აფგან მუხტარლი: საქართველოს ავიახაზები და საკონსულო საქართველოში გამოფრენას მიშლიან
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი, რომელიც 9 ოქტომბერს საქართველოში გერმანიიდან უნდა გამოფრენილიყო, აცხადებს, რომ ავიაკომპანია “საქართველოს ავიახაზები” და საქართველოს საკონსულო მას შეფერხებებს უქმნიან.
„შენეფელდის აეროპორტში ვარ, საქართველოს ავიახაზები და და საქართველოს საკონსულო პრობლემებს ქმნიან – მათი თქმით, ჩემი დოკუმენტები არ არის წესრიგში – ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, – წერს ჟურნალისტი თავის ფეისბუკ გვერდზე.
აფგან მუხტარლი 2017 წელს თბილისში, თავისი გატაცების საქმეზე, საქართველოს პროკურატურისთვის ჩვენების მიცემას აპირებდა.
„როგორც ჩანს, იცოდნენ რომ მოვდიოდი და ცდილობენ შემაჩერონ. ჩემი საბუთები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე მოცემულ მოთხოვნებს შეესაბამება. მე შევავსე ფორმა და მივიღე თანხმობა!“.
•აფგან მუხთარლი: მითხრეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩემს გატაცებაში ქრთამი აიღო
„ივანიშვილის ხელისუფლება მხდალია. მათ ჩემი ჩამოსვლის ეშინიათ, რადგან ის მათ დანაშაულებს გამოაჩენს. ისინი ვერ დამალავენ, რაც ჩაიდინეს და პასუხს აგებენ ყველა დანაშაულისთვის“, – წერს ჟურნალისტი.
საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ მუხტარლი ამ საქმეზე გერმანიაში უკვე დაიკითხა.
სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, „გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე აფგან მუხთარლი გერმანიაში შესაბამისი სამსახურების მიერ 2020 წლის 24 ივლისს გამოიკითხა. დაკითხვის ოქმი და შესაბამისი მასალები გერმანიიდან საქართველოს პროკურატურაში 2020 წლის 1-ელ ოქტომბერს გამოიგზავნა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – განაცხადეს პროკურატურაში.
აფგან მუხტარლი, რომელმაც 2015 წლიდან, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან დევნის გამო, ოჯახთან ერთად თავი საქართველოს შეაფარა, თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა.
გატაცების მეორე დღეს მუხთარლი ბაქოში აღმოჩნდა, სადაც მას ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, კონტრაბანდასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში წაუყენეს. თავად ჟურნალისტმა მაშინ თქვა, რომ იგი თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს. მას მოგვიანებით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
17 მარტს მუხთარლი მოულოდნელად ციხიდან გაათავისუფლეს და სასწრაფოდ გერმანიაში გაამგზავრეს. მას აზერბაიჯანში ნათესავებთან შეხვედრის უფლებაც არ მისცეს. თავად ჟურნალისტი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მას მხოლოდ სასჯელი შეუცვალა და ციხის ნაცვლად ქვეყნიდან გადასახლებით დასაჯა.