იანვარი პირველი თვეა, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა შემცირებული ხელფასი აიღეს - თანხის ნაწილი მათ საპენსიო ფონდში გადარიცხეს" />

ახალი საპენსიო რეფორმის დეტალები. კიდევ ერთხელ გავერკვეთ ვინ როდის და რამდენს ვაგროვებთ

იანვარი პირველი თვეა, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა შემცირებული ხელფასი აიღეს - თანხის ნაწილი მათ საპენსიო ფონდში გადარიცხეს

REUTERS

2019 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ყოველ თვე მოქალაქეებს ხელფასიდან გარკვეული თანხა ჩამოეჭრებათ, რომელიც საპენსიო ფონდში შეინახება და როდესაც ეს მოქალაქეები საპენსიო ასაკს მიაღწევენ, პენსიის სახით დაუბრუნდებათ.

უკვე იანვრის ბოლოს მოქალაქეებმა პირველი მოჭრილი, ანუ საპენსიო დანაზოგის გამო შემცირებული ხელფასი აიღეს.

საპენსიო რეფორმის აუცილებლობას ხელისუფლება ორი არგუმენტით ხსნის: პირველი – პენსიონერი უფრო ღირსეულ პენსიას მიიღებს და უზრუნველი სიბერე ექნება; და მეორე – ტვირთი შეუმსუბუქდება სახელმწიფო ბიუჯეტს.

ამ არგუმენტებს ბევრი არ იზიარებს.

მოდით, ვნახოთ, არის თუ არა დაგროვებითი საპენსიო სისტემა უზრუნველი სიბერის გარანტია.

__________________

ვის შეეხება რეფორმა?

1-ლი იანვრიდან დაგროვებით საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთო ყველა დასაქმებული მოქალაქე – 60 წლამდე ასაკის კაცი და 55 წლამდე ასაკის ქალი. (რეფორმა არ ვრცელდება მათზე, ვინც დასაქმებული არ არის).

თუმცა, ზოგი მოქალაქე ამ სისტემაში დროებით არის, ზოგს კი, პენსიის დაგროვება მუდმივად მოუწევს.

სისტემა მხოლოდ ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს.

ვისთვის არის პენსიის დაგროვება სავალდებულო? მათთვის, ვინც ახალი საპენსიო კანონის ამოქმედების დროს, ანუ 2018 წლის 6 აგვისტოს, 40 წელზე ნაკლები ასაკის იყო.

ანუ თუ თქვენ 2018 წლის 6 აგვისტოს 39 წლის იყავით და 40 წელი 7 აგვისტოს შეგისრულდათ, თქვენ მაინც გიწევთ პენსიის სავალდებულო დაგროვება.

ვის არ უწევს პენსიის სავალდებულო დაგროვება? მოქალაქეებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის უკვე შეუსრულდათ 40 წელი. ამ ასაკის მოქალაქეებს კანონი არჩევანის საშუალებას აძლევს – მათ უფლება აქვთ, თვითონ გადაწყვიტონ, დააგროვონ პენსია თუ არა.

რაც შეეხება 60 წელს გადაცილებულ მამაკაცებსა და 55 წელზე მეტი ასაკის ქალებს – სისტემაში მათი ჩართვა ასევე არ არის სავალადებულო, თუმცა საკუთარი ნებით შეუძლიათ ჩაერთონ.

და თვითდასაქმებული თუ ვარ?

თვითდასაქმებულებისთვის საპენსიო სქემაში გაწევრება ასევე ნებაყოფლობითია. თუ გადაწყვეტთ, სისტემაში ჩართვას, მაშინ თქვენს საპენსიო ანგარიშზე, რომელსაც თავად გახსნით საიტზე pasions.ge, თქვენი დაუბეგრავი შემოსავლის 4 პროცენტი უნდა გადარიცხოთ. (დამსაქმებელი ხომ არ გყავთ, ამიტომ ოთხივე პროცენტს თქვენ რიცხავთ) სახელმწიფო კი 2 პროცენტს დაგიმატებთ.

თუ თვითდასაქმებული ხართ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვეღარ ახერხებთ საპენსიო დანაზოგის შეტანას, თანხის გადარიცხვის განახლება ნებისმიერ დროს შეგეძლებათ.

ვინ და რამდენი უნდა გადაიხადოს?

ასაკის და დასაქმების ამბავი გავარკვიეთ. ახლა განვიხილოთ როგორ მუშაობს სისტემა ანუ რამდენს ვიხდით ყოველ თვე და ვინ იხდის.

საპენსიო ფონდში თანხა შეაქვს სამ სუბიექტს:

1) დასაქმებულს

2) დამსაქმებელს და

3) სახელმწიფოს.

სქემა ასეთია: დასაქმებული ფონდში რიცხავს ყოველთვიური, დაუბეგრავი (არა ის, რასაც ხელზე იღებს) ხელფასის 2 პროცენტს.

თავის მხრივ, დაუბეგრავი ხელფასის 2 პროცენტს ფონდში იხდის დამსაქმებელი და ასევე დამატებით 2 პროცენტს იხდის სახელმწიფო.

ერთი სიტყვით, საპენსიო ფონდში, დასაქმებულის პერსონალურ საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად მისი მთლიანი ხელფასის 6 პროცენტი ჩაირიცხება.

მარტივი გათვლა რომ გავაკეთოთ: ვთქვათ, თქვენ ხელზე იღებთ 1000 ლარს. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი დაუბეგრავი ხელფასი 1250 ლარია (20 პროცენტია საშემოსავლო გადასახადი).

1250 ლარის 2 პროცენტი არის 25 ლარი. ანუ 25 ლარი გეჭრებათ პირადად თქვენ, 25 ლარს თქვენს სასარგებლოდ იხდის თქვენი დამსაქმებელი, 25 ლარს კი, გიმატებთ სახელმწიფო. ანუ ჯამში ყოველ თვე გიგროვდებათ 75 ლარი.  

რა კარგია, რომ სახელმწიფო ორი პროცენტს მიმატებს!

კი, კარგია, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ სახელწიფო ყოველთვის არ იხდის იმ 2 პროცენტს, რომელზეც ზემოთაა საუბარი.

სახელმწიფო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგიმატებთ 2 პროცენტს, თუ თქვენი წლიური ხელფასი 24 ათას ლარს არ აღემატება (ანუ თვეში 2000 ლარამდე გაქვთ დაუბეგრავი ხელფასი).

თუ თქვენი წლიური ხელფასი 24 ათასიდან 60 ათას ლარამდეა (თვეში 5000 ლარამდე გაქვთ დაუბეგრავი ხელფასი), მაშინ სახელმწიფო მხოლოდ 1 პროცენტს დაგირიცხავთ.

ხოლო, იმ შემთხვევაში თუ თქვენი წლიური ხელფასი 60 ათას ლარზე მეტია (თვეში 5 ათას ლარზე მეტი დაუბეგრავი ხელფასი),  სახელმწიფო საერთოდ არაფერს არ დაგიმატებთ.

სადმე უნდა დავრეგისტრირდე? 

თუ თქვენ ხართ დასაქმებული და თქვენს საშემოსავლო გადასახადს უშუალოდ დამსაქმებელი იხდის, თანხა ყოველ ხელფასზე ავტომატურად ჩამოგეჭრებათ და არსად დარეგისტრირება არ გჭირდებათ. (თუმცა, აუცილებლად გაარკვიეთ დეტალები დამსაქმებელთან).

რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, რომლებსაც პროგრამაში ჩართვა სურთ ან ისეთ დასაქმებულებს, რომლებიც თავად იხდიან საშემოსავლო გადასახადებს, მათ საიტზე pensions.ge დარეგისტრირება მოუწევთ.

დარეგისტრირების შემდეგ, მათ გაეხსნებათ პერსონალური საპენსიო ანგარიში, სადაც თვითონ უნდა გადარიცხონ დაუბეგრავი შემოსავლის 4 პროცენტი.

ამ საიტზე დარეგისტრირება ასევე აუცილებელი და სავალდებულოა ყველა დამსაქმებლისთვის.

რომელი უფრო ადრე ჩამომეჭრება – საშემოსავლო გადასახადი თუ საპენსიო გადასახადი?    

ჯერ ჩამოგეჭრებათ საპენსიო გადასახადი.

ისევ 1000 ლარიანი ხელფასის მაგალითზე განვიხილოთ, რომელიც დაუბეგრავად 1250 ლარია.

1250 ლარის 2 პროცენტი, ანუ 25 ლარი, გადაირიცხება თქვენს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე. დაგრჩებათ 1225 ლარი. აქედან  დაკავდება 20 პროცენტი საშემოსავლო გადასახადი ანუ 245 ლარი  და ხელზე აიღებთ 980 ლარს.

კერძო კომპანიაში ვმუშაობ. ხომ შეიძლება, დამსაქმებელმა უარი მითხრას და მისი წილი 2 პროცენტი არ ჩამირიცხოს?

არ შეიძლება. დამსაქმებელს არჩევნის უფლება არ აქვს. თუ მისი დასაქმებული დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებას გადაწყვეტს, ის ვალდებულია მას დაუბეგრავი ხელფასის 2 პროცენტი დაუმატოს.

ამასთან ერთად, კანონით, დამსაქმებელს ეკრძალება დასაქმებულის დარწმუნება ან გადარწმუნება დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ, ან რაიმე სხვა ფორმით ზემოქმედება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უკვე შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, დამსაქმებელი 500 ლარით დაჯარიმდება, თუ დასაქმებულს 2 პროცენტს არ ჩაურიცხავს საპენსიო ფონდში. მეორედ თუ იგივეს გაიმეორებს, ჯარიმა უკვე 1000 ლარი იქნება.

ჩემ მიერ დაზოგილ თანხას სარგებელი დაერიცხება? თუ კი, რამდენი?

თქვენს პერსონალურ საპენსიო ანგარიშზე არსებულ თანხას საპენსიო ფონდმა ყოველწლიურად უნდა დაარიცხოს სარგებელი. ეს პუნქტი ამ სისტემის აუცილებელი კომპონენტია.

თუმცა, ჯერჯერობით ვერავინ ამბობს, რამდენი პროცენტი იქნება ეს სარგებელი. ითქვა შვიდი პროცენტი, რაც საეჭვოა, რადგან მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ საპენსიო ფონდების მიერ დარიცხული საშუალო საპროცენტო სარგებელი, როგორც წესი, 3-4 პროცენტია.

 40 წელზე მეტის ვარ, მინდა უარი ვთქვა საპენსიო სისტემაში ჩართვაზე. როგორ გავაკეთო ეს?

როგორც უკვე ვთქვით, 1-ლი იანვრიდან  სისტემაში ყველა დასაქმებული, ასაკის მიუხედავად, ავტომატურად ერთვება.

თუმცა, თუ თქვენ 40 წელზე მეტის ხართ, უფლება გაქვთ საპენსიო სისტემაში ჩართვაზე უარი თქვათ და თან ის ფულიც დაიბრუნოთ, რომელიც უკვე ჩამოგეჭრათ.

ამისათვის უნდა დაიცვათ გარკვეული პროცედურები და თანაც კონკრეტულ ვადებში (!).

გასვლისთვის საჭიროა, რომ საპენსიო სააგენტოს მიმართოთ წერილობით და სქემიდან გასვლა მოითხოვოთ. რაც მთავარია, ეს უნდა გააკეთოთ სქემაში ავტომატური გაწევრიანებიდან ხუთი თვის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩებით დაგროვებითი საპენსიო სქემის სამუდამო მონაწილედ.

ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ სააგენტო განცხადებას 1 აპრილამდე არ იბარებს. ანუ სისტემიდან გასვლის პროცედურები მხოლოდ აპრილში დაიწყება.

იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო სისტემიდან გამოხვალთ, სააგენტო თქვენს შენატანს უკან კი დაგიბრუნებთ, მაგრამ საშემოსავლო გადასახადით (20%) დაიბეგრებით და საპენსიო სააგენტო მომსახურების თანხასაც ჩამოგაჭრით.

თუ დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩავერთვები, საბაზისო პენსიას აღარ მომცემენ?

კი, მოგცემენ. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, თქვენ მიერ დაგროვებულ პენსიას საბაზისო პენსიაც დაემატება. დღეს საქართველოში პენსია 200 ლარია, რამდენი იქნება ის მაშინ, როდესაც თქვენ გახვალთ პენსიაზე, ცხადია, არავინ იცის.

როდის და რა პრინციპით მივიღებ დაზოგილ თანხას?

კანონის თანახმად, თანხას მიიღებთ მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ.

ამასთან, თანხა ერთიანად არ გადმოგეცემათ. ფონდი თქვენ მიერ დაგროვილი თანხის მიღების სპეციალურ, ინდივიდუალურ კალენდარს შეგიდგენთ.

მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ მიერ დაზოგილი თანხა გაიყოფა იმდენ წელზე, რამდენსაც, სავარაუდოდ პენსიაზე გასვლის შემდეგ იცხოვრებთ.

საქართველოში ქალები, საშუალოდ 77,8 წელს ცოცხლობენ, კაცები კი – 69,2 წელს.

გამოდის, რომ თუ საპენსიო ასაკი ქალისთვის ისევ 60 წელი იქნება, ხოლო კაცისთვის – 65, საპენსიო ასაკში ყოფნის წლების რაოდენობა ქალისთვის 17.8 წელი იქნება, ხოლო კაცისთვის – 4.2. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კაცის მიერ დაზოგილი თანხა 4.2 წელზე გაიყოფა, ხოლო ქალის მიერ დაზოგილი თანხა 17.8 წელზე.

საპენსიო სააგენტოს საპროგნოზო საპენსიო მთვლელის თანახმად, თუ თქვენ ახლა 35 წლის ქალი ხართ და თქვენი დაუბეგრავი ხელფასი 1250 ლარია (ანუ ხელზე 1000 ლარს იღებთ), როცა პენსიაზე გახვალთ, ე.ი. 25 წლის შემდეგ, ანგარიშზე 86 922 ლარი გექნებათ. ამ დანაზოგით თქვენ 17,8 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 406.94 ლარს (ამ თანხას საბაზისო პენსიაც დაემატება) მიიღებთ.

თუ როგორი იქნება თქვენი პენსია თქვენი ასაკის და ხელფასის შესაბამისად, შეგიძლიათ გამოითვალოთ საიტზე pensions.ge  სპეციალური საპენსიო მთვლელით.

თუ მოვკვდები, ვის დარჩება ჩემი დანაზოგი?

ასეთ შემთხვევაში, საპენსიო ფონდში შეტანილი თქვენი ფული თქვენს მემკვიდრეს გადაეცემა.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოდან საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში უნდა წავიდე?

ასეთ შემთხვევაში  შეგიძლიათ დაწეროთ წერილი და მოითხოვოთ თქვენს საპენსიო ანგარიშზე დაგროვილი თანხის ერთიანად გადმოცემა.

მოთხოვნა დაკმაყოფილდება მხოლოდ მაშინ, თუ სხვა ქვეყანაში კანონიერი მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სათანადოდ დამოწმებულ დოკუმენტს წარადგენთ.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ამ შემთხვევაში თქვენს დანაზოგს ჩამოეჭრება სახელმწიფოს მიერ დამატებული თანხა და ის ჩვეულებრივ დაიბეგრება.

დავუშვათ, გავხდი დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილე, მაგრამ შემდეგ უმუშევარი დავრჩი. ასეთ შემთხვევაში რა ხდება?

ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში საპენსიო ფონდში თანხას ვეღარ გადარიცხავთ, თუმცა სქემაში დაბრუნებას შეძლებთ ეგრევე, როგორც კი მუშაობას ისევ დაიწყებთ.

თუ თქვენ შეწყვეტთ თანხის შეტანას ისეთი მიზეზის გამო, როგორიცაა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ან დროებითი ან მუდმივი შრომისუუნარობა, მაშინ უკვე არსებული დანაზოგი დაგრჩებათ, თუმცა იგი აღარ შეივსება – იმ პერიოდში, როცა თქვენს ანგარიშზე თქვენგან და თქვენი დამსაქმებლისგან თანხა აღარ შედის, კუთვნილ 2 პროცენტს აღარც სახელმწიფო მოგცემთ.

დავუშვათ, ავტოსაგზაო შემთხვევაში მოვხვდი და ჩემი შესაძლებლობები საპენსიო ასაკის მიღწევამდე შეიზღუდა. მაშინ რა ხდება?

შესაძლებლობის შეზღუდვის გამო, თუ შშმ პირის სტატუსი კანონის შესაბამისად მოგენიჭებათ, პენსიას საპენსიო ასაკის მიღწევამდე აიღებთ.

სად წავა ეს ფული?

დაგროვებით საპენსიო სქემას მართავს და ადმინისტრირებას უწევს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საპენსიო სააგენტო. სააგენტოს ჰყავს საინვესტიციო საბჭო, რომელმაც თანხის მომგებიან დაბანდებაზე უნდა იზრუნოს.

საპენსიო სააგენტო კონკურსის წესით შეარჩევს დეპოზიტარს – კომერციულ ბანკს, სადაც სააგენტოში არსებული თანხა განთავსდება და შეინახება.

საინვესტიციო საბჭოს უფლება აქვს ფონდში არსებული თანხის ნაწილი დადოს რომელიმე ბანკის დეპოზიტზე და სარგებელი ასე მიიღოს, თანხის ნაწილი კი სახელმწიფო ფასიან ქაღალდებსა და საწარმოთა აქციებში დააბანდოს.

კანონის მთავარი მოთხოვნაა, რომ ინვესტიციები დივერსიფიცირებული იყოს, მომგებიანი და რაც მთავარია, ნაკლებრისკიანი და უსაფრთხო. ამ პროცესს რეგულირებას საქართველოს ეროვნული ბანკი გაუწევს.

 ვინ აფინანსებს საპენსიო სააგენტოს?

თქვენ. ანუ ის ადამიანები, რომლებიც დაგროვებით პენსიას იხდით.

სხვათაშორის, კანონი საპენსიო სააგენტოს თანამშრომელთა ხელფასის ზედა ზღვარს არ ზღუდავს.

მართლაც, საპენსიო სააგენტოს უფროსი, ლევან სურგულაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირია. მისი ხელფასი თვეში 15 000 ლარია.

ვინ მომცემს იმის გარანტიას, რომ 30 წლის შემდეგ ლარი არ გაუფასურდება ან ჩემს მიერ დაგროვილ ?

ვერავინ. იმისთვის, რომ დაზოგვას აზრი ჰქონდეს, საპენსიო ფონდის მიერ თქვენს დანაზოგზე დარიცხული წლიური საპროცენტო სარგებელი ბევრად უნდა აღემატებოდეს ინფლაციის წლიურ მაჩვენებელს.

როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, საპენსიო ფონდის წლიური საპროცენტო სარგებელი 4-4.5%-ზე მეტი ვერ იქნება.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საშუალო წლიური ინფლაცია კი უფრო მეტია -6 პროცენტი. პროდუქტებზე ფასებიც მუდმივად იზრდება.

რა გარანტია მაქვს, რომ ამ თანხას სახელმწიფო არ მიითვისებს ან საპენსიო ფონდი წამგებიანად არ დააბანდებს?

არანაირი გარანტია არ გაქვთ. მსგავსი გარანტიები ამ პროექტში ჩადებული არ არის.

ეს სისტემა უცხოელებსაც ეხებათ?

საპენსიო სქემაში ჩართვა  სავალდებულოა იმ უცხოელებისთვის, რომლებსაც საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა აქვთ.

რატომ მაიძულებს ხელისუფლება თანხის დაზოგვას, დაზოგვა თუ მინდა, თვითონ ვერ შევინახავ?

საქართველოს მოსახლეობა ტრადიციულად, ფულს არ ზოგავს და ძირითადად ხარჯავს – ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც რეფორმის ავტორები მიიჩნევენ, რომ დაგროვება იძულებითი უნდა იყოს.

 თუ რამე დამატებითი კითხვა მექნება ვის უნდა მივმართო? 

საპენსიო რეფორმაში გასარკვევად და ასევე რეგისტრაციისთვის შექმნია საპენსიო სააგენტოს საიტი pension.ge.

ზოგისთვის აქ დარეგისტრირება სავალდებულოა და ამაზე ზემოთ დავწერეთ, მაგრამ აქ შეუძია დარეგისტრირდეს ყველას და საკუთარი საპენსიო ანგარიში აკონტროლოს.

ოღონდ, არ გეგონოთ, რომ ამ საიტზე დარეგისტრირება მარტივი საქმეა.

არც საპენსიო სააგენტოს ცხელ ხაზთან (2 19 76 76) დაკავშირებაა იოლი ამბავი. თითქმის არასოდეს პასუხობენ ზარს.

მარტო მე მეჩვენება ეს საპენსიო სისტემა უსამართლო?!   

არა, მარტო თქვენ არ ხართ ასეთი.

ორგანიზაციამ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი უკვე  საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი გაასაჩივრა.

GDI სადავოდ ხდის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის რამდენიმე მუხლს, მათ შორის იმ მუხლებს, რომლებიც საპენსიო რეფორმაში გაწევრებას სავალდებულოს ხდის.

სარჩელი სასამართლოში 8 იანვარს შევიდა.

როგორი სისტემა გვაქვს ახლა

•  ამჟამად საქართველოს ყველა მოქალაქეს საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე ასაკობრივი პენსია ენიშნება, რომელსაც სოციალური დახმარების სახე აქვს. მისი ოდენობა დამოკიდებული არ არის ხელფასიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ან საპენსიო ფონდში წლების განმავლობაში შეტანილი თანხის რაოდენობასა და ადამიანის შრომით სტაჟზე.

•  ამჟამად ქალებისთვის საპენსიო ასაკი 60 წელია, მამაკაცებისთვის – 65.

•  საქართველოში 720 000-ზე მეტი  ასაკით პენსიონერია რეგისტრირებული.

•  პენსიით მათი უზრუნველყოფისთვის გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვეში 130 მილიონზე მეტი ლარი იხარჯებოდა.

•  2019 წლის 1-ელი იანვრიდან, ასაკობრივი პენსია  20 ლარით გაიზარდა და 200 ლარი ანუ 75 აშშ დოლარი გახდა.

•  მოქალაქეს, რომელსაც პენსიის დაგროვება უნდოდა, ამის გაკეთება აქამდეც შეეძლო. კერძო საპენსიო დაზღვევას საქართველოში მოქალაქეებს რამდენიმე სადაზღვევო კომპანია სთავაზობს. კერძო საპენსიო დაზღვევის სისტემით საქართველოში 20 ათასამდე ადამიანი სარგებლობს. ამ ციფრებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ კერძო საპენსიო სისტემა საქართველოში ვერ დამკვიდრდა, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის, საპენსიო ფონდებისადმი ნდობის არარსებობა.


ასევე წაიკითხეთ