მიზეზი - ოპოზიციის კანდიდატი მოწამლეს; მისი მომხრეების აზრით, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ არ მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება" />

აფხაზეთში ოპოზიციამ დაუმორჩილებლობა გამოაცხადა

მიზეზი - ოპოზიციის კანდიდატი მოწამლეს; მისი მომხრეების აზრით, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ არ მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება

20 მაისს, სოხუმში, პარლამენტის შენობის წინ, საპროტესტო აქციაზე გამოსული ასობით ადამიანი 21 ივლისს დანიშნული აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემოდგომისთვის გადადებას ითხოვდა. აღნიშნულის მიზეზი იყო ის, რომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ასლან ბჟანია მოწამლეს და ამით არჩევნებში მონაწილეობისგან მისი ჩამოშორება სცადეს.

• მოსაზრება: რატომ ვერ შეცვლის ვერცერთი ახალი პრეზიდენტი აფხაზეთში ვერაფერს

დღისით ამ საკითხზე პარლამენტში სესია გაიმართა. დეპუტატები არჩევნების თარიღის გადადების საკითხზე, შენობის გარეთ მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე მსჯელობდნენ. პარლამენტთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის მომხრეებს შორის, რამდენიმე შეტაკება მოხდა, მაგრამ მათი დაშოშმინება მალე მოხერხდა.

განხილვის შემდეგ, დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა არჩევნების თარიღის გადადების იდეას.

ამრიგად, ოპოზიციამ სასწრაფოდ უნდა მოძებნოს ახალი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რადგან ძველი თარიღი დარჩა – 21 ივლისი.

თუმცა, ამის ნაცვლად, ოპოზიცია უვადო საპროტესტო აქციებს აანონსებს.

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის შემოდგომისთვის გადადებას – რაც ავტომატურად მოქმედი პრეზიდენტისთვის, რაულ ხაჯიმბასთვის უფლებამოსილების გაგრძელებას ნიშნავდა – საჭირო იყო დეპუტატთა ორი მესამედის მხარდაჭერა, ანუ საჭირო იყო 35-დან 22 ხმა.

მაგრამ არჩევნების გადადების იდეას მხარი მხოლოდ 14-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ოფიციალურად, წინასაარჩევნო კამპანია აფხაზეთში 21 მაისს იწყება.

ახლა უკვე ნათელია, რომ საპრეზიდენტო რბოლის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული ასლან ბჟანია – არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს. ის ერთი თვის წინ მოწამლეს, ამაზე ნათლად მეტყველებს ექსპერტიზის შედეგები, რომლებიც პარლამენტის სხდომაზე 16 მაისს წარადგინეს.

  ასლან ბჟანია 19 აპრილიდან მძიმე მდგომარეობაში მოსკოვის საავადმყოფოში იმყოფება. მას სუნთქვითი ფუნქციები აქვს დარღვეული და ლაპარაკი არ შეუძლია. მისი ჰოსპიტალიზაციიდან ორ დღეში, ავადმყოფობის იმავენაირი ნიშნებით იქვე მოათავსეს ოპოზიციონერის ორი პირადი მცველი, თუმცა, არა ისეთი მწვავე ფორმებით. დაცვის წევრები საავადმყოფოდან გაწერეს, მაგრამ მკურნალობას აგრძელებენ. თუმცაკი, არ კეთდება არანაირი პროგნოზი იმის შესახებ, თუ როდის დატოვებს საავადმყოფოს თავად ბჟანია.

ბჟანიას ნათესავების მიერ მიუნხენის ერთ-ერთი ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზები, პოლიტიკოსის ორგანიზმში დიდი დოზით მეტალის არსებობაზე მეტყველებს. კერძოდ, ვერცხლისწყლისა და ალუმინის. ექიმების თქმით, ისინი იქ თავისით ვერ მოხვდებოდა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ანალიზები გაკეთდა სისხლის გაწმენდის ორი პროცედურის (პლაზმოციტოფორეზი) შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ პირველადი მაჩვენებლები კრიტიკულთან იყო ახლოს.

გაერთიანებული ოპოზიცია აპირებს, რომ გააგრძელოს 21 მაისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების შემოდგომისთვის გადადების მოთხოვნა. ამასთან, ოპოზიციის ცალკეული მხარდამჭერები პირადად პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ადანაშაულებენ ასლან ბჟანიას მოწამვლაში.

თუმცა, ხელისუფლების დანაშაულის არანაირი პირდაპირი და ირიბი მტკიცებულება არ არსებობს.

20 მაისს, აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ასლან ბჟანიაზე განხორციელებულ თავდასხმაში:

„ოპოზიცია ან მისი ცალკეული წარმომადგენლები ცდილობენ ისე წარმოადგინონ, თითქოს სწორედ ხელისუფლებაა ამასთან კავშირში. მე თავის მართლებასა და საპირისპიროს მტკიცებას არ ვაპირებ. ამისთვის პროკურატურის შესაბამისი სამსახურები არსებობს და თუკი ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს – ვალდებულია მიმართოს სტრუქტურებს და დაარქვას ყველაფერს თავისი სახელი“.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ