ლუგარის ცენტრზე კრემლი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს - ამბობენ ექსპერტები" />

17 ქვეყნის ექსპერტმა თბილისში ლუგარის ლაბორატორია დაათვალიერა. რა წერია მათ დასკვნაში

ლუგარის ცენტრზე კრემლი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს - ამბობენ ექსპერტები

ფოტო: რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის ვებ-გვერდი

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითმა ცენტრმა თბილისში 17 ქვეყნის სპეციალისტს უმასპინძლა. ამ ტურნეს მიზანი ერთადერთი იყო – მკვლევარებს საკუთარი თვალით უნდა ენახათ რა ხდება ლაბორატორიაში, რომელსაც რუსეთი ბიოლოგიური იარაღის დამზადებაში ადანაშაულებს.

ღონისძიებაში მსოფლიოს 17 ქვეყნიდან 23 დელეგატი მონაწილეობდა. კერძოდ, ლუგარის ლაბორატორია დაათვალიერეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრების ექსპერტებმა და ხელმძღვანელებმა შემდეგი ქვეყნებიდან: ავსტრია, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ერაყი, უნგრეთი, იტალია, კამერუნი, კოლუმბია, მალაიზია, მალი, მიანმარი, მონტენეგრო, ყაზახეთი, ჩილე, უგანდა.

შემოწმება ბაქტერიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის მარაგების შექმნის, წარმოებისა და მომარაგების აკრძალვის კონვენციის (BWC) ფარგლებში ჩატარდა. ამ კონვენციას საქართველო 1996 წლის 22 მაისს შეუერთდა. როგორც კონვენციის წევრი სახელმწიფო, საქართველო ანგარიშვალდებულია წარადგინოს სრული ინფორმაცია ბიოლოგიური მიმართულებით ქვეყნის შესაძლებლობებსა და საქმიანობის შესახებ.

როგორც ექსპერტების დასკვნაშია ნათქვამი, მათ წვდომა ჰქონდათ ლაბორატორიის ყველა კვლევით სივრცესა და ოთახში. მათ ერთხმად დაასკვნეს, რომ ლაბორატორია გამჭვირვალედ მუშაობს და აქ სამუშაოები მხოლოდ დაავადებათა პრევენციისთვის მიმდინარეობს.

“ობიექტი მნიშვნელოვანი გამჭვირვალობით მუშაობს. ექსპერტების ჯგუფმა ვერ გამოავლინა ვერაფერი, რაც არ შეესაბამება დაწესებულის მიერ გაცხადებულ პროფილაქტიკურ, სამეცნიერო და სამშვიდობო მიზნებს,” – ნათქვამია დასკვნაში. 

სკანდალური ლაბორატორია

ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ მორიგი აჟიოტაჟი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის მიერ მოსკოვში, 2018 წლის 11 სექტემბერს გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას მოჰყვა.

გიორგაძემ განაცხადა, რომ ეს ცენტრი საიდუმლო ლაბორატორიას წარმოადგენს, სადაც ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ.

• რა არის ლუგარის ლაბორატორია და რატომ ებრძვის მას კრემლი

• ლუგარის ლაბორატორია კვლავ რუსი ჩინოვნიკების სამიზნე გახდა

გიორგაძის ბრალდებები პირველი არ ყოფილა. უკვე მერამდენე წელია, რუსული მედიის მთავარ საფრთხობელად იქცა ამბავი იმის შესახებ, რომ თითქოს და ამერიკელი სამხედროები რუსეთის უშუალო საზღვართან – საქართველოში ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენებენ.

ამერიკისა და საქართველოს მთავრობებმა არაერთხელ გააკეთეს განცხადება, რომ საქართველოში არსებული ლაბორატორიის მთავარი მისია დაავადებათა ეპიდემიის გამოვლენა და მათი შეჩერებაა.

კვლევითი ცენტრი თბილისის აეროპორტთან ახლოს, ალექსეევკაში 2011 წელს გაიხსნა. ის უმაღლესი სტანდარტებითაა მოწყობილი და ბიოუსაფრთხოების მესამე დონე აქვს მინიჭებული, რაც ნიშნავს, რომ აქ მუშაობენ ყველა სახის მიკრობთან, რამდენიმე ყველაზე საშიში პათოგენის – მაგალითად, ციმბირის წყლულის და შავი ჭირის გარდა.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი თბილისის გარეუბანში, ალექსეევკაში აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა და 2013 წლიდან სრული დატვირთვით მუშაობა დაიწყო. თავდაპირველად ის იყო თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, შემდეგ – შსს-ს, ხოლო ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება.

BBC-ის გამოძიება

ლუგარის ლაბორატორიას ვრცელი გამოძიება მიუძღვნა „ბი-ბი-სის“ -მ.

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის მიერ მომზადებულ 11-წუთიან საგამოძიებო ფილმში ნათქვამია, რომ  რუსეთის ხელისუფლება და რუსული მედია ცრუ ინფორმაციას ავრცელებს ამ ლაბორატორიის შესახებ და ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

ჟურნალისტი სტივ როზენბერგი იმყოფებოდა ლუგარის ლაბორატორიაში, ჩაწერა ინტერვიუები როგორც თბილისში, ისე მოსკოვში, მათ შორის იგორ გიორგაძესთან.გიორგაძემ ვერ წარუდგინა ბიბისის მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი საბუთები.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა მისი სიტყვები უბრალოდ დეზინფორმაცია, იგორ გიორგაძემ უპასუხა, რომ „არ იცის“.


ასევე წაიკითხეთ