"გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე საჯარო აქტივობას წყვეტს. მისი ოჯახის წევრს კორონავირუსი აქვს
გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც პოლიტიკოსი საჯარო აქტივობებს წყვეტს და საარჩევნო კამპანიას ონლაინ რეჟიმში გააგრძელებს.
ამის შესახებ ჯაფარიძემ ფეისბუკზე დაწერა.
“კოსტას, უმცროს შვილს, მოუვიდა დადებითი პასუხი კოვიდტესტზე. მაღალი სიცხე ჰქონდა 3 დღე, (სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია) და საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ამჟამად ბევრად უკეთესადაა.
სხვა ოჯახის წევრები კარგად ვართ, მათ შორის ნატა დაიტესტა და უარყოფითი პასუხი მოვიდა. სამწუხაროდ, ჩემი საჯარო აქტივობები უნდა შევზღუდო.
კამპანიას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გავაგრძელებ. 31-ში უნდა მოვიგოთ”, – წერს ჯაფარიძე.
___________________________
ზურა ჯაფარიძე პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” ლიდერია და მაჟორიტარობის კანდიდატი დიდუბის საარჩევნო ოლქში.
მოძრაობა “გირჩი” კორონავირუსის გამო მკაცრი შეზღუდვების წინააღმდეგია და ვირუსთან ბრძოლის შვედურ მოდელს უჭერს მხარს. რამდენიმე დღის წინ, “გირჩმა” ორგანიზება გაუკეთა საქართველო – ბელარუსის საფეხბურთო მატჩის დიდ ეკრანზე ჩვენებას, მას შემდეგ, რაც ხელისუფლების გადაწყვეტილებით სტადიონზე გულშემატკივრები არ დაუშვეს. ჩვენებაზე ბევრი ხალხი მოვიდა და უმრავლესობას პირბადე არ ეკეთა, რაც “გირჩის” კრიტიკის მიზეზი გახდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 22 803 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 401 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 178 კი გარდაიცვალა.