უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინი სავალდებულო აღარ იქნება
დღეიდან, 21 ოქტომბრიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უცხოეთიდან საქართველოში ჩამოდიან, 12 დღიან სავალდებულო კარანტინს აღარ გაივლიან, როგორც ეს აქამდე იყო.
საკმარისი იქნება საზღვარზე ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენა.
თუ მოქალაქეს ტესტის პასუხი არ ექნება, მას საკარანტინე სივრცეში გადაიყვანენ.
“მოქალაქეებს ექნებათ არჩევანი კარანტინი PCR ტესტით ჩაანაცვლონ, თუმცა, თუ ვინმეს არ აქვს საშუალება, შესაძლებლობა და დრო, რომ გაიკეთოს PCR ტესტი, ამ შემთხვევაში მთავრობა მათ უფასო საკარანტინო სასტუმროში გადაიყვანს,” – აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
ეს გადაწყვეტილება 20 ოქტომბერს მიიღო უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ.
________________________
კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, თითქმის შვიდი თვის განმავლობაში, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც უცხოეთიდან საქართველოში შემოდიოდა, თავდაპირველად გადიოდა სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, შემდეგ ეს ვადა 12 დღემდე შემცირდა, ბოლო თვეს კი 8 დღემდე.
კარანტინს მოქალაქეების ქვეყნის მასშტაბით არსებულ სასტუმროებში გადიოდნენ – მათი იქ ყოფნის ხარჯებს, მათ შორის კვებასაც, სახელმწიფო ბიუჯეტი ფარავდა.
მხოლოდ 22 მაისის მდგომარეობით, სავალდებულო კარანტინი 19 002-მა ადამიანმა გაიარა, რაც ბიუჯეტს 32.5 მილიონი ლარი დაუჯდა.
ექსპერტების ნაწილი გაუმართლებლად მიიჩნევდა კარანტინში გაღებულ დიდ ხარჯებს, რის გამოც აკრიტიკებდა ხელისუფლებას.