არჩევნების მთავარი ინტრიგა თბილისია" />

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში – ყველაზე მთავარი

არჩევნების მთავარი ინტრიგა თბილისია

21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ხუთი თვითმმართველი ქალაქი და 59 მუნიციპალიტეტი საკუთარ მერს და საკრებულოს აირჩევს; 

არჩევნები ლიდერების გარეშე

ბოლო არჩევნები საქართველოში 2016 წლის ოქტომბერში ჩატარდა, მაშინ ქვეყანამ ახალი პარლამენტი აირჩია. მას შემდეგ სულ რაღაც ერთი წელი გავიდა, თუმცა ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე ბევრი რამ შეიცვალა.

მთავარი ცვლილება ოპოზიციის რიგებში მოხდა. პარტიების ნაწილი დაიშალა. ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა პოლიტიკა საერთოდ დატოვა.

შესაბამისად, მმართველ გუნდს ამ არჩევნებზე გაცილებით ნაკლები სანერვიულო აქვს, ვიდრე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდა.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორ ნაწილად გაიყო ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა და “ქართული ოცნების” მთავარი ოპონენტი “ნაციონალური მოძრაობა”,  პარტია ლიდერების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დატოვა. მათ ახალი პოლიტიკური ძალა “ევროპული საქართველო” შექმნეს და ელექტორატის გარკვეული ნაწილიც გაიყოლეს.

ყოფილ მმართველ გუნდს, “ნაციონალურ მოძრაობას” ამ არჩევნებზე გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს – ამ პარტიის ლოკომოტივად კვლავ მიხეილ სააკაშვილი რჩება, თუმცა დღეს სააკაშვილს საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებისთვის ნამდვილად არ სცალია – მის პოლიტიკურ დღის წესრიგში ახლა უკრაინა უფრო მნიშვნელოვანია – 17 ოქტომბერს ის კიევში გრანდიოზული მიტინგის ჩატარებას გეგმავს და თავის უკრაინელ პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად, აპირებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვოს.

ეს პირველი არჩევნებია, “ნაციონალური მოძრაობის” დაშლის შემდეგ, შესაბამისად, ყოფილი პარტნიორები საკუთარ ძალებსაც გამოცდიან და ერთმანეთსაც გაეჯიბრებიან.



კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება წინა არჩევნებისგან არის ის, რომ “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიისგან მთლიანად დისტანცირებულია მმართველი გუნდის არაფორმალური ლიდერი – ქვეყნის ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი.

საარჩევნო კამპანია უკვე დასასრულს უახლოვდება, ივანიშვილი კი ერთხელაც არ გამოჩენილა საზოგადოების წინაშე. როგორც ამბობენ, ის დროის დიდ ნაწილს შავიზღვისპირეთში, თავის რეზიდენციაში ოჯახთან ერთად ატარებს და ასწლოვანი ხეების შეგროვებითა და დენდროლოგიური პარკის მოწყობითაა დაკავებული. პოლიტიკურ ღონისძიებებზე ის არ ჩანს და არც კომენტარებს აკეთებს ჟურნალისტებისთვის. მაშინ, როდესაც გასულ წელს, წინასაარჩევნო კამპანიაში ის აქტიურად იყო ჩართული.

მთავარი ინტრიგა – თბილისი

თვითმართველობის არჩევნების  მთავარი ინტრიგა თბილისის მერობისთვის ბრძოლაა.

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველი – თბილისი ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქია და აქ ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს. თანაც, პოლიტიკურად ყველაზე აქტიური მოსახლეობა.

მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი –  საქართეველოს პარლამენტმა გასულ კვირას დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა თანახმად, ქვეყანის მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირი წესით აღარ აირჩევს. ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისის მერი ერთადერთი ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ფიგურა იქნება. ეს გარემოება მას ლეგიტიმაციის ძალიან მაღალ ხარისხს ანიჭებს.

თბილისის მერს დედაქალაქის მოსახლეობა სამ წელიწადში ერთხელ, თვითმმართველობის არჩევნების დროს, პირდაპირი წესით ირჩევს. მერების არჩევნების პირველსავე ტურში მოსაგებად ხმათა 50%-ზე მეტის მიღებაა საჭირო. თუ ვერცერთი კანდიდატი 50%-ზე მეტს ვერ მიიღებს, მაშინ გამარჯვებული მეორე ტურში გამოვლინდება. მეორე ტური პირველიდან ორი კვირის შემდეგ ჩატარდება.

საქართველოში სულ 3 მილიონ 500 ათასამდე რეგისტრირებული ამომრჩეველია, აქედან დედაქალაქის ამომრჩევლების რაოდენობა მილიონს აღწევს.

ვინ არიან კანდიდატები

თბილისის მერობის კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე წარადგინა. ყოფილი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ “მილანის” ყოფილი მცველი, უკვე მეხუთე წელია პოლიტიკაშია. ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობელი და მისი შვილის – ბერას ახლო მეგობარია.

პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ამ დრომდე, 39 წლის კალაძემ შესამჩნევი ტრანსფორმაცია განიცადა. დღეს ის ბევრად უფრო თავდაჯერებულია. კალაძე არასოდეს მალავდა თავის პოლიტიკურ ამბიციებს, მაშინაც კი, როდესაც ფეხბურთელი იყო. კალაძე მდიდარი კაცია, ამიტომ “ქართული ოცნების” სხვა წევრებისგან განსხვავებით, არც ფინანსურადაა დამოკიდებული ივანიშვილზე. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ბევრს გაუკვირდა კიდეც, რომ “ქართულმა ოცნებამ” იგი თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა, რადგან ხუთწლიანი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ივანიშვილს არ  უყვარს ამბიციური და დამოუკიდებელი ლიდერები და ქვეყნის მართვას უფრო “ნაცრისფერ” კადრებს ანდობს.

NDI-ის მიერ ივლისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კალაძე მერობის კანდიდატებს შორის პირველ ადგილზეა და მას გამოკითხულთა 37 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

ამავე გამოკითხვის თანახმად, მეორე ადგილზეა (22 პროცენტი) მერობის დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატი ალეკო ელისაშვილი. 39 წლის ელისაშვილი ყოფილი ტელეწამყვანია და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად მუშაობის სამწლიანი გამოცდილება აქვს. ამ ხნის განმავლობაში მან მსხვილ დეველოპერებთან და კორუფციასთან მებრძოლის რეპუტაცია მოიპოვა.

მერობის კანდიდატად წარდგენისას, ელისაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ არ ექვემდებარება არც ერთი პოლიტიკური პარტიის ან მსხვილი ბიზნესის გავლენას და დადო პირობა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ანგარიშვალდებული მხოლოდ ხალხის წინაშე იქნება.

ელისაშვილს მხარს უჭერენ ის ამომრჩევლები, რომლებსაც არც “ნაციონალები” მოსწონთ და არც “ოცნების” მმართველობა.

“ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელიც მიუხედავად სირთულეებისა, დღესაც მთავარ ოპოზიციურ ძალად რჩება, თავის კანდიდატად 45 წლის ზაალ უდუმაშვილი წარადგინა. ტელეწამყვანი 25 წლიანი გამოცდილებით, რომელიც პოლიტიკაში ახალი სახეა. უდუმაშვილმა, წარდგენისას, ხაზი გაუსვა, რომ ის „გაბრაზებული თბილისელების“ კანდიდატი იქნება.

“ნაციონალური მოძრაობისგან” გამოყოფილმა “ევროპულმა საქართველომ” თავის კანდიდატად 38 წლის ელენე ხოშტარია წარადგინა. ხოშტარია პარლამენტის წევრია. 2007-2012 წლებში ის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის პირველი მოადგილე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის სათავეში იყო.  

თბილისის მერობისთვის იბრძვიან ასევე პრორუსული “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ირმა ინაშვილი, “ლეიბორისტი” გიორგი გუგავა, “კონსერვატორი” კახა კუკავა და სხვები. სულ თბილისის მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის.

თბილისის სივრცითი მოწყობა, ეკოლოგიისა და საცობების პრობლემები, – ეს ის საკითხებია, რომლებიც თითქმის ყველა კანდიდატის პროგრამაში წინა პლანზეა.

მართალია, სოციალური პრობლემები, უმუშევრობა, დაბალი პენსიები და სიღარიბე ქვეყანაში კვლავ აქტუალურია, თუმცა თბილისელი ამომრჩეველისთვის სულ უფრო პრიორიტეტული ხდება ისეთი კონკრეტული ურბანული საკითხები, როგორებიცაა ქალაქის მოწყობა, ინფრასტრუქტურული პრობლემები, მოუწესრიგებელი მუნიციპალური ტრანსპორტი და  ეკოლოგია, რაც ამ არჩევნების კიდევ ერთი სიახლეა.


ასევე წაიკითხეთ