ფონ დერ ლაიენი ერევანში: თუ რუსეთი ბაზარს დახურავს, ევროკავშირი საკუთარ ბაზარს გახსნის
ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტი ერევანში
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით დელეგაცია სომხეთში ჩავიდა. მისი წინა ვიზიტი ერევანში ორი თვის წინ გაიმართა, როდესაც მან მონაწილეობა მიიღო ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტსა და ევროკავშირ-სომხეთის პირველ სამიტში.
თუმცა, ამჯერად ფონ დერ ლაიენი სომხეთში რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის ქვეშ მყოფი ქვეყნის მხარდაჭერის გამოსახატავად ჩავიდა.
მაისიდან რუსეთმა აკრძალა სომხური ხილის, ბოსტნეულის, თევზის პროდუქტების, ალკოჰოლური სასმელებისა და მრავალი სხვა საქონლის იმპორტი, მათი ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამობის მოტივით. რუსეთის ამ შეზღუდვებს ევროკავშირი დაუყოვნებლივ გამოეხმაურა და სომხეთის მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო.
„დღეს აქ ვარ, რათა ნათლად განვაცხადო: თუ რუსეთი თავის ბაზარს სომხური პროდუქციისთვის დახურავს, ევროკავშირი სომხურ პროდუქციას გაუხსნის თავისი 450-მილიონიანი სამომხმარებლო ბაზრის კარს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და ქვეყნის მოქალაქეებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„მათ აირჩიეს დემოკრატია, მშვიდობა და ევროპასთან დაახლოება. ცხადია, ეს ყველას არ მოსწონს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ რუსეთი ცდილობს სომხეთზე ზეწოლა მოახდინოს, რათა ევროკავშირს ზედმეტად არ დაუახლოვდეს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ამ გზაზე მხარს დაგიჭერთ.“
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორია. მისი თქმით, სიტყვები, რომ „სომხეთი და ევროკავშირი ერთმანეთთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ოდესმე“, ყოველდღიურად სულ უფრო რეალური ხდება. მისი შეფასებით, ეს მხოლოდ პოლიტიკური ურთიერთობებით არ შემოიფარგლება და პრაქტიკული დაახლოება უკვე ეკონომიკურ სფეროშიც აშკარად შეინიშნება.
პირისპირ შეხვედრისა და გაფართოებული მოლაპარაკებების დროს მხარეებმა სომხეთის ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერის მექანიზმების განხორციელების საკითხები განიხილეს.
გარდა ამისა, შეხვედრის შემდეგ ნიკოლ ფაშინიანმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
ფინანსური დახმარება და პრეფერენციული სავაჭრო პირობები
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მადლიერება გამოხატა ევროკავშირის მიერ სომხეთის ექსპორტის მიმართულებების დივერსიფიკაციისთვის გამოყოფილი 52 მილიონი ევროს საბიუჯეტო მხარდაჭერის გამო.
ამასთან, მან განაცხადა, რომ ევროკავშირი სომხეთისთვის ავტონომიური სავაჭრო ზომების ამოქმედებას გეგმავს. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სომხური საქონლის ევროკავშირის ბაზარზე იმპორტს. ფაშინიანის ვარაუდით, ეს მექანიზმი ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამგვარად, სომხეთი გახდება პირველი ქვეყანა, რომელსაც არც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს და არც თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმება, თუმცა ამ მხარდაჭერის მექანიზმით მაინც ისარგებლებს.
დემოკრატიის მხარდაჭერა
„სომხეთი აგრძელებს წინსვლას დემოკრატიის, რეფორმების, მშვიდობისა და ევროპასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გზაზე. მოვედი, რომ გითხრათ: შეგიძლიათ ჩვენზე დაყრდნობა“, – ხაზგასმით აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და დაეხმაროს სომხეთს, რომელიც კვლავ რუსეთის ეკონომიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფება.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთი მალე დამატებით 18 მილიონ ევროს მიიღებს ვაჭრობის განვითარებისა და დივერსიფიკაციისთვის.
„ეს დაფინანსება, მაგალითად, ხელს შეუწყობს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს შექმნას, რაც სომხური კომპანიების საექსპორტო პოტენციალის ზრდას წაახალისებს.“
მან ასევე დეტალურად ისაუბრა სომხეთისთვის ავტონომიური სავაჭრო ზომების შემოღების ინიციატივაზე.
„ეს ზომები ევროკავშირში სომხეთის ექსპორტის დაახლოებით 80%-ს ლიბერალიზაციას გაუწევს. შედეგად, ევროკავშირთან თქვენი ვაჭრობის 80% უბაჟო გახდება. ეს გადაწყვეტილება ევროპის ბაზარს გაუხსნის სომხეთის ახალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ბოსტნეულის, ხილისა და მცენარეული წარმოშობის პროდუქციის თითქმის 99%-ს, რომელიც აქამდე ძირითადად რუსეთში გადიოდა. ასევე, ევროკავშირის ერთიანი ბაზარი გაიხსნება თქვენი სასმელებისა და ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტის 90%-ზე მეტისთვის.“
ფონ დერ ლაიენის თქმით, ბოლო თვეებში ევროკავშირის ბაზარზე სომხური ყვავილების ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი შეფასებით, ეს სომხეთსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური პარტნიორობის ახალი ეტაპის „მშვენიერი სიმბოლოა“.
„და ეს მხოლოდ დასაწყისია. ივლისის შუა რიცხვებში სომხეთში ექსპერტებს გავგზავნით, რომლებიც უშუალოდ იმუშავებენ თქვენს მწარმოებლებთან, ბიზნესთან და ექსპორტიორებთან, რათა მათ ევროკავშირთან პრივილეგირებული პარტნიორობის ყველა შესაძლებლობით სრულად ისარგებლონ.“
ევროკავშირის დახმარების შესახებ გაზის ფასის ზრდის შემთხვევაში
პირველი კითხვა, რომელიც სომეხმა ჟურნალისტებმა ევროკომისიის პრეზიდენტს დაუსვეს, შეეხებოდა იმას, როგორ შეძლებდა ევროკავშირი სომხეთის დახმარებას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი სომხეთისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტდა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა უპასუხა, რომ სომხეთს ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული, მრავალმხრივი და ყოვლისმომცველი მიდგომა სჭირდება.
„ისევე, როგორც სომხეთს ვეხმარებით ვაჭრობის დივერსიფიკაციაში, რაც ქვეყნის მდგრადობას ზრდის და აძლიერებს, გვსურს, დავეხმაროთ ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციაშიც.“
მისი თქმით, ევროკავშირს ამ სფეროში მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუგროვდა. მან გაიხსენა, რომ მსგავსი გამოწვევების წინაშე კავშირი უკვე იდგა უკრაინაში, მოლდოვასა და თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ
„სომხეთი ერთადერთი პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც ამჟამად ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე აქტიურ დიალოგს აწარმოებს. ეს უკვე თავისთავად მოწმობს ჩვენი პარტნიორობის მაღალ დონეს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მან გაიხსენა, რომ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ პირველი პროგრესის ანგარიში 2026 წლის აპრილში წარადგინეს. ფონ დერ ლაიენის თქმით, ამ შემოდგომაზე სომხეთს ახალი შემფასებელი მისიაც ეწვევა.
„სომხეთი სწორ გზაზეა და ამ მიმართულებით ყველა ღონეს ხმარობს. ჩვენ ვიცით, რამდენად ერთგულად ეკიდებით ამ დღის წესრიგს და ამისთვის მადლიერები ვართ. მიღწეული პროგრესი მართლაც შთამბეჭდავია. ჩვენ ასევე ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სომეხი ხალხისთვის.“
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმზე გადასვლა მხოლოდ ყველა აუცილებელი პირობის შესრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. თუმცა, კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია.
ურსულა ფონ დერ ლაიენისგან განსხვავებით, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ამ პროცესის დასრულებას 2029 წლისთვის ელოდება. მისივე თქმით, ბევრი რამ თავად სომხეთზეა დამოკიდებული.
„ხშირ შემთხვევაში, ეს კითხვა საკუთარ თავს უნდა დავუსვათ და არა ევროკავშირს: რამდენად მზად ვართ და რამდენად ეფექტიანად ვახორციელებთ რეფორმების პროგრამას.“
„ისტორიული შანსი“ სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე
ფაშინიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სომხეთის მთავარი პარტნიორი იყო დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში ჯერ კიდევ 2018 წლის რევოლუციამდე, ანუ იმაზე ადრე, ვიდრე მისი მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდოდა.
„რამდენად ეფექტიანად და გულწრფელად განხორციელდა ეს პროგრამა, სხვა საკითხია. ახლა კი, არჩევნების შემდეგ, მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გაჩნდა, სომხეთში დემოკრატიული რეფორმების პროგრამა განვაახლოთ.“
პრემიერ-მინისტრის თქმით, აქამდე ამ მიმართულებაზე სრულად კონცენტრირება შეუძლებელი იყო, რადგან ქვეყანას პერიოდულად მძიმე გამოწვევებთან უწევდა გამკლავება, მათ შორის COVID-19-ის პანდემიასთან, ომთან და ომის შემდგომი პრობლემების დაძლევასთან.
ფაშინიანის განცხადებით, ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა სომხეთისთვის ისტორიულ შესაძლებლობას ქმნის. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიცია ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის უპირველესი მნიშვნელობა ევროკავშირის სტანდარტების „სრულ, გულწრფელ და ყოვლისმომცველ“ დანერგვას აქვს. მისი თქმით, სწორედ ეს არის მთავრობის სტრატეგიული მიზანი, მაშინ როცა ევროკავშირში გაწევრიანება პოლიტიკური საკითხია და მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.
„თუ ევროკავშირის წევრობა შესაძლებელი გახდება, ეს უდიდესი მიღწევა იქნება. მაგრამ, მაშინაც კი, თუ რაიმე მიზეზით ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ აღარ გაფართოვდეს, ჩვენ მაინც მოგებულები დავრჩებით, რადგან ვიქნებით ქვეყანა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს.“
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, რეგიონში ახალი შესაძლებლობები ჩნდება და სომხეთი „კონფლიქტის ჩიხიდან მშვიდობის გზაჯვარედინად გარდაიქმნება“. მისი თქმით, ევროკავშირი ამ პროცესში ერევანს მუდმივად უჭერს მხარს.
„უკან რომ ვიყურებით, ვხედავთ, რამდენად წარმოუდგენლად სწრაფად განვითარდა სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები ბოლო წლებში. ვერ ვხედავ ნიშნებს, რომ ეს ტემპი შენელდება, და ეს ძალიან მახარებს.“
„ჩვენ არ გვაქვს რუსეთთან ურთიერთობებში კრიზისის შექმნის მიზანი“.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი ევროკავშირთან დაახლოების კურსს აღარ გადაუხვევს, როგორც ეს ქვეყნის ისტორიაში ერთხელ, 2013 წლის სექტემბერში მოხდა. ის გულისხმობდა მაშინდელი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის გადაწყვეტილებას, რომელმაც ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე უარი თქვა. ამის შემდეგ სომხეთი რუსეთის მიერ შექმნილ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანდა, რომელიც იმ დროს საბაჟო კავშირის სახელით იყო ცნობილი.
„ეს შეუძლებელია. განსაკუთრებით ახლა, როდესაც სომხეთის ხალხმა მკაფიოდ დაუჭირა მხარი იმ პოლიტიკას, რომელსაც ქვეყანა ატარებს, კერძოდ, დაბალანსებულ და სამართლიან საგარეო პოლიტიკას“, – განაცხადა მან.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სომხეთს არასდროს დაუსახავს და არც მომავალში აპირებს, რუსეთთან ურთიერთობებში კრიზისი ხელოვნურად შექმნას.
„ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინტერესებს, მაგრამ არც ერთი პარტნიორის ინტერესებს ვერ დავაყენებთ სომხეთის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა“, – განაცხადა ფაშინიანმა.