჩატარდება: ამომრჩეველი 120 დეპუტატს პროპორციული წესით აირჩევს, ხოლო 30-ს – მაჟორიტარულ ოლქებში.
შეთანხმების მიხედვით, საარჩევნო ბარიერი ერთპროცენტიანი იქნება: იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტია პარლამენტში მოხვდეს, მან ამომრჩეველთა ხმების 1% უნდა მიიღოს, პოლიტიკური პარტიების ბლოკმა კი ამომრჩეველთა ხმების იმდენი 1%, რამდენი პარტიაც არის მასში გაერთიანებული: თუ ბლოკი 5 პარტიისგან შედგება, მაშინ მან პარლამენტში მოსახვედრად ამომრჩეველთა ხმების 5% უნდა მიიღოს.
გარდა ამისა, გაჩნდა ე. წ. “ჩამკეტი”. პარტიას ან საარჩევნო ბლოკს, რომელსაც ამომრჩევლის 40 პროცენტზე ნაკლები დაუჭერს მხარს, ერთპარტიული მთავრობის დაკომპლექტების უფლება აღარ ექნება.