ბიუჯეტში შემოსული ფულით სომხეთში სამხედრო მოსამსახურეების ხელფასების ზრდა იგეგმება" />

ჩრდილოვან ეკონომიკასთან ბრძოლის პირველი შედეგები სომხეთში

ბიუჯეტში შემოსული ფულით სომხეთში სამხედრო მოსამსახურეების ხელფასების ზრდა იგეგმება

2019 წლის პირველ სამ თვეში, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, გადასახადების მოკრება 57 მილიარდი დრამით ($117 მილიონი) გაიზარდა; და თან ეს მაჩვენებელი მანამდე დაგეგმილზე 4 პროცენტით მეტია.

სომხეთში ქმნიან მთავრობასთან არსებულ სამუშაო ჯგუფს, რომელიც ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბებს შეაფასებს

სომხეთის ათი მაცხოვრებლიდან სამი ღარიბია

რის ხარჯზე

2019 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში კომიტეტმა 296 მილიარდი დრამის ($ 610 მილიონი) ოდენობის გადასახადის  მოკრება მოახერხა. ეს 11 მილიარდ 400 მილიონი დრამით (თითქმის $24 მილიონი) მეტია, ვიდრე სამთავრობო პროგრამის მიხედვით იყო დაგეგმილი.

მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში კომიტეტი 1 ტრილიონ 401 მილიარდი დრამის ($ 2 მილიარდზე მეტი) ოდენობის გადასახადის მოკრებას გეგმავს.

სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ხელმძღვანელი დავიდ ანანიანი მიიჩნევს, რომ ასეთი შედეგის მიღწევა არა – ეკონომიკის ზრდის, არამედ ჩრდილოვანებასთან ეფექტური ბრძოლის წყალობით გახდა შესაძლებელი:

 „ამ წლის გეგმა მთლიანობაში ჩრდილოვან ეკონომიკასთან ბრძოლის ხარჯზე შესრულდება და გადაჭარბებითაც შესრულდება. თუკი ამაში ეკონომიკური ზრდაც დაგვეხმარება, ძალიან მოხარულები ვიქნებით. მომდევნო წლებში იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკური ზრდის ფაქტორი დომინანტური იქნება“.

ამავდროულად მთავრობაში დარწმუნებულები არიან, რომ ახლანდელი წარმატება იმას არ ნიშნავს, რომ ჩრდილოვან ეკონომიკასთან ბრძოლა დასრულებულია. სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი საგადასახადო სივრცის მიღმა არსებული ეკონომიკის მოცულობის შეფასებას აგრძელებს. ამისთვის სპეციალური კვლევაც კი დაუკვეთეს, რომელსაც უცხოელი კოლეგები ჩაატარებენ.

წინასწარი შეფასებით, სომხეთში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 30 პროცენტს აღწევს. განვითარებად ქვეყნებში მოცემული მაჩვენებელი 20 პროცენტის ფარგლებშია, განვითარებულ ქვეყნებში – 10-15 პროცენტის.

მეტი ქვითარი – მეტი ფული ბიუჯეტში

სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი ქვეყნის მაცხოვრებლებს მუდმივად მოუწოდებს, რომ საქონლის შეძენის დროს საკონტროლო-სალარო აპარატების ქვითრები მოითხოვონ. ადამიანებს უხსნიან, რომ ამით სახელმწიფო ბიზნესის ჩრდილიდან გამოყვანას და ბიუჯეტის შევსებას შეძლებს.

მოსახლეობას ქვითრების მოთხოვნის მოწოდებით თავად პრემიერ-მინისტრმაც კი მიმართა. და მარტის ბოლოს ნიკოლ ფაშინიანი უკვე შედეგებზე ლაპარაკობდა. წლის დასაწყისიდან, სამ თვეში 20 მილიონი ქვითრით მეტი გაიცა, ვიდრე 2018 წლის იმავე პერიოდში. მხოლოდ მარტში ამობეჭდილი ქვითრების რაოდენობა 34 პროცენტით გაიზარდა.

პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 40 მილიარდი დრამის (დაახლოებით $90  მილიონი) გადაჭარბებით შესრულდება. და სომხეთის პრემიერმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა:

 „მინდა ბოლო 9 წლის განმავლობაში ეს უპრეცედენტო მოვლენა აღვნიშნო. 2019 წლის 1 ივლისიდან ვაპირებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასი 10%-ით გავუზარდოთ, 2019 წლის სექტემბრიდან კი ამდენივეთი გავზარდოთ სომხეთის საერთო საგანმანათლებლო სკოლებში მომუშავე მასწავლებლების ხელფასიც.

საუბარია დაახლოებით 38 ათას მასწავლებელზე. გარდა ამისა, წელს დაახლოებით გზების 303 კილომეტრზე  სარემონტო სამუშაოების ჩატარებას ვგეგმავთ, რაც ბოლო ცხრა წლის განმავლობაში  ასევე უპრეცედენტო მოვლენაა“.


ასევე წაიკითხეთ