აფგან მუხტარლი საქართველოშია
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოშია.
ეს მუხტარლის პირველი ჩამოსვლაა ქვეყანაში მას შემდეგ, რაც ის 2017 წელს თბილისიდან გაიტაცეს. მუხთარლი ქართული პროკურატურისთვის ჩვენების მიცემას აპირებს.
მანამდე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 2020 წლის 9 ოქტომბერს აპირებდა გერმანიიდან საქართველოში შემოსვლას, თუმცა ქართულ საკონსულოში მას განუცხადეს, რომ საბუთების წესრიგში არქონის გამო საზღვრის გადაკვეთის უფლებას ვერ მისცემდნენ.
- აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურგში უჩივის
- საქართველო აღარ არის “დემოკრატიის შუქურა”?
- „აზერბაიჯანში ცხოვრება – ჩემი უფლებაა“ – ყოფილი პატიმარი აფგან მუხთარლი JAMnews-ს საკუთარი გეგმების შესახებ ესაუბრა
- აფგან მუხთარლი: მითხრეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩემს გატაცებაში ქრთამი აიღო
აფგან მუხტარლი 2017 წლის 29 მაისს, დღისით, თბილისის ცენტრალური უბნიდან თავზე ტომრის ჩამოცმით გაიტაცეს.
საქართველოში ის 2014 წელს გადმოვიდა საცხოვრებლად, რადგან სამშობლოში, აზერბაიჯანის ხელისუფლების მისამართით მწვავე კრიტიკის გამო ავიწროებდნენ.
გატაცებიდან მეორე დღეს, 30 მაისს, მუხტარლი აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. იქ მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით სასამართლომ ექვსწლიანი პატიმრობა შეუფარდა.
სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 17 მარტს მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან მისი მეუღლე და შვილი ცხოვრობენ.
მუხტარლის გატაცებიდან ოთხი წელი გავიდა, მისი საქმე კი საქართველოში გამოძიებული არ არის. საქართველოს პროკურატურა მუხთარლის გატაცების საქმეს 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) ფორმალურად დღემდე იძიებს.