თსუ-მ გაითვალისწინა ომბუდსმენის მიმართვა და სასწავლო მასალიდან ჰომოფობიური ლიტერატურა ამოიღო
სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატმა გაითვალისწინა მათი მიმართვა და ის სასწავლო მასალა, რომელიც ჰომოფობიურ შინაარსს ატარებდა, სხვა შესაბამისი სახელმძღვანელოებით ჩაანაცვლა.
“სახალხო დამცველის აპარატმა ფაკულტეტის ადმინისტრაციას მიმართა და დეკანთან კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად, დისკრიმინაციული ხასიათის სასწავლო მასალა ამოღებულ იქნა სავალდებულო ლიტერატურიდან”, – აცხადებენ აპარატში.
მათივე ინფორმაციით, სასწავლო პროგრამებს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამის რეკომენდაციებს მისცემს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხრიდან რეკომენდაციების გაზიარება სამომავლოდ კარგ პრეცედენტს შექმნის სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
_________________________________
● ადამიანი, რომელიც ლესბოსელ წყვილს თავს დაესხა, სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა
● ლევან ვასაძის თქმით, მალე მისი მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება
● ცხოვრება სიძულვილის გარემოში. რას ჰყვებიან ლგბტ ადამიანების მშობლები
________________________________
CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ლგბტ ადამიანების მიმართ ტოლერანტობის დონე საქართველოში ძალიან დაბალია.
ჰომოსექსუალებთან არა თუ პირად, არამედ საქმიან ურთიერთობებსაც კი არ ისურვებდა გამოკითხულთა 70 პროცენტი. მხოლოდ 22-მა პროცენტმა უპასუხა ამ კითხვას დადებითად. გამოკითხვის ფარგლებში მონაწილეებს სთხოვეს დაესახელებინათ ის ჯგუფები, რომლებსაც მეზობლებად არ ისურვებდნენ.
ნარკოდამოკიდებულების (67%) და კრიმინალების (67%) შემდეგ გამოკითხულებმა ლგბტ ადამიანები დაასახელეს – მათ მეზობლად არ ისურვებდა გამოკითხულთა 54 პროცენტი.
ყველაზე ტოლერანტულები გამოკითხულები შეზღუდული შესაძლებლობების პირების მიმართ აღმოჩნდნენ – მხოლოდ ერთმა პროცენტმა თქვა, რომ ასეთ ადამიანებს მეზობლად არ ისურვებდა.