უკრაინამ ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა
უკრაინამ ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა
ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიშვილი, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი ტატე მამაცაშვილი – ასე გამოიყურება სანქცირებულთა სია, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა. განკარგულება პრეზიდენტის გვერდზეა გამოქვეყნებული.
უკრაინული სანქციები შეეხო 3 800 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. დასანქცირებულ პირთა შორის არიან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი პაველ ლებედევი, ასევე ოლიგარქები სერგეი კურჩენკო და ოლეგ დერიპასკა.
რას გულისხმობს სანქციები
სანქციების სიაში მოხვედრილ პირებს გაეყინებათ აქტივები – ისინი დროებით ვერ შეძლებენ საკუთარი ქონების გამოყენებასა და განკარგვას, ასევე იმ ქონების განკარგვასაც, რომელსაც ისინი ირიბად ფლობენ.
აღნიშნულ პირებს ეკრძალებათ არსებული კაპიტალის უკრაინის საზღვრებს გარეთ გატანა, მიწის ნაკვეთების შეძენა, ქონების გადაცემა/გასხვისება, სავაჭრო ოპერაციების შესრულება, რესურსების ტრანზიტი.
სანქციები 13 პუნქტისგან შედგება და მათი მოქმედების ვადა 10 წლით არის განსაზღვრული:
1) აქტივების ბლოკირება – ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული აქტივების გამოყენებისა და განკარგვის უფლების დროებით ჩამორთმევა
2) სავაჭრო ოპერაციების სრული შეწყვეტა
3) უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტის, ფრენების და ტრანსპორტირების ნაწილობრივი ან სრული შეწყვეტა;
4) უკრაინიდან კაპიტალის გატანის პრევენცია;
5) ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერება;
6) ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმება ან შეჩერება;
7) უცხო სახელმწიფოს რეზიდენტების მიერ პირდაპირ ან ირიბად კონტროლირებად ან მათი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედი პირების პრივატიზაციაში, სახელმწიფო ქონების იჯარაში მონაწილეობის აკრძალვა;
8) უკრაინის შიდა წყლებში, პორტებსა და უკრაინის საჰაერო სივრცეში უცხოური არასამხედრო გემებისა და სამხედრო გემების შესვლის აკრძალვა ან შეზღუდვა;
9) უცხო სახელმწიფოში ინვესტიციების განხორციელების, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ანგარიშებზე და დეპოზიტებზე სავალუტო ღირებულების განთავსების ნებართვების, ეროვნული ბანკის ლიცენზიების გაცემის აკრძალვა;
10) უცხო სახელმწიფოდან უკრაინაში იმპორტის ნებართვების, ლიცენზიების გაცემის ან უკრაინიდან ვალუტის ღირებულების ექსპორტის შეწყვეტა;
11) ტექნოლოგიების გადაცემის აკრძალვა, უფლებების გადაცემა ინტელექტუალურ საკუთრებაზე;
12) უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევა და აღნიშვნის სხვა ფორმები;
13) მიწაზე საკუთრების უფლების შეძენის აკრძალვა.
სანქციების კონტროლზე პასუხისმგებელი უკრაინის უსაფრთხოების საბჭო და ეროვნული ბანკი არიან.
● The Washington Post: თუ ივანიშვილი პუტინის მხარდაჭერას განაგრძობს, დასანქცირდება
● ყველა ამბობს, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობაა. რაში გამოიხატება ის? მაგალითები
● კელი დეგნანი ივანიშვილთან შეხვედრას ადასტურებს: “არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ომში ჩართვაზე”
ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი და ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში ამბობდა, რომ უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, განიხილავდნენ სანქციების დაწესებას საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, თუმცა მაშინ მას ვინაობები არ დაუკონკრეტებია.
8 სექტემბერს გამოქვეყნდა USAID-ის დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში სახეზეა ქართველი ოლიგარქის მიერ სახელმწიფოს მიტაცება.
2012 წლის შემდგომ პერიოდზე USAID-ი წერს: ოლიგარქიული მმართველობის დომინირება, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება და კორუმპირებული ჩინოსნების დაუსჯელობის სინდრომი.
ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირების თემამ აქტუალობა კიდევ ერთხელ შეიძინა 5 სექტემბერს, როდესაც უკრაინულმა მხარემ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი დასანქცირების კანდიდატთა სიაში შეიყვანა. ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს სანქცირების ჯგუფის ვებგვერდზე გავრცელდა.
აღნიშნულ სიაში მოხვედრის მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის მხარდაჭერაა დასახელებული. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ კანდიდატებს რუს ოლიგარქ ევტუშენკოვთან კავშირი აერთიანებს. 12-კაციან სიაში ივანიშვილთან ერთად მოხვდა მისი ძმა, ალექსანდრე ივანიშვილიც. ჩამონათვალშია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი.