სამხრეთ ოსეთში პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენცია საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ გამწვავდა " />

ვის უფრო ემხრობა მოსკოვი სამხრეთ ოსეთში – ყოფილ თუ ახლანდელ პრეზიდენტს?

სამხრეთ ოსეთში პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენცია საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ გამწვავდა

საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილმა, რომელიც ცხინვალში 22 მარტს გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა, სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ წრეებში მწვავე დისკუსიები გამოიწვია. ფაქტობრივად, განხილვის მთავარ თემად იქცა საკითხი – მოსკოვში სამხრეთ ოსეთის რომელი პოლიტიკური ძალის მიმართ არიან  უფრო ლოიალურები, და შესაბამისად, ვის მეტად უჭერენ მხარს.

საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი სამხრეთ ოსეთის მილიციამ 2018 წლის 22 თებერვალს დააკავა. იმავე ღამეს ცხინვალში „კგბ“-ში დაკითხვის შემდეგ ის გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მიუხედავად თბილისის მოთხოვნისა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მხარს უჭერდნენ, ოჯახს მისი ცხედარი დაგვიანებით – მხოლოდ 20 მარტს გადასცეს.

საქართველოს მხარეს მისი სიკვდილის მიზეზების  შესახებ წარუდგინეს რუსეთის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ტატუნაშვილი გარდაიცვალა გულის მწვავე  უკმარისობით, რომელიც მას მიოკარდის მწვავე იშემიის შედეგად განუვითარდა.

დასკვნაში ასევე ნათქვამი იყო, რომ სხეულზე, ქვედა და ზემო კიდურებზე მას აღენიშნებოდა დაჟეჟილობები და დაზიანებები, რომლებიც კვალიფიცირებული იყო როგორც „ჯანმრთელობისთვის მსუბუქი ზიანის მიყენება“.

დაღუპულის ოჯახი ამ ვერსიას არ ეთანხმება და ირწმუნება, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. ეს ვერსია საქართველოს ხელისუფლებასაც აეჭვებს. თბილისში მიაჩნიათ, რომ დაღუპულის გვამს ამდენ ხანს იმიტომ არ გადასცემდნენ, რომ მას დარტყმების და დაზიანებების კვალი ემჩნეოდა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ, ოსეთის ექს-პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ხელისუფლების მწვავე კრიტიკით გამოვიდა. მან უარყო ცხინვალის ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ ტატუნაშვილი დივერსანტი იყო და მომხდარის შესახებ საკუთარი ვერსია წარმოადგინა. მისი აზრით, ტატუნაშვილთან დაკავშირებული მთელი ეს ისტორია მიზნად საერთაშორისო საზოგადოების წინაშე რუსეთის დისკრედიტირებას ისახავდა, ეს მიზანი კი იმის გამო დაისახეს, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება თბილისიდან ზეწოლას განიცდის.

„საქართველოს ახლა დიდი საინფორმაციო უპირატესობა აქვს, მთელი საერთაშორისო საზოგადოებრიობა ისევ რუსეთის ფედერაციას ემუქრება. ამ საქმემ უკვე ჰპოვა საერთაშორისო გამოხმაურება. ტატუნაშვილის საქმე დასავლეთისთვის და საქართველოსთვის, შესაძლოა, 2008 წლის მოვლენების რევიზიის ორგანიზების მიზეზად იქცეს“, – განაცხადა ედუარდ კოკოითიმ.

ამის წინააღმდეგ პროტესტი პირველად პარლამენტის სპიკერმა, მმართველი პარტიის „ედინაია ოსეტიას“ წევრმა პიოტრ გასიევმა გამოთქვა და კოკოითი საპასუხოდ დაადანაშაულა პრო-ქართულ საქმიანობაში:  

„რაც არ უნდა დიდი გასაქანი მისცე ფანტაზიას, ყველაზე მეტად ვის აძლევს ხელს, თუ არა ქართულ მხარეს, ის განცხადება, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ დივერსიაში ედება ბრალი?“

ამის შემდეგ ყოფილ პრეზიდენტს ახლანდელმა პრეზიდენტმა უპასუხა. ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სამხრეთი ოსეთის ხელმძღვანელობის ქმედებები სწორი იყო და ეს მარტის ბოლოს ჟენევის დისკუსიებზე დადასტურდა – „სამხრეთი ოსეთის მხრიდან საქმის დაფარვის შესახებ არგუმენტებს ევროპელებიც დაეთანხმნენ“, – თქვა ბიბილოვმა.

შემდეგ მან საკმაოდ სარკასტულად მოიხსენია ზოგიერთი ადგილობრივი პოლიტიკოსი, რომლებსაც, თითქოს რუსეთი აღარ აფინანსებს და მათ, სამხრეთი ოსეთის ხელისუფლების კრიტიკის გარდა, სხვა აღარაფერი დარჩენიათ.

ბიბილოვს არავინ დაუსახელებია, თუმცა კოკოითის მომხრეებმა ეს განცხადება ექს-პრეზიდენტის ბოსტანში ნასროლ კენჭად აღიქვეს. Facebook-ში პრეზიდენტისადმი პირდაპირი კითხვების დასმა დაიწყეს – მწვავე დისკუსიაში ის თავადაც ჩაერთო და დაწერა, რომ ის „არავის დაშინებას არ ცდილობს“ და მზადაა, თავად გასცეს კოკოითის პასუხები.

JAMnews-მა რამდენიმე ექსპერტს მიმართა და სამხრეთი ოსეთის პოლიტიკურ ველზე არსებული გამწვავების თაობაზე კომენტარის გაკეთება სთხოვა.    

წყარო ედუარდ კოკოითის გარემოცვიდან, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელის უფლება არ მოგვცა :

„ოფიციალური ხელისუფლების განმარტებები იმის თაობაზე, თითქოს გვამი იმიტომ არ გადასცეს, რომ რუსეთის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს ელოდნენ, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს სიცრუე აღმოჩნდა. ოფიციალური დასკვნა წარდგენილი არ იყო, არსებულ დოკუმენტში ისიც კი არ არის დასახელებული, თუ კონკრეტულად ვინ დაადასტურა, რომ ტატუნაშვილი „გულის უკმარისობით“ გარდაიცვალა.

აშკარაა, რომ სამხრეთი ოსეთის ხელისუფლებამ თავადვე მოექცა ჩიხში. ტატუნაშვილის ირგვლივ არსებულ მოვლენათა ჯაჭვში თითოეული ეპიზოდი ყველაზე უარესი და საშინელი ვარიანტით ვითარდებოდა. ის ლენინგორის რაიონში ადგილობრივ სამართალდამცველებთან პირადი კონფლიქტის შემდეგ დააკავეს. შემდეგ გადაიყვანეს ცხინვალში, სადაც გაუგებარია, თუ ვინ აწარმოებდა მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებებს. გადაყვანისას მან „ბადრაგისთვის იარაღის წართმევა სცადა, კიბეზე დაგორდა და ამგვარად მიიღო უამრავი დაზიანება და დაჟეჟილობა“. ის  მიიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ტატუნაშვილი „გულის უკმარისობით“ გარდაიცვალა. შემდეგ კი მის გვამს მთელი თვის განმავლობაში არ გადასცემდნენ ნათესავებს, იმის გამო, რომ „სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ელოდნენ“.

ტატუნაშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში  ლენინგორის რაიონში ცხოვრობდა, და თუ ის ახლა უცბად დივერსანტი აღმოჩნდა, მაშინ ჩნდება კითხვა: ამდენი წლის განმავლობაში ეს როგორ გამოეპარათ?  

მთელი ეს შეუსაბამობები იმაზე მეტყველებს, რომ ორგანოებს (ძნელია, მათ კომპეტენტური უწოდო) უბრალოდ თავი მოეჭრათ. მაგრამ უბედურება მხოლოდ ეს არ არის, რესპუბლიკის ხელისუფლებას იმდენი ვაჟკაცობაც კი არ ეყო, რომ მარცხი ეღიარებინა, სამსახურეობრივი შემოწმება ჩაეტარებინა და დამნაშავეები დაესაჯა.

ამის ნაცვლად, ხელისუფლებამ ამ საქმის მიჩქმალვა სცადა. მაგრამ ეს მცდელობებიც არადამაჯერებელი იყო. ხომ შესაძლებელი იყო დაღუპულის გვამი ნათესავებისთვის გადაეცათ და ის ლენინგორის რაიონში დაესაფლავებინათ. ეს რატომღაც  არ გამოვიდა.

პრეზიდენტს ტატუნაშვილის ცხედარის ოჯახისთვის გადაცემის თხოვნით  რუსეთიდნ ვინ აღარ მიმართა – სამხრეთ ოსეთში სახელგანთქმული და დაფასებული დირიჟორი გერგიევიდან დაწყებული, პატრიარქი კირილით დასრულებული. ყველა ეს თხოვნა იგნორირებული იყო.

უცნობია, თუ რა ინფორმაციას ფლობს კოკოითი – მაგრამ ზემოთ ჩამოთვლი ყველა ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ტატუნაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის თაობაზე ხელისუფლების ოფიციალური ვერსია უსუსურია.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მომავალში სიტუაცია მხოლოდ გამწვავდება. ხელისუფლების მიერ რესპუბლიკის ყველა სერიოზული და საჭირბოროტო საკითხის გადაჭრას საზოგადოების მხრიდან გაუგებრობა და უარყოფა ხვდება.

რუსი ექსპერტი, კავკასიისა და რეგიონული უსაფრთხოების  პრობლემათა ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლაი სილაევი  :

„არ ვაპირებ იმის განჯას, თუ რატომ არ გადასცემდა სამხრეთი ოსეთის მხარე ამდენი ხნის განმავლობაში არჩილ ტატუნაშვილის გვამს. მაგრამ მეეჭვება, რომ კოკოითი ის ადამიანი იყოს, ვინც სამხრეთი ოსეთის ხელისუფლებას მოსკოვიდან მომავალ სიგნალებს გადასცემს, იმიტომ, რომ მოსკოვთან მას არცთუ კარგი ურთერთობა აქვს.

ის სხვა საკითხია, რომ კოკოითი აშკარად არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას. მას რაიმენაირად სურს, რომ დაბრუნდეს და მისი გამონათქვამები, შესაძლოა, მოსკოვისთვის იყოს განკუთვნილი – რათა იქიდან შექება მიიღოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ამის თქმა მოსკოვმა დაავალა. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მას მოსკოვის მოთხოვნა  ამგვარად ესმის. შესაძლოა, ცდება, მაგრამ ის ასე ხედავს“.

სამხრეთელი ოსი ექსპერტი იური ვაზაგოვი:

„ვერ ვიტყვი, რომ კოკოითის განცხადებამ ჩვენს საზოგადოებაში რაიმე დისკუსია გამოიწვია. ეს, შესაძლოა, პოლიტიკური ხასიათის გამოხტომა იყოს – მაგრამ, ეს უფრო სხვა პოლიტიკური პროცესების გამოძახილია. ტატუნაშვილის კერძო საქმე სამხრეთი ოსეთის ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირების გამოვლინებად იქცა”.  

პუბლიკაციის ტერმინები, ტოპონიმები, აზრები და იდეები აუცილებელი არ არის, რომ  JAMnews-ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების აზრებსა და იდეებს ემთხვეოდეს.  JAMnews უფლებას იტოვებს, პუბლიკაციებისთვის დართული ისეთი კომენტარები წაშალოს, რომლებიც შეურაცხმყოფელად, მუქარის შემცველად, ძალადობისკენ მოწოდებად ან რაიმე სხვა მიზეზით ეთიკურად მიუღებლად იქნება შეფასებული
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ