აფგან მუხტარლი აზერბაიჯანელი ჟურნალისტია, რომელმაც 2015 წლიდან, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან დევნის გამო, ოჯახთან ერთად თავი საქართველოს შეაფარა. ის თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა.
გატაცების მეორე დღეს მუხტარლი ბაქოში აღმოჩნდა, სადაც მას ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, კონტრაბანდასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში წაუყენეს. თავად ჟურნალისტმა მაშინ თქვა, რომ იგი თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს. მას მოგვიანებით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
17 მარტს მუხტარლი მოულოდნელად ციხიდან გაათავისუფლეს და სასწრაფოდ გერმანიაში გაამგზავრეს. მას აზერბაიჯანში ნათესავებთან შეხვედრის უფლებაც არ მისცეს. თავად ჟურნალისტი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მას მხოლოდ სასჯელი შეუცვალა და ციხის ნაცვლად ქვეყნიდან გადასახლებით დასაჯა.