ყოფილი სინდისის პატიმარი გიას იბრაგიმოვი პოლიციის განყოფილებაში „პროფილაქტიკური გასაუბრებისთვის“ დაიბარეს " />

პოლიციამ აზერბაიჯანელი აქტივისტი გააფრთხილა, რომ ალიევის ფანებისგან ვერ დაიცავს

ყოფილი სინდისის პატიმარი გიას იბრაგიმოვი პოლიციის განყოფილებაში „პროფილაქტიკური გასაუბრებისთვის“ დაიბარეს

ბაქოში, პოლიციის მთავარ განყოფილებასთან, სადაც აქტივისტი გიას იბრაგიმოვი „პროფილაქტიკური გასაუბრებისთვის“ მიიყვანეს, დაახლოებით 30 ადამიანი შეიკრიბა, რომელთა უმრავლესობაც ჟურნალისტი იყო. შეკრებილები მარჩიელობდნენ, დააკავებდნენ თუ არა გიასს, როგორც მისი თანამოაზრე ბაირამ მამედოვი დააკავეს რამდენიმე დღით ადრე და 30-დღიანი პატიმრობაც მიუსაჯეს.

• ბაირამ მამედოვი ამბობს, რომ ის აწამეს

• წამება, მოტაცება, ფაბრიფიცირებული საქმე – ყოფილი ქართველი პროკურორის საქმე

ვინ არის გიას იბრაგიმოვი?

2016 წელს აქტივისტები, ბაირამ მამედოვი და გიას იბრაგიმოვი, ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით გაასამართლეს და 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ზუსტად ამის წინ, მათ ანტისახელისუფლებო ლოზუნგი დაწერეს აზერბაიჯანის ექსპრეზიდენტისა და ახლანდელი პრეზიდენტის მამის, ილჰამ ალიევის ძეგლის კვარცხლბეკზე. უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა მათ სინდისის პატიმრები უწოდა. აზერბაიჯანში მათ „ძეგლის პატიმრებს“ ეძახიან.

2019 წლის 16 მარტს, გიასი და ბაირამი 399 ადამიანის შეწყალების ფარგლებში გათავისუფლდნენ, რომელთა შორისაც, დაახლოებით, 50 პოლიტპატიმარი იყო.

30 მარტს, ბაირამი ისევ დაიჭირეს და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 30 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

რა მოხდა გიასთან?

3 აპრილს, დილით, გიას იბრაგიმოვს რამდენჯერმე დაურეკეს და ბაქოს პოლიციის მთავარ განყოფილებაში მისვლა მოსთხოვეს. მაგრამ აქტივისტმა უარი თქვა და ოფიციალური უწყების გაგზავნა მოითხოვა.

მოგვიანებით მასთან სახლში ორი პოლიციელი მივიდა და ახალგაზრდის წაყვანას შეეცადნენ, მაგრამ მან ისევ უარი თქვა. პოლიციელები წავიდნენ და უკან რამდენიმე საათის შემდეგ დაბრუნდნენ, თუმცა, ამჯერად, უკვე ოფიციალური უწყებით. დაბარების მიზეზი მასში მითითებული არ იყო.

გიასი მთავარ განყოფილებაში ჟურნალისტების თანხლებით გაემგზავრა.

სოციალურ ქსელებში პირდაპირი ეთერის წყალობით, რომლის დროსაც გიასმა მოკლედ მოჰყვა მიმდინარე მოვლენების შესახებ, საქმეს მაშინვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ BBC-ის აზერბაიჯანულ სამსახურს აცნობა, რომ გიასთან გასაუბრება სურთ და სახლში გაუშვებენ. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ეს სტანდარტული პროცედურაა – პრეზიდენტის ბრძანებით შეწყალებულებს განყოფილებაში იძახებენ ასეთი გასაუბრებისთვის.

გიასი პოლიციიდან საათ-ნახევარში გამოვიდა. მისი თქმით, დაბარების მიზეზი ცოტა ხნის წინ ბაირამის დასაცავად სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი გახდა, რომელიც პოლიციამ პრეზიდენტის მიმართ შეურაცხმყოფელად ჩათვალა. გიასი ამტკიცებდა, რომ ეს ყველაფერი სპეკულაციაა, არანაირი მინიშნება პრეზიდენტზე არაა და გვარი „ალიევი“, რომელიც მან გამოიყენა – აზერბაიჯანში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია.

საბოლოო ჯამში, ის გაათავისუფლეს და გააფრთხილეს, რომ პოლიცია ვერაფრით დაეხმარება, თუკი პრეზიდენტის მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლები მის აზრზე მოყვანას ქუჩაში გადაწყვეტენ.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ