სარგსიანის ხელისუფლების საწინააღმდეგო მოძრაობის მომხრეები გამარჯვებას ზეიმობენ" />

სომხეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა

სარგსიანის ხელისუფლების საწინააღმდეგო მოძრაობის მომხრეები გამარჯვებას ზეიმობენ

19:30

მრავალათასიანმა და მრავალდღიანმა საპროტესტო აქციამ თავის მიზანს მიაღწია – პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანის გადადგომას. დედაქალაქსა და ყველა ოლქში მოძრაობის მომხრეები გამარჯვებას ზეიმობენ. ერევანში რესპუბლიკის მოედანზე მორიგი მიტინგი დაიწყო.

მოხდა ხავერდოვანი რევოლუცია. რა უნდა მოჰყვეს ამას?

სერჟ სარგსიანის გადადგომის შემდეგ მოვიდა ცნობა, რომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სომხეთის ვიცე-პრემიერი კარენ კარაპეტიანი გახდა.

სომხეთის კონსტიტუცია მოითხოვს, რომ სახელმწიფოს მეთაურის გადადგომის შემდეგ სომხეთის საპარლამენტო ფრაქციებმა ქვეყნის მეთაურის თანამდებობაზე თავიანთი კანდიდატები შვიდი დღის ვადაში წარადგინონ. პრემიერი პარლამენტის დეპუტატების ხმათა უმრავლესობით აირჩევა.

ჯერჯერობით მთავრობის წევრები ახალი მთავრობის არჩევამდე თავიანთი მოვალეობის შესრულებას აგრძელებენ.

სოციალურ ქსელებში ადამიანები წერენ:

იცით, ახლა რას ვერ იყიდი ერევნის მაღაზიებში? სომხეთის დროშას.

სომხეთი ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა. გული სიხარულით და სიამაყით მევსება!

ძვირფასო ადამიანებო! სომხეთში ხავერდოვანი რევოლუცია მოხდა! და ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით.

სუპერმარკეტებში შამპანურის მარაგი თავდება!

სერჟს რომ სცოდნოდა, ადამიანებს ასე გაუხარდებოდათ, უფრო ადრე გადადგებოდა.

საპროტესტო აქციების მეთერთმეტე დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი გადადგა.

“ნიკოლა პაშინიანი მართალი იყო, მე ვცდებოდი. შექმნილი მდგომარეობიდან რამდენიმე გამოსავალი არსებობს, მე არც ერთ მათგანზე არ წავალ. ეს ჩემი არ არის. მე ვტოვებ ქვეყნის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის პოსტს” – განაცხადა სარგსიანმა.

ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლა პაშინიანმა განაცხადა, რომ 17. 30 წუთზე “გამარჯვების მიტინგი” დაიწყება.

სომხეთში თერთმეტი დღის განმავლობაში ქუჩაში აპროტესტებდნენ ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევას.

 

ინფორმაცია განახლდება

_______________________

რა ხდებოდა დღის განმავლობაში. მე-11 დღის ქრონიკა

ერევნის მთავარი ქუჩები გადაკეტილია. სხვადასხვა მონაცემებით, ქუჩაში 100-150 ათასი ადამიანია.

გუშინ დაკავებული ოპოზიციის ლიდერი ნიკოლა პაშინიანი უკვე გათავისუფლებულია, ის მომიტინგეებს შეუერთდა.

ოპოზიციის ლიდერი ნიკოლა პაშინიანი. ფოტო: REUTERS/Vahram Baghdasaryan

მომიტინგეებს 200-მდე სამხედრო მოსამსახურეც შეუერთდა. თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობო ბრიგადის სამხედროები მიტინგზე სამხედრო ფორმაში გამოჩდნენ. მათ გამოჩენას ოვაციებით შეხვდა.

თავდაცვის სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება, რომ ეს სამხედროები დაისჯებიან, რადგან მათ თვითნებურად დატოვეს სამუშაო ადგილი და ასევე მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკურ პროცესებში, რაც სამხედრო წესდების მიხედვით აკრძალულია.

სომხეთი, ერევანი, 23 აპრილი, 2018 წელი. ფოტო: REUTERS/Vahram Baghdasaryan

გუშინ დაკავებული ოპოზიციის ლიდერი ნიკოლა ფაშინიანი და კიდევ ორი დეპუტატი ოპოზიციური პარტია “ელკიდან”  დღეს გაათავისუფლეს. მანამდე მათ პირველი ვიცე-პრემიერი კარენ კარაპეტიანი შეხვდა.

კარაპეტიანმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ მან პირადად თხოვა სომხეთის პროკურორს, შეაჩეროს პაშინიანისთვის და კიდევ ორი დეპუტატისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის პროცედურა.

“ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ ხვალ, საერთოეროვნული გლოვის დღეს”, – განაცხადა კარაპეტიანმა.

ხვალ, 24 აპრილს სომხეთში ოსმალეთის იმპერიაში  მომხდარი სომეხთა გენოციდის მსხვერპლებს იხსენებენ. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება. ბევრი ფიქრობს, რომ ხვალინდელი დღე გადამწყვეტი იქნება.

მსვლელობაში ორგანიზებულად მონაწილეობენ სტუდენტები.

სომხეთი, ერევანი, 23 აპრილი, 2018 წელი. ფოტო: REUTERS/Vahram Baghdasaryan

 

საპროტესტო ტალღა მოედო რეგიონებსაც. ქალაქ ვანაძორში სამკერვალო ფაბრიკის “გლორიას” მუშები გაიფიცნენ.

ხალხს სპეციალური განცხადებით მიმართა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა. მან თქვა, რომ შეშფოთებულია მიმდინარე პროცესებით.

თავდაცვის მინისტრმა ვიგენ სარგსიანმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების საჭიროება არ დადგება.

 

სომხეთი, ერევანი, 23 აპრილი, 2018 წელი. ფოტო: JAMnews

 


ასევე წაიკითხეთ