ადამიანი, რომელიც ლესბოსელ წყვილს თავს დაესხა, სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა
Tbilisi Pride-ის თანამშრომელზე და მის ლესბოსელ პარტნიორზე თავდამსხმელი სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ნინო ბოლქვაძემ გაავრცელა.
20 აპრილს, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ლესბოსელ წყვილს, მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, მეზობელი კაცი ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა. როგორც Tbilisi Pride-ის განცხადებაშია ნათქვამი, ჰომოფობიური ინციდენტები თავდამსხმელის მხრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი დაზარალებული ამ ორგანიზაციაშია დასაქმებული.
“20 აპრილის საღამოს წყვილი სახლში მანქანით დაბრუნდა, როდესაც ეზოში მყოფმა მათ სადარბაზოშივე მცხოვრებმა, დაახლოებით 35 წლის, სავარაუდოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაუწყო. მოძალადე იგინებოდა და იყენებდა სხვა დამამცირებელ გამონათქვამებს: “წადით აქედან ლეზბიანკებო!”, “წაეთრიეთ ამ სახლიდან, აქ თქვენი ადგილი არ არის!”, “აქ თქვენ მანქანას ვეღარ გააჩერებთ!” და ა.შ.”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
მათი თქმით, გოგონებმა ბავშვი უსაფრთხოების მიზნით მანქანაში დატოვეს, თავად კი გადმოვიდნენ ავტომობილიდან. ამის შემდეგ მოძალადე ერთ-ერთს მიუახლოვდა, შეაფურთხა და განაგრძო ჰომოფობიური შეურაცხყოფა:
“ყვირილზე შეგროვდნენ სხვა მეზობლებმაც, თუმცა არც ერთ მათგანს მსხვერპლებისთვის დახმარება არ აღმოუჩენია. ინციდენტი ამით არ ამოწუწულა, მოძალადემ ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი დანა, გაშალა და წყვილს ემუქრებოდა. ერთ-ერთმა მსხვერპლმა მოახერხა პოლიციის გამოძახება და აღნიშნული ინციდენტის ტელეფონით გადაღება.”
მოგვიანებით პოლიციამ მოძალადე დააკავა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით (იძულება), 151-ე მუხლით (მუქარა) და 284-ე მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) წარუდგინა, თუმცა დღეს, მოძალადე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
“წარმოუდგენელი უსამართლობაა ჯერ საერთოდ ვერ დაინახო დანაშაულში სიძულვილის მოტივი და შემდეგ მოძალადე, რომელიც გაშლილ დანას ატრიალებს, თანაც ბავშვის თვალწინ, 3000 ლარის გირაოს საფასურად თავისუფლებაზე გაუშვა იმ სივრცეში, სადაც მსხვერპლი ისევ საფრთხეშია. ესაა მართლმსაჯულება?!” – წერს ფსიქოლოგი მაია ცირამუა საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე.
__________________________________
• ორი აქცია კანცელარიასთან: ერთმანეთს ლგბტ-პრაიდის მომხრეები და მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ
• “არასოდეს ვიცი, სახლში ცოცხალი დავბრუნდები თუ არა”
● ცხოვრება სიძულვილის გარემოში. რას ჰყვებიან ლგბტ ადამიანების მშობლები
_______________________________
CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ლგბტ ადამიანების მიმართ ტოლერანტობის დონე საქართველოში ძალიან დაბალია.
ჰომოსექსუალებთან არა თუ პირად, არამედ საქმიან ურთიერთობებსაც კი არ ისურვებდა გამოკითხულთა 70 პროცენტი. მხოლოდ 22-მა პროცენტმა უპასუხა ამ კითხვას დადებითად. გამოკითხვის ფარგლებში მონაწილეებს სთხოვეს დაესახელებინათ ის ჯგუფები, რომლებსაც მეზობლებად არ ისურვებდნენ.
ნარკოდამოკიდებულების (67%) და კრიმინალების (67%) შემდეგ გამოკითხულებმა ლგბტ ადამიანები დაასახელეს – მათ მეზობლად არ ისურვებდა გამოკითხულთა 54 პროცენტი.
ყველაზე ტოლერანტულები გამოკითხულები შეზღუდული შესაძლებლობების პირების მიმართ აღმოჩნდნენ – მხოლოდ ერთმა პროცენტმა თქვა, რომ ასეთ ადამიანებს მეზობლად არ ისურვებდა.