უკრაინა ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირებას ითხოვს
უკრაინამ ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა
უკრაინულმა მხარემ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი დასანქცირების კანდიდატთა სიაში შეიყვანა. ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს სანქცირების ჯგუფის ვებგვერდზე ვრცელდება.
აღნიშნულ სიაში მოხვედრის მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის მხარდაჭერაა დასახელებული. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ კანდიდატებს რუს ოლიგარქ ევტუშენკოვთან კავშირი აერთიანებს.
12-კაციან სიაში ივანიშვილთან ერთად მოხვდა მისი ძმა, ალექსანდრე ივანიშვილიც. ჩამონათვალშია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი.
უკრაინის მიერ დაკომპლექტებული საერთაშორისო ექსპერტების სანქციების ეფექტურობის ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული სია ასე გამოიყურება:
• ბიძინა ივანიშვილი
• ალექსანდრე ივანიშვილი
• ქეთევან ხარაიძე
• ირაკლი რუხაძე
• გიორგი კაპანაძე
• უჩა მამაცაშვილი
• ტიტე მამაცაშვილი
• ვანო ჩხარტიშვილი
• დავით ხიდაშელი
• სულხან პაპაშვილი
• ლევან ვასაძე
• ოთარ ფარცხალაძე
სანქციების სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში ჯონ ჰერბსტი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ “ეს არის ხალხი, რომელთა მეშვეობითაც ივანიშვილი არაფორმალურად, ოლიგარქიულად მართავს ქვეყანას, ანგრევს დემოკრატიულ საფუძვლებს და ევროპულ პერსპექტივას”.
მისივე განმარტებით, პორტალი, რომელზეც ამ ადამიანთა გვარები განთავსდა, დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და მას ყურადღებას აქცევენ პარტნიორები, როდესაც საბოლოო სანქცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ.
“ეს არ არის უბრალოდ უკრაინის მიერ გამოთქმული სურვილი. პორტალი, რომელზეც განთავსდა ადამიანების გვარები, არის საერთაშორისო, დიდი ავტორიტეტით მოსარგებლე პორტალი, ამას აქცევენ ყურადღებას პარტნიორები და ამით ხელმძღვანელობენ ამერიკელები, ევროკავშირი, ბრიტანეთი და სხვა დასავლელი პარტნიორები, როდესაც იღებენ გადაწყვეტილებას საბოლოო სანქცირების შესახებ.” – ამბობს ხოშტარია.
როგორც “დროას” ლიდერი აღნიშნავს, ეს არის დასაბუთებული, დამუშავებული და არგუმენტირებული სია. მისი თქმით, აქ არის არა უბრალოდ გვარები, არამედ პირდაპირ არგუმენტები, თუ რატომ უნდა დასანქცირდეს ეს ხალხი:
“ეს არის დიდი ნაშრომი ჩვენი არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების, ყველა ჟურნალისტის, იმ საგამოძიებო შრომისა, რომლებიც გასწიეს, რამაც თავი მოიყარა და საბოლოოდ მიიღო ეს საერთაშორისოდ აღიარებული სახე.”