გია ნოდია, თბილისი " />

მიშას უკრაინული გარღვევა: ამის შემდეგ, რა?

გია ნოდია, თბილისი

მიხეილ სააკაშვილი უკრაინა-პოლონეთის საზღვართან. 10.09.2017 REUTERS/ვალენტინ ოგირენკო

როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავის ყოფილ თანაკურსელს და პოლიტიკურ მოკავშირეს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა(სანამ ის ამერიკაში მოგზაურობდა), ამით სინამდვილეში ახალი შანსი მისცა. ოდესის გუბერნატორობის წარუმატებელი ეპიზოდის შემდეგ სააკაშვილის აქციები უკრაინულ პოლიტიკაში დაეცა. პოროშენკოსთან სიახლოვის თუ სხვა მიზეზებით ბევრ პოტენციურ მოკავშირესთან გაუფუჭდა ურთიერთობა და პირადი პოპულარობაც ქვევით წავიდა. მისი პარტია, “ახალი ძალების მოძრაობა“, რეიტინგით დიდად ვერ დაიკვეხნიდა, ხოლო უკრაინის მასშტაბით მისი გაძლიერების რესურსები იოლი საპოვნელი არ ჩანდა.

თითიდან გამოწოვილი არგუმენტებით მოქალაქეობის ჩამორთმევამ სააკაშვილს მორალური უპირატესობა შესძინა: ის წარმოდგა როგორც არა მხოლოდ დევნილი, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი ოპოზიციური ფიგურა: სხვა შემთხვევაში, პოროშენკოს მისი ასე რატომ უნდა შინებოდა?

სხვა მის ადგილას რომელიმე მეგობარი ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებდა, იქ დასახლდებოდა და სხვადასხვა ქვეყნის მედიას ინტერვიუებს მისცემდა, ვიდრე ან უკრაინაში, ან საქართველოში ვითარება მის სასარგელოდ არ შეიცვლებოდა. მაგრამ მიშას ტემპერამენტი სხვაა: ის მოვლენების ცენტრში უნდა იყოს. ამიტომ მან პოროშენკოს მორთმეული პოლიტიკური საჩუქრის სხვაგვარად გამოყენება გადაწყვიტა.

10 სექტემბერს პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე პოლიტიკურმა პერფორმანსმა სააკაშვილისთვის ბრწყინვალედ, უკრაინის მთავრობისთვის კი საშინლად ჩაიარა. მას გვერდით დაუდგნენ უკრაინის ოპოზიციის ძალიან მნიშვნელობანი წარმომადგენლები, კერძოდ ამ მომენტისთვის ქვეყნის ყველაზე რეიტინგული პარტიის, „ბატკივშჩინის“ ლიდერი იულია ტიმოშენკო და ლვოვის მერი, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი ანდრი სადოვი. ამით ოპოზიციის სიმძიმის ცენტრმა გადაინაცვლა იქ, სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა.

ერთგული მომხრეები უკრაინის მხრიდან საზღვართან ელოდებოდნენ. როცა ადგილიდან დაძვრა აუკრძალეს მატარებელს, რითაც სააკაშვილი და მისი მომხრები საზღვრის გადალახვას აპირებდნენ,  კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ უკრაინის ხელისუფლება მშიშარა და მეწვრილმანეა, რითაც ისევ მიშას სიმართლე დადასტურდა. როცა სააკაშვილი და მისი თანმხლებნი მატარებლიდან ჩამოვიდნენ და საზღვრის გადაკვეთა გადაწყვიტეს, მათ უთხრეს, რომ იქაურობა დანაღმულია, რაც საცოდავი ტყუილი აღმოჩნდა.

დაბოლოს, მოხდა კულმინაცია: მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ორ ქვეყანას შორის ნეიტრალურ ზონაში აღმოჩნდა, მისმა მომხრეებმა პოლიციის კორდონები გაარღვიეს, ის შუაში ჩაიყენეს და უკრაინაში გადაიყვანეს. ამით პოროშენკო (და სახელმწიფო, რომლის ლიდერიცაა) სუსტი და დაბნეული გამოჩნდა, ხოლო სააკაშვილი – ტრიუმფატორი, ხალხის ჭეშმარიტი და გამბდავი ლიდერი, რომელმაც რისკზე წასვლაც იცის და გამარჯვებაც.

საბოლოო შედეგი ისაა, რომ სააკაშვილი არა უბრალოდ თამაშში დაბრუნდა, არამედ უკრაინული პოლიტიკის ცენტრში. მეორეს მხრივ, მან ახალი ენერგია და შთაგონება შემატა მის მომხრეებს საქართველოში – მათ კიდევ ერთხელ ნახეს, რომ მიშა მაგარია და იმარჯვებს.

თუმცა, სააკაშვილმა ბრძოლა მოიგო და არა ომი. პოროშენკოსაც შეუძლია, საზღვრის ეპიზოდი თავის სასარგებლოდ შემოატრიალოს. მისი თვალთახედვით რომ შევხედოთ, მოხდა კანონის უხეში დარღვევა ექსტრემისტი ლიდერის მიერ შეგულიანებული ბრბოს მიერ. ხელისუფლების მომხრეებმა უკვე დაიწყეს ამის შედარება რუსეთის ქმედებებთან აღმოსავლეთ უკრაინაში. ახლა მას საშუალება აქვს, სამართლებრივი დევნა დაუწყოს სააკაშვილს და მის მომხრეებს, ვინც ძალით გადმოიყვანა უკრაინაში. ამ შემთხვევაში მას იურიდიული საფუძველი მართლა ექნება.

მეტიც, მას სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციას შეუძლია. ადრე ეს მხოლოდ თეორიული ვარიანტი იყო, ახლა კი მის განხილვას რეალური აზრი მიეცა. საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს მის ექსტრადირებას, ოღონდ იმ იმედით, რომ ეს არასდროს მოხდება. ეს რომ ასეა, ჩვენ  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის რუს პრანკერთან საუბრიდან შევიტყვეთ. თუმცა, მიხვედრა ისედაც შეიძლებოდა. მაგრამ თუ პოროშენკო მართლა გადაწყვეტს სააკაშვილის დაპატიმრებას და ექსტრადირებას, საქართველოს ხელისუფლებას უკან დასახევი გზა აღარ დარჩება: ის უნდა მიიღოს და ციხეში ჩასვას. ეს კი მისი მოხრეების მხრიდან პროტესტს და შესაძლო არეულობას გამოიწვევს, დასავლეთის მხრიდან შერჩევითი სამართლის ახალ ბრალდებებთან ერთად.

მაგრამ იზამს ამას პოროშენკო? სააკაშვილის და მისი მომხრეების გათვლაა, რომ მთავრობა ამას ვერ გაბედავს, იმიტომ რომ ძალის გამოყენებამ შეიძლება ქვეყნის შიგნით უფრო ძლიერი პროტესტი გამოიწვიოს, დასავლეთის მხრიდან ავტორიტარიზმის ბრალდებები და საერთოდ სიტუაცია არიოს. თუ სააკაშვილის გარშემო სერიოზული ოპოზიციური გაერთიანების კრისტალიზაცია მოხდა, ეს ანგარიშგასაწევი მოსაზრებებია. დიახ, სახელმწიფო საზღვარი შეილახა, მაგრამ მანამდე პოროშენკომაც თავი შეირცხვინა, და ამან მისი მხრიდან დამსჯელი აქციების ლეგიტიმურობას შეიძლება საფუძველი გამოაცალოს.

როცა სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ უკრაინის საზღვრის გადალახვას აპირებდა, ამან სიტუაცია ძნელად საწინასწარმეტყველო გახადა; მაგრამ ახლა გაურკვევლობის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდა.

ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით, ისაა, რომ ფსონები ძალიან გაიზარდა. და რომ ორივე მხარეს ბევრი მოწყვლადი წერტილი აქვს. პოროშენკო ერთდროულად ავტორიტარულიც ჩანს და სუსტიც. მაგრამ ის, რაც სააკაშვილმა კვირას გააკეთა, სასოწარკვეთის აქტადაც შეგვიძლია გავიგოთ. როგორც პოკერის მითამაშემ, რომელიც აგებს, მან ბოლო ფული დადო და გაუმართლა, მაგრამ მისი პოზიცია მაინც არამყარია. მას იმედი აქვს, რომ უკრაინელების პროტესტი პოროშენკოს კორუმპირებული და არაფექტური რეჟიმის წინააღმდეგ დუღილის წერტილს მიაღწევს: სააკაშვილი მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება მეტ-ნაკლებად მყარად დაცული.

თუმცა, ჯერჯერობით არ ჩანს, რომ უკრაინიელები ახალი მაიდნისთვის იყვნენ განწყობილნი. შეიძლება მთავრობამ სააკაშვილის წინააღმდეგ იგივე გზავნილი გამოიყენოს, რამაც „ქართულ ოცნებას“ მოუტანა წარმატება 2016 წლის არჩევნებში: „კი ბატონო, ჩვენი შეიძლება სუსტი და უნიათო მთავრობა ვიყოთ, მაგრამ მიშას არეულობა მოაქვს, და გინდათ ახლა თქვენ არეულობა?“ საქართველოში არ მოუნდათ, უკრაინელების აზრი არ ვიცი.

მეორეს მხრივ, დარჩა კი სააკაშვილს ნორმალური საპარლამენტო პოლიტიკისკენ დასაბრუნებელი გზა? ჰაერში მეტისმეტად ბევრი შეკითხვა ტრიალებს.

 

 

გია ნოდია, “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” თავმჯდომარე

 

 

 

* ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.


ასევე წაიკითხეთ