ტურიზმის განსაკუთრებული სახეობის მოყვარული ბაქოელების ისტორია" />

ქაუჩსერფინგი, წვეულებები, შაბლონების მსხვრევა

ტურიზმის განსაკუთრებული სახეობის მოყვარული ბაქოელების ისტორია

საზღვარგარეთ გამგზავრება და არავითარი სასტუმროს ხარჯი, საერთო ინტერესების მეგობართან სახლში ცხოვრება, რომელიც მანამდე თვალით არ გინახავს – ეს ქაუჩსერფინგია – ტურიზმის ახალი სახეობა.

ქაუჩსერფერების უმსხვილესი ქსელი (couchsurfing.com) ჯერ კიდევ 2003 წელს გაიხსნა, მაგრამ ჩვენს რეგიონში ის მხოლოდ ხუთიოდე წლის წინათ გახდა პოპულარული.

 რა არის იდეის არსი – ამ ქსელში დარეგისტრირებულ მომხმარებლებს საკუთარ ბინას სთავაზობთ და თქვენი საცხოვრებელის პარამეტრებსა და შეზღუდვებს (მაგალითად, იმას, რომ ბავშვიან სტუმრებს არ იღებთ, ან იმას, რომ არ იღებთ იმ ტურისტებს, ვინც შინაური ცხოველებით მოგზაურობს, ან ეწევა) უთითებთ; აღნიშნავთ თუ რომელ დღეებში შეგიძლიათ სტუმრების მიღება ან სულაც წერთ, რომ ჯერ საერთოდ ვერ მიიღებთ მათ. საზღვარგარეთ გამგზავრებისას კი შეგიძლიათ, წინასწარ დაძებნოთ ქაუჩსერფერი და სრულიად უფასო საცხოვრებელი იპოვოთ.

ბაქოსთვის ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან აქ იაფი სასტუმროები და ჰოსტელები, ფაქტობრივად, არ არის. თანაც უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში სულ უფრო მოდური ხდება ინდივიდუალური ტურიზმი, რომელიც ღირსშესანიშნაობებით დატვირთულ, ერთგვაროვან მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებს შეცვლის.

 განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მონაწილეთა უსაფრთხოებაზე. ქაუჩსერფინგის მონაწილეთათვის არსებობს პიროვნების, მისამართისა და სანდოობის იდენტიფიცირების სპეციალური სისტემა – სტუმრების მიღება და უფასო საცხოვრებლის ძიება სახიფათო ავანტიურად რომ არ იქცეს.

2

რატომ ირჩევენ ადამიანები ქაუჩსერფინგს? საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველებთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რა ამოძრავებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ტურისტებს საკუთარ საცხოვრებლებს სთავაზობენ?

 “ვიფიქრე, რომ ეს ინგლისურში გავარჯიშების კარგი საშუალება იქნებოდა. თანაც, უბრალოდ ისეთი შორეული ქვეყნის მაცხოვრებლები შემიძლია გავიცნო, სადაც მე თვითონ შეიძლება ვერც კი მოვხვდე,”- ამბობს აისელი.

გარდა ამისა, ბაქოელი ქაუჩსერფერები წვეულებებსაც მართავენ. ადრე ასეთი ღონისძიებები ყოველ კვირას ეწყობოდა, ბოლო დროს უფრო – იშვიათად.

“ბევრი საინტერესო რამ ხდება, როდესაც მრავალი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდები ერთად იკრიბებიან, – ამბობს აისელი, – მაგალითად, ერთხელ ქაუჩსერფერების შეხვედრაზე იტალიელების ჯგუფი გავიცანი. დავმეგობრდით და თითქმის მთელი ზაფხული თავისუფალ დროს ერთად ვატარებდით – ზღვაზე დავდიოდით, ერთმანეთს ვსტუმრობდით და თემატურ წვეულებებს ვატარებდით. ვიღაც პიცაზე გვეპატიჟებოდა, ზოგი გამგზავრების წინ გამოსამშვიდობებელ წვეულებას მართავდა. ზოგიერთი ბაქოში სტაჟირებაზე იყო ჩამოსული და აქ თვეობით ცხოვრობდა, სხვები კი ტურისტებად, სულ ერთი კვირით იყვნენ ჩამოსულები და მხოლოდ ქაუჩსერფინგის წყალობით ვპოულობდით ერთმანეთს, და ერთგვარი დამაკავშირებელი ქსელი გვქონდა.”

ქაუჩსერფერს უწევს, დაივიწყოს უცხოელების შესახებ შექმნილი სტერეოტიპული წარმოდგენები და ხშირად გაოცდეს კიდეც. “მახსოვს, ერთი ჰოლანდიელი გავიცანი, რომელსაც ორმოცი ქვეყანა ჰქონდა მოვლილი, მაგრამ როდესაც საყვარელ მუსიკაზე ჩამოვუგდე სიტყვა, ДДТ და “Ленинград” [რუსული საკულტო როკჯგუფები – რედ.] დაასახელა,” – თქვა აისელმა.

ჩვენზე შექმნილი მითებიც იმსხვრევა. “თითქმის ყველა ჩამოსული აღნიშნავდა, რომ ჩვენი ქვეყნის “გაპიარებული” იმიჯი რეალურ სურათს არ შეესაბამება. უკვირდათ, რომ მოსახლეობის ზოგიერთ ფენას ძალიან უჭირს იმ პირობებში, როდესაც რესურსებიც გვაქვს, და საშუალებებიც. მაგრამ ყველას მოსწონდა ჩვენი სამზარეულო და ხილის სიუხვე.  მოსწონდათ ისიც, რომ ქალაქებს შორის მანძილი არც ისე დიდია და ის, რომ უქმეებზე შესაძლებელია ბუნებაში, ან მეზობელ ქალაქში ისე წახვიდე, რომ არც ბევრი დრო დახარჯო, და არც ფული.”

3

“მიყვარს სტუმრები და ახალი ნაცნობობის გაბმა. მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, – ამბობს ალექსანდრა. საკმაოდ დიდი ბინა მაქვს – 4 საძინებლით. მართალია, ყველა ოთახს ჩემი ოჯახის წევრები იკავებენ, მაგრამ ერთ სტუმარს ჩემს ოთახში ეძინა. დროდადრო კი რომელიმე ოთახი ცარიელდებოდა, და მას ღამის გასათენებელი ადგილის გარეშე დარჩენილი რომელიმე ჩემი ნაცნობი იკავებდა. მიჩვეული ვარ ასეთ ცხოვრებას.”

ქაუჩსერფინგი ყოველთვის საინტერესოა. “ერთი სტუმარი დამამახსოვრდა – პეტერბურგელი ბიჭი. განსაკუთრებული უნდობლობით გამოირჩეოდა. მაგალითად, არასდროს ტოვებდა პირად ნივთებს კაფეს მაგიდაზე. ეშინოდა, რომ მოიპარავდნენ. შეიძლება, მე ყოველთვის მიმართლებდა, მაგრამ მგონია, რომ ჩვენთან კაფეს მაგიდიდან ნივთებს არ იპარავენ.

ტუალეტში ზურგჩანთით შევიდა. მე გამეცინა, მაგიდაზე ტელეფონი დავტოვე და მეც გავედი. როდესაც მაგიდასთან დაბრუნდით, ტელეფონზე მივუთითე, რომელიც იმავე ადგილას იდო.

პეტერბურგელს ყველაზე მეტად მანქანით მოძრაობის აქაური მანერა არ მოეწონა. სხვა მხრივ კი, ყველაფრით აღფრთოვენებული იყო  – რაღაც წვრილმანების ფასებითა და ხარისხით – მაგალითად, მიწისქვეშა გადასასვლელში ნაყიდი მაისურით და თასმებით, იმავე გადასასვლელშ ნაყიდი ჩუსტებითა და ზედმეტი ბარგის ჩასადები იაფფასიანი სპორტული ჩანთით.

რა თქმა უნდა, გასტრონომიული ტურიც გვქონდა. მართალია, რასაც  ვგეგმავდი, ყველაფერი ვერ გავასინჯე, მაგრამ რაც მოვასწარი, ალბათ დღემდე ესიზმრება. განსაკუთრებით მოეწონა რძის პროდუქტები და ტკბილეული – შექერბურა და ფახლავა. და აღფრთოვანებული იყო კავშირგაბმულობის, ინტერნეტისა და ტრანსპორტის სიიაფით.

კიდევ ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის, როდესაც შელალეს პარკში სეირნობისას გვერდით ჩავუარეთ ბიჭების ჯგუფს, რომლებიც რაღაცას ხმამაღლა განიხილავდნენ, და უცბად ჩემი სტუმარი იმ მხრიდან ამომიდგა გვერდში, საითაც ეს ბიჭები იდგნენ. სულ მეგონა, რომ ასეთი ყურადღებიანობა ნებისმიერი წარმოშობის ცივ უცხოელებს ნაკლებად ახასიათებდათ.” 

ურთიერთობის განსხვავებული კულტურა, შესაძლოა, ქაუჩსერფერისთვის ძალიან დამძაბველი აღმოჩნდეს: “წარმოუდგენლად მრცხვენოდა ყოველი შეხვედრისა და დამშვიდობებისას ერთმანეთს რომ ვეხვეოდით. მტკიცედ მწამდა, რომ ყველა ჩვენ გვიყურებდა, – ამბობს ალექსანდრა, – მისთვის ეს მეგობართან შეხვედრით გამოწვეული სიხარულის ჩვეულებრივი გამოხატულება იყო, ჩემთვის კი, ღმერთო,რა უხერხული იყო!” 

4

ძირითადი მოტივი მოგზაურობისას ხარჯების მინიმიზაცია იყო. ამავე დროს, მურადმა თავადაც დაიწყო სტუმრების მიღება.

“ჩემი პირველი სტუმრები იყვნენ ორი გერმანელი და ავსტრიელი ქალი. სამივე  ველოსიპედით იყო. ბულვარში შევხვდით ერთმანეთს. როგორღაც სახლში უნდა მიმეყვანა. ამიტომ, ჩემს ძმას ვთხოვე, მანქანით მივეყვანე სახლამდე, სტუმრები კი საკუთარი სატრანსპორტო საშუალებებით მოგვდევდნენ. საინტერესო სანახავი იყო მძღოლების, პოლიციელებისა და უბრალო გამვლელების სახეები. ეზოშიც მაშინვე მეზობლის ბავშვების ყურადღების ცენტრში მოექცნენ.”

მურადის თქმით, აზერბაიჯანში ჩამოსული ტურისტები ქვეყნის დადებით მხარეებად მიიჩნევდნენ ზღვას, ხილს, ხალხს და მუსიკას; უარყოფით მხარეებად კი – ფასებს, პოლიციელებს, საგზაო მოძრაობის წესებს და ჩაცმის მკაცრ სტილს.

5

ექვსი წლის განმავლობაში ჯამილმა ასამდე ქაუჩსერფერს უმასპინძლა. ხშირად ტურისტები იმ ადგილებს სტუმრობენ, სადაც ადგილობრივები არასდროს დადიან. “საინტერესო იყო განსხვავებულ ადამიანებთან შეხვედრა, მათთვის ჩემი მშობლიური ქალაქის ჩვენება და ჩემი ქალაქის თავიდან აღმოჩენა.ქაუჩსერფერ მეგობრებთან ერთად პირველად მოვხვდი ტალახის ვულკანებზე ლაჰიჩში და ხინალიგში”. ამერიკელი ჟურნალისტისგან შეიტყო ტანკების სასაფლაოსა და ლენინის ბიუსტის შესახებ, რომლებიც სოფელ სანგაჩალის მახლობლადაა. “ინგლისიდან და ავსტრალიიდან ჩამოსული მოგზაურებიც გვახლდნენ. მათ გარდა, ჩვენთან ერთად ერთი ლიტველი გოგონაც იყო, – თქვა ჯამილმა, – მანქანა შორიახლოს, ავტოგასამართ სადგურზე დავტოვეთ. ღობეზე ხვრელი იყო და სწორედ იქიდან შევაღწიეთ რაღაც საწარმოო ზონაში. ამის შემდეგ ამერიკელმა დარაჯებს დამტვრეული რუსულით უთხრა, რომ ლენინის თავს ვეძებდით. ლენინი ვერ ვნახეთ – საწყობში იყო წაღებული. მაგრამ იქ იყო. ტანკების სასაფლაო კი მაინც ვიპოვეთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლებოდა ძაღლებს დავეკბინეთ.”

 სტუმრებს ხიბლავდათ ადამიანების კომუნიკაბელურობა, ემოციურობა და სტუმართმოყვარეობა მოსწონდათ. ასევე ახალი ხილ-ბოსტნეული, რომელიც პირდაპირ ქუჩაში, სახლიდან ორ ნაბიჯში იყიდება.

არ მოსწონდათ ის, რომ ვიზის აღება ძალიან ძნელია, და იაფიანი ჰოსტელები არ არსებობს. არც ის მოსწონდათ, ქუჩაში ადგილობრივები რომ მიაშტერდებოდნენ ხოლმე. “ერთხელ ჩემი ქაუჩსერფერი ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროში წაიყვანეს იმისთვის, რომ აღნიშნული უწყების შენობას გვერდით ჩაუარა და ფოტო გადაუღო. ყველაფერი ისე უამბო, როგორც იყო. და ჩემი ტელეფონის ნომერიც დაუტოვა.”

გამოქვეყნდა 09.07.2016

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ