სტატისტიკა: თურქული ლირის ყოველი 10 პროცენტიანი გაუფასურება, ავტომატურად ლარის 1.2 პროცენტიან გაუფასურებას იწვევს" />

რამ გამოიწვია ლარის გაუფასურება და რა იქნება შემოდგომაზე?

სტატისტიკა: თურქული ლირის ყოველი 10 პროცენტიანი გაუფასურება, ავტომატურად ლარის 1.2 პროცენტიან გაუფასურებას იწვევს

REUTERS/დავით მძინარიშვილი

წინა კვირას დოლართან მიმართებაში ლარი 6,5 თეთრით გაუფასურდა, რაც 2017 წლის შემდეგ ლარის ყველაზე დიდი გაუფასურებაა.

შემდეგ დღეებში ეროვნული ვალუტის კურსმა გამყარება დაიწყო, თუმცა როგორც ეკონომისტები ამბობენ, მისი მდგომარეობა კვლავ მყიფეა, რადგან ის გარე და შიდა ფაქტორები, რამაც ლარზე ზემოქმედება მოახდინა, ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. 

______________

ლირის და რუბლის დაცემით გამოწვეული პანიკა

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ექსპერტებიც და მთავრობაც თანხმდებიან, რომ ამჯერად ლარის კურსზე მთავარი გავლენა გარე ფაქტორებმა მოახდინა, კერძოდ კი, თურქული ლირის და რუსული რუბლის მკვეთრმა გაუფასურებამ.

ორივე ეს ქვეყანა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია [მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში რუსეთი მე-3 ადგილს (12.9%) ხოლო თურქეთი მე-4 ადგილს (9.2%) იკავებს. ხოლო, ანალოგიური პერიოდის იმპორტის მაჩვენებლის მიხედვით, თურქეთი საქართველოს მთავარი პარტნიორია – 16%-იანი მაჩვენებლით, რომელსაც რუსეთი – 10%-იანი შედეგით მოსდევს] . შესაბამისად იქ არსებული ეკონომიკური არასტაბილურობა, ნეგატიურ ზეგავლენას  პირველ რიგში  მოლოდინებზე ახდენს.

წლის დასაწყისიდან, თურქული ლირა დოლართან მიმართებით 40%-ით არის გაუფასურებული, რაც ამერიკასთან დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობითაა გამოწვეული. აშშ ახალი სანქციების დაწესებით კვლავ დაემუქრა თურქეთს, თუკი ამერიკელი პასტორი, ენდრიუ ბრანსონი, რომელიც ერდოღანის წინააღმდეგ განხორციელებული პუტჩის მხარდაჭერისთვის არის დაკავებული, დროულად არ გათავისუფლდება. სამწუხაროდ, პოზიტიური სიგნალი არცერთი მხარისგან არ ჩანს.

“ინვესტორები, ვალუტით მოვაჭრეები და სხვა ტიპის ეკონომიკური აგენტები, მოკლევადიანი თვალსაზრისით უყურებენ მეზობელი ქვეყნების კრიზისს. როდესაც მეზობელ ქვეყნებში კრიზისია, მათ მოლოდინი აქვთ, რომ ლარიც გაუფასურდება, რაც საბოლოო ჯამში მართლაც იწვევს ჩვენი ვალუტის გაუფასურებას,” – ამბობს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი.

“პირველი პანიკა ჩაცხრა და ლარმა დასტაბილურება დაიწყო. თუ დასტაბილურების პროცესი არ გაგრძელდა, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლარის გაუფასურებაში ადგილი სხვა მიზეზებსაც ჰქონდა. თუმცა, ჯერჯერობით ვიდრე სხვა სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, სხვა დასკვნას ვერ გავაკეთებთ,” – დასძენს ის.

მთავრობის რეაქცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლარის დასასტაბილურებლად, მთავარ მიზნად გარე ფაქტორებზე დამოკიდებულების შემცირება დაასახელა.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ერთის მხრივ ვიყოთ ყველაზე ეფექტურად ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში და მეორეს მხრივ, გარე ფაქტორების მიმართ მოწყვლადობა აუცილებლად უნდა შევამციროთ. ეს ორი ამოცანაა არაა ადვილი, მაგრამ არის ურთიეთთავსებადი. რაც მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში (ლარის გამყარება), ამის ძალიან კარგი მაგალითია,” – განაცხადა ბახტაძემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რა გზით აპირებს ქართული ეკონომიკა ამ ამოცანის შესრულებას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საერთოდაც პოზიტიურ მოვლენად მიიჩნევს ლარის მერყეობას და ამას ასე ხსნის:

 „ლარის მერყეობა გვაძლევს საშუალებას შევქმნათ უსაფრთხოების ბალიში ჩვენი ეკონომიკისთვის… ეს მერყეობა ჩვენ გვიცავს… მაგალითად, თუ ლირა გაუფასურდა და ჩვენი ლარი არის მყარი, მაშინ ჩვენ დავიწყებთ თურქული საქონლის ყიდვას ძალიან დიდი რაოდენობით. ეს კი არ გვაწყობს, რადგან ჩვენი საკუთარი საქონლის წარმოება გაძვირდება და ვეღარ ვაწარმოებთ, და ჩვენ ხომ ეს არ გვინდა?!“

გიორგი ქობულიას ამ განცხადებას ექსპერტების ნაწილი პასუხისმგებლობის თავიდან  აცილებას და რეალობის არასწორად შეფასებას უწოდებს.

ეკონომისტი აკაკი ცომაია ფიქრობს, რომ ლარის გაუფასურებაში გარე ფაქტორებთან ერთად ძალიან დიდ როლს ასრულებს მთავრობის არაკომპეტენტურობაც. მისი თქმით, მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიმართ არსებობს ტოტალური უნდობლობა, რაც ნეგატიურ მოლოდინებსა და უიმედობას განაპირობებს.

„საქართველოს ეროვნული ბანკი დუმს და თუ შემთხვევით რაიმე წამოსცდება, ისეთ ენაზე საუბრობს, რომ მხოლოდ იმათ ესმით, ვინც ისედაც ხვდება, რა ხდება. ხალხს არავინ არაფერს უხსნის და არის პანიკა,” – ამბობს აკაკი ცომაია.

პროგნოზები

კონკრეტული პროგნოზის გაკეთებისგან ექსპერტები ჯერჯერობით თავს იკავებენ, თუმცა თურქეთსა და რუსეთში მიმდინარე კრიზისის ერთ-ერთ პრობლემურ განვითარებად ფასების ზრდას მიიჩნევენ. Business Media Georgia-თან საუბარში, ფინანსისტმა ირაკლი ერაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულმა რყევებმა შესაძლოა სხვადასხვა პროდუქციის ფასების ზრდა გამოიწვიოს

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყანა დიდწილადაა იმპორტზე დამოკიდებული, საშუალოვადიან პერიოდში ეროვნული ვალუტის რყევები აუცილებლად გამოიწვევს ინფლაციურ პროცესებს და ასეთ შემთხვევაში, უკვე მთავრობას და ეროვნულ ბანკს  უფრო მეტად გაუჭირდებათ ინფლაციის დაჭერა“ – აცხადებს ირაკლი ერაძე.

ფასების ზრდა სხვადასხვა სექტორში უკვე დაწყებულია. საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას განცხადებით (წყარო:Business Media Georgia), უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, ერთი ტომარა ფქვილის ფასი 35 ლარიდან 42 ლარამდე არის გაზრდილი, რისი ძირითადი მიზეზიც რუბლის გაუფასურებაა.

არასაიმედო პროგნოზს აკეთებს საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი. ამ პროგნოზის მიხედვით, თურქეთში ეკონომიკური კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლებელია, რომ წლის ბოლოს ლარი 2.70-ის ფარგლებში მერყეობდეს.

გასული 6 თვის პერიოდის გაანალიზებით დადგინდა, რომ დოლართან მიმართებით თურქული ლირის ყოველი 10 პროცენტიანი გაუფასურება, ავტომატურად ლარის 1.2 პროცენტიან გაუფასურებას იწვევდა. აღნიშნული დაკვირვება, კარგად გამოხატავს თურქეთის ეკონომიკური კრიზისის ზეგავლენას, საქართველოსთან მიმართებით.

ექსპერტების აზრით, საქართველოს გაუმართლა, რომ მეზობელ ქვეყნებში არსებული კრიზისი ზაფხულის პერიოდს დაემთხვა, რადგან აქტიური ტურისტული პერიოდის გამო ლარზე შედარებით რბილი სახის ზეწოლა მოხდა.

ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში  საქართველომ ტურიზმიდან 1,7 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. აქედან ყველაზე მეტი – 431 მლნ დოლარი ივლისში აღირიცხა, რაც თითქმის 14 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს. ტურისტულად აქტიურია აგვისტოსა და სექტემბრის თვეები, რაც ლარის სტაბილიზაციისთვის კარგი ფაქტორია.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ