გიორგი ქობულიამ საზოგადოებას თავი სადავო რეფორმებით, უცნაური გამონათქვამებით და ხშირი შვებულებებით დაამახსოვრა " />

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრი გადააყენა

გიორგი ქობულიამ საზოგადოებას თავი სადავო რეფორმებით, უცნაური გამონათქვამებით და ხშირი შვებულებებით დაამახსოვრა

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია გადააყენა. ქობულიას ამ პოსტზე ერთი წელიც არ უმუშავია – იგი 2018 წლის ივლისში დაინიშნა.

გადაწყვეტილების შესახებ 18 აპრილს საღამოს ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კახი კახიშვილმა აცნობა, თუმცა მას მიზეზები არ განუმარტავს. ინფორმაცია მინისტრის მოსალოდნელი გადაყენების შესახებ ქართულ მედიაში მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა.

რამდენიმე დღის წინ მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის რამდენიმე წევრის მუშაობით უკმაყოფილოა.

• რამ გამოიწვია ლარის გაუფასურება და რა იქნება შემოდგომაზე?

• ტყიბული – სიკვდილს შეგუებული ქალაქი

“პოპულარული” მინისტრი

გიორგი ქობულიას სახელს უკავშირდება ბოლო დროის ორი სადაო რეფორმა, რომელმაც მოქალაქეთა ნაწილის უკმაყოფილება და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მწვავე დებატები გამოიწვია.

პირველი მათგანი საპენსიო რეფორმაა, რომელიც 40 წლამდე ადამიანებისთვის სავალდებულო საპენსიო შენატანების დაქვითვას ითვალისწინებს. მეორე – საბანკო კრედიტების გაცემაზე შეზღუდვების დაწესება, რის გამოც ბევრი მოქალაქისთვის კრედიტის აღება შეუძლებელი გახდა, ხოლო არაერთ ბიზნესს, რომლის საქმიანობა იპოთეკასთან ან განვადებით ვაჭრობასთან იყო დაკავშირებული, სერიოზული პრობლემები გაუჩნდა.

ცნობილი იყო მინისტრი ასევე თავისი გამონათქვამებით, რომლებმაც პოლიტიკოსებში და საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვა. გთავაზობთ მის რამდენიმე ცნობილ ციტატას:

შემოსავლები იზრდება, ჩვენ ყოველ წელს და ყოველ თვე უკეთესად და უკეთესად ვცხოვრობთ“

“ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს მიიღებს იმისთვის, რომ მაცივარი ან ტელევიზორი იყიდოს და ამის მერე შავ სიაში მოხვდეს”

 “ჩვენ რომ ძალიან დიდი რაოდენობის პირდაპირ ინვესტიციებს ვაგროვებთ, რაღაც მომენტში  უცხოელები დივიდენდების გატანას იწყებენ , ეს უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე”

“ლარის მერყეობა გვაძლევს საშუალებას შევქმნათ უსაფრთხოების ბალიში ჩვენი ეკონომიკისთვის” (ლარის მორიგი გაუფასურების კომენტირებისას)

მედიას მან თავი ასევე დაამახსოვრა ხშირი და ხანგრძლივი შვებულებებით მოსკოვში (მთავრობაში დანიშვნამდე იგი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ს მოსკოვის ოფისში უფროსი პარტნიორი იყო) პირველი შვებულება მან მინისტრად დანიშვნიდან მეხუთე დღეს აიღო (მაგალითად, იგი არ დაესწრო გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თბილისში ვიზიტს შვებულების გამო).

რამდენიმე კვირის წინ მისი ფეშენებელური სახლი დაბა წყნეთში გაძარცვეს, რაზეც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ “პირადი ცხოვრების შესახებ” კომენტარს არ გააკეთებს.

შეფასებები

როგოც ოპოზიცია, ასევე მმართველი პარტიის წვრები მინისტრის გადაყენებას სწორედ მის გამონათქვამებს უკავშირებენ.

„ბატონი ქობულიას მთავარი შეცდომა იყო ის, რომ მას უნდა სცოდნოდა, სად მოდიოდა… ამ მთავრობის პირობებში, სადაც ეკონომიკის პოლიტიკას ქმნის ერთი ადამიანი და არა სამინისტროები, რეალურად, ის იყო განწირული და კრახით დამთავრდებოდა მისი საქმიანობა, მან ძალიან ბევრი არასერიოზული განცხადებაც გააკეთა,“ – განაცხადა ტელეკომპანია “რუსთავი-2”-თან საუბრისას დეპუტატმა ოპოზიციური “ნაციონალური მოძრაობიდან” რომან გოცირიძემ.

მისი აზრით, გადაწყვეტულება მისი გადაყენების შესახებ რეალურად არა პრემიერმა, არამედ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ კი აღნიშნა, რომ ქობულიამ, რომელიც მინისტრის პოსტი სხვა ქვეყანაში დიდი ხნის მუშაობის შემდეგ დაიკავა, საქართველოში არსებულ რეალობას ანგარიშს ბოლომდე ვერ უწევდა.

“მოუწია ისეთი განმარტების გაკეთება, რომელსაც მე კი მივხვდი, რას გულისხმობდა, მაგრამ საზოგადოებას ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალება მიეცა. ასეთ რაღაცეებს სიფრთხილე სჭირდება, განსაკუთრებით ეკონომიკასთან მიმართებაში”.

ამავე დროს, მისი თქმით, “ის საკმაოდ განათლებული ადამიანია, ეკონომიკის ცოდნაც საკმაოდ აქვს”.

ქობულიას გადაყენების შემდეგ მინისტრის პოსტს მისი მოადგილე ნათია თურნავა დაიკავებს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ