ექსპერტი კავკასიის საკითხებში თომას დე ვაალი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე JAMnews-ს ესაუბრა" />

თომას დე ვაალი: “რუსთავი 2-ის” საქმეში ივანიშვილის ფარულ ხელს ვხედავთ

ექსპერტი კავკასიის საკითხებში თომას დე ვაალი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე JAMnews-ს ესაუბრა

“რუსთავი 2″-ის ირგვლივ განვითარებული პროცესები ნეგატიურად აისახება საქართველოზე და მის საერთაშორისო იმიჯზე. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება,” – მიიჩნევს კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში, თომას დე ვაალი.

“როდესაც სასამართლო ღამით იღებს გადაწყვეტილებას ისეთ რთულ საქმეზე, როგორიც ტელეკომპანიის მენეჯმენტის შეცვლაა, ეს ტოვებს “სატელეფონო მართლმსაჯულების” შთაბეჭდილებას და საკმაოდ საგანგაშოა,” – მიიჩნევს ექსპერტი.

დე ვაალი ამბობს, რომ მთელ რიგ საკითხებში, მაგალითად, როგორიცაა რუსთავი 2-ის საქმე ან სააკაშვილისა და მისი პარტიის წინააღმდეგ მოქმედებები, “ჩვენ ივანიშვილის ფარულ ხელს ვხედავთ.”

“როგორც ჩანს, ივანიშვილი კულისებიდან იღებს გადაწყვეტილებებს, რაც ბევრ პრობლემას ქმნის. არა იმიტომ, რომ ივანიშვილი სრულად აკონტროლებს ყველაფერს, არამედ იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრს ეშინია გადაწყვეტილებები თავად მიიღოს. რეალურად, მთავრობაში ძალიან ცოტა ვინმე თუ იღებს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს პირადად. ამგვარად, ჩვენ მივიღეთ მთავრობა, რომელიც ერიდება საქმის კეთებას. მაგალითად, ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებითაც, როგორიცაა ეკონომიკის სფერო,”- ამბობს ექსპერტი.

დე ვაალი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია რიგითი მოქალაქეებისთვის კანონის უზენაესობის მიმართულებით. თუმცა, მისი აზრით, არსებობს ძალიან ბევრი ნიშანი, რომ ქვეყანაში “პოლიტიზებული მართლმსაჯულებაა” მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის წევრების მიმართ, რაც “ნაციონალური მოძრაობის” განადგურების მცდელობას ჰგავს,” – ამბობს ექსპერტი.

“ქვეყანას აუცილებლად სჭირდება ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება. ქვეყანა მომავალზე უნდა ფიქრობდეს. თუმცა, “ქართული ოცნების” მთავრობა წარსულშია “ჩარჩენილი” – დღემდე სააკაშვილს ებრძვის, როგორც 2012 წელს,” – აცხადებს თომას დე ვაალი JAMnews-თან ინტერვიუში. 



მისი თქმით, დღეს საქართველო მთელ რეგიონში პლურალისტური მედია-გარემოთი გამოირჩევა და ეს მიღწევა, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დადგეს: “მე არ ვამბობ, რომ ჟურნალისტიკის ხარისხი ყოველთვის მაღალია, მაგრამ საქართველოში არის პოლიტიკური აზრის მრავალფეროვნება, რაც სხვადასხვა საკითხზე თავისუფალი, დემოკრატიული მსჯელობის შესაძლებლობას გულისხმობს. თუ “რუსთავი 2”-ის ახალი მფლობელები სარედაქციო პოლიტიკას შეცვლიან, მაშინ შეიქმნება საფრთხე, რომ სატელევიზიო სივრცეში კვლევ ერთი პარტია გახდება დომინანტი, როგორც ეს 2007 წელს, “იმედის” მითვისების შემდეგ მოხდა. ტელესივრცეში არ იქნება მთავარი ოპოზიციური პარტიის ადგილი, რომლის რამდენიმე წევრი უკვე ციხეშია,” – მიიჩნევს ექსპერტი.


ასევე წაიკითხეთ