რესურსებს არალეგალურად, ბიუჯეტის გვერდის ავლით, პრაქტიკულად ხელისუფლების თვალწინ მოიპოვებენ" />

ქარვის ციებ-ცხელება: როგორ მუშაობენ უკრაინის დასავლეთში არალეგალი მომპოვებლები

რესურსებს არალეგალურად, ბიუჯეტის გვერდის ავლით, პრაქტიკულად ხელისუფლების თვალწინ მოიპოვებენ

ჰრომადსკოესა და Слідство.Інфо-ს მასალების მიხედვით

ღამე. ფორმიანი მამაკაცები და მანქანები უკრაინის დასავლეთით სოფელ კლესოვისკენ მიმავალი გზის გასწვრივ. მარჯვნიდან და მარცხნიდან – ათობით მოტორიანი ტუმბო და ასობით ადამიანი. ხელისუფლების მიერ გამოცხადებული “ქარვის მაფიის” განადგურების მიუხედავად.

ღამღამობით აქტიური მაძიებლები მუშაობენ – ტუმბოებით, დღისით კი – ნარჩენების შემგროვებლები.

„ცოტაოდენი შევაგროვე. აი, დავდივარ, მიწას ვთხრი. აბა, რა ვქნა, თუკი გამომდის“, – ჰყვება ქალი, რომელიც გზაზე, ქარვის კლონდაიკის მახლობლად შეგვხვდა.

ის მოტოროლერით არის, რეზინის ჩექმებითა და ბადით – ეს ადგილობრივებისთვის ჩვეული სამუშაო ნაკრებია. ქალი ახლომახლო ცხოვრობს – მან ვინაობის გამხელაზე უარი გვითხრა და გვთხოვა, არც მისი სახე გვეჩვენებინა.

„ალბათ უკვე სამი ან ოთხი წელი იქნება, რაც ვთხრი. რადგან ისე გამოვიდა, რომ სახლს ვაშენებ (ნათესავების), ოპერაციისთვისაც არის ფული საჭირო. ვალდებული ვარ. სხვანაირად არ გამოდის. ოთხი ვაჟი და ქალიშვილი მყავს“, – ჰყვება ის.

მონაპოვრიდან მიღებული თანხა სწავლისთვისაც ჰყოფნით, მშენებლობისთვისაც და საცხოვრებლადაც. აქ თითქმის ყველა ადგილობრივი მასავით ცხოვრობს.

— უკვე ასი წელია, ასეა. ოდესღაც აკეთებდნენ ამას და ახლაც აკეთებენ… – ამბობს კლესოვის მაცხოვრებელი.

— მაგრამ ეს უკვე დიდი ხანია, აღარ მომხდარა, და ისევ დაიწყეს? – ვინტერესდებით.

— არსებობს რაღაც შეთანხმება. მე ამაში ვერ ვერკვევი, იმათ თავიანთი პრობლემები აქვთ, – გვეუბნება ჩვენი თანამოსაუბრე.

სოფელ კლესოვის განაპირა მხარე ყველას თვალწინაა – აქ გადის გზა, რომელზეც ყოველდღიურად ასობით ავტომობილი მოძრაობს.

სხვადასხვა წყარო ქარვის არალეგალურად მოსაპოვებელი „ბილეთის“ სხვადასხვა ფასს ასახელებს: $250-დან $350-მდე – ამდენი ღირს აქ ტუმბოს დადგმა. კიდევ უფრო მეტი – 1000$ ღირს წყლის წინასწარ მომზადებული არხებიდან მიწოდება.

მასობრივი უკანონო მოპოვება ჯერჯერობით არ არის და ბოლო რამდენიმე ხნის განმავლობაში არც ყოფილა, მიაჩნია პოლიციის სარნენსკის განყოფილების ხელმძღვანელს სერგეი სმაგლიუკს, და ირწმუნება, რომ ის, რაც ჩვენ ვიდეოზე გადავიღეთ, ერთეული შემთხვევაა.

— ჩემი აზრით, მასობრივი მოპოვებაა ასი, ორმოცდაათი მოტორი. აი, ეს არის მასობრივი მოპოვება. არსებობს ერთეული შემთხვევები. მეტს ვერაფერს ვიტყვი, – ამბობს სერგეი სმაგლუიკი.

—  ერთი კვირის წინ დავაფიქსირეთ, რომ იქ რამდენიმე ათეული მოტორი მუშაობდა. ახალ არხებს თხრიდნენ, ტექნიკა მუშაობდა… – ვაგრძელებთ ჩვენ.

— ამჟამად სარნენსკის რაიონის ტერიტორიაზე ქარვის ნედლეულის მასობრივი მოპოვება არ ხდება, – გვიმარცვლავს სმაგლიუკი.

ვიდრე პოლიცია მოპოვებასთან ბრძოლას ცდილობს, ან თუნდაც ვითომ ებრძვის, მაძიებლები თავიანთი საქმიანობის დამადასტურებელ სულ ახალ-ახალ ფოტოებსა და ვიდეოებს უშიშრად და დაუსრულებლად აქვეყნებენ.

სოციალური ქსელის ერთ-ერთ ადგილობრივ ჯგუფში ჟიტომირის ერთ-ერთ კლონდაიკზე მუშახელის შეგროვების შესახებ განცხადებასაც კი მივაგენით.

— „ვ კონტაქტეში“ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით ვრეკავ, – ვეუბნები განცხადებაში გამოქვეყნებული ნომრის აკრეფვის შემდეგ.

— დიახ, მუშები გვჭირდება. ოლევსკში. თქვენ საიდნ ხართ?

— როვნოდან.

მუშახელს შრომის იარაღებით უზრუნველყოფენ, თვეში 5-6 ათას გრივენს უხდიან, ან „მონაპოვარიდან“ პროცენტს. ჩვენ შეგვხვდა მზრუნველი დამსაქმებელი, რომელიც მინიმალური სოციალური პაკეტით ჩვენი უზრუნველყოფისთვისაც კი მზად იყო.

„და თუ კიდევ კომპანიაც მოგყავს, სადღაც 4-5 კაცი, საცხოვრებელსაც მოგცემთ და იმუშავეთ. გადაადგილება შენზე იყოს, იქ ფასები გაწერილი მაქვს და შევთანხმდებით. მონაპოვარის 20%, თუ ხელფასი. როგორც თქვენ გაწყობთ. სახლს მოგიძებნით, პრინციპში უკვე არის კიდეც, იქვე „კლონდაიკის“ გვერდით, შუქი არის, ღუმელით თბება, გაღუღუნებულია, შეშას მოგიტანთ“, – ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე.

„ამჯერად ღამით ვმუშაობთ, როდესაც პოლიციასთან მოვაგვარებთ – დღეც შეგვეძლება მუშაობა“, – ამბობს დამსაქმებელი.

ის ამბობს, რომ თუ გვინდა, საკუთარი ტუმბოთი შეგვიძლია მივიდეთ. პოლიციასთან საქმეს ის მოაგვარებს.

„თუ რამეა, პოლიციას მე მოველაპარაკები და ამ საქმეში პატარა პროცენტს ავიღებ. მაგრამ ეს ორ დღეში იქნება. მოკლედ, როგორც თქვეს, შაბათამდე გაირკვევა, რომელ თხრილში დაგვრთავენ მუშაობის ნებას“, – ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე.

ჩვენ ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელთან ინტერვიუს აღების მოთხოვნა გავაგზავნეთ და ვთხოვეთ მოპოვებასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე კომენტარი გაეკეთებინა.

პასუხად ეროვნული პოლიციის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან მივიღეთ წერილი, რომელსაც სტატისტიკა და საერთო მონაცემები ჰქონდა დართული. ამასობაში კი სხვადასხვა კატეგორიის არალეგალური მაძიებლები უკრაინული წიაღისეულის დასაცარიელებლად მუშაობას აგრძელებენ.


ასევე წაიკითხეთ