თბილისის ცენტრში ტრანსგენდერმა ქალმა თავის დაწვა სცადა
თბილისში, მერიის შენობის წინ ტრანსგენდერმა ქალმა პროტესტის ნიშნად თავის მოკვლა სცადა.
მისი გადარჩენა პოლიციელებმა შეძლეს და მრავლობითი დამწვრობებით საავადმყოფოში მიიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პროტესტის უკიდურეს ფორმას მადონა კიპაროიძემ მას შემდეგ მიმართა, რაც ქუჩაში, ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ის ამბობს, რომ უმუშევრად დარჩა, რის გამოც ქირას ვერ იხდის.
„მე ვარ ტრანსგენდერი ქალი და იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფო ჩემზე არ ზრუნავს, თავს ვიკლავ. სხვა გამოსავალი ვერ ვიპოვე, რომ სახელმწიფოს ყურადღება მიექცია.“ – თქვა მან საპროტესტო აქციაზე, რომელიც ტრანსგენდერმა ქალებმა მერიის შენობის წინ ხუთშაბათს გამართეს.
სწორედ ამ აქციის მსვლელობის დროს სცადა მან თავის მოკვლა.
______________________________
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა – ვინ რა დახმარებას მიიღებს
- დამოკიდებულება ლგბტ საზოგადოების მიმართ: საქართველო 24-ე ადგილზეა
- ცხოვრება სიძულვილის გარემოში. რას ჰყვებიან ლგბტ ადამიანების მშობლები
ტრანსგენდერი ქალები ამბობენ, რომ უკიდურეს გაჭირვებაში უწევთ ცხოვრება. მათი უმრავლესობა დარჩენილია ოჯახების გარეშე, რადგან მათი ოჯახის წევრები უარს ამბობენ მათთან ურთიერთობაზე. უმრავლესობა ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და თავს ყოველდღიური შრომით ირჩენენ.
კორონავირუსის პანდემიამ მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
ისინი უმუშევრად დარჩნენ და ბინის ქირას ვეღარ იხდიან. საქართველოში სულ 50 ტრანსგენდერი ქალია. ერთი თვის ქირის თანხა მათ სამოქალაქო აქტივისტებმა მოუგროვეს. ახლა მეორე თვის ქირაა გადასახდელი და ტრანსგენდერებმა დახმარების თხოვნით სახელმწიფოს მიმართეს.
მათი მთავარი მოთხოვნაა, სახელმწიფომ თავშესაფრით უზრუნველყოს, ან ბინის ქირა გადაუხადოს.
თუმცა, არც თბილისის მერია და არც სხვა რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურა ამ დრომდე მათ დასახმარებლად არაფერს აკეთებს.
“მე არ ვიცი, რა უნდა ვთქვა იმ სახელმწიფოზე, რომელიც 50 ყველაზე მიტოვებულ ადამიანს საცხოვრებლის ფულსაც ვერ აძლევს ერთი-ორი თვე. სასოწარკვეთილმა ტრანსმა ქალმა დღეს თავის დაწვა სცადა მერიის წინ, “ – წერს იდა ბახტურიძე, ქალთა უფლებდამცველი.
მომხდარის გამო “თანასწორობის მოძრაობამ” მთავრობას განცხადებით მიმართა და ლგბტქ ადამიანების მხარდაჭერისკენ მოუწოდა:
“კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ტრანსგენდერ ადამიანებს ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა დასაქმებულთა მსგავსად, მათაც შეეზღუდათ საქმიანობის შესაძლებლობა, არამედ ისინი ყველაზე მეტად არიან მოკლებული სოციალურ მხარდაჭერას, რაც ოჯახის, ნათესავების თანადგომაში გამოიხატება,” – წერია განცხადებაში.
“თანასწორობის მოძრაობა” ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ანტიკრიზისულ გეგმაში გაითვალისწინოს ლგბტქ ადამიანების საჭიროებები და აღმოუჩინოს მათ შესაბამისი დახმარება, ბინის ქირის სუბსიდირებით ანდა თავშესაფრის შეთავაზებით;
რამდენიმე დღის წინ სამოქალაქო აქტივისტებმა უმუშევრად დარჩენილი ტრანსგენდერი ადამიანების დასახმარებლად ვიდეორგოლი მოამზადეს, რომელშიც თავადაც მონაწილეობენ.
პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისს.