სომხეთი დამოუკიდებლად იწყებს თურქეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებამდე რკინიგზის აღდგენას
სომხეთმა რკინიგზის აღდგენა დაიწყო
სომხეთმა სომხეთმა გიუმრი-ახურიკისა და იერასხის რკინიგზის მონაკვეთების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„ამ სამუშაოებს თავად შევასრულებთ. რაც შეეხება დარჩენილ მონაკვეთებს, მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ, მათ შორის რუს პარტნიორებთანაც“, – თქვა მან.
საუბარია რკინიგზის იმ მონაკვეთებზე, რომლებიც თურქეთისა და აზერბაიჯანის საზღვრების მიმართულებით მდებარეობს. მათი აღდგენა ერევანმა ადრე რუსეთს შესთავაზა. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, სომხეთი სარკინიგზო კავშირების თვალსაზრისით სრულად განიბლოკება.
რუსეთს ამ დრომდე არ გამოუთქვამს მზადყოფნა, ამ პროექტში ჩაერთოს. ამასთან, მოსკოვმა განაცხადა, რომ რკინიგზის კონცესიაზე უარის თქმას არ აპირებს.
2008 წლიდან სომხეთის რკინიგზას კონცესიის საფუძველზე მართავს კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“, რომელიც „რუსეთის რკინიგზის“ 100%-იანი შვილობილი კომპანიაა. ხელშეკრულება 30-წლიან კონცესიას ითვალისწინებს.
თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში სომხეთის რკინიგზაზე ტვირთბრუნვა თითქმის განახევრდა, არაერთმა მარშრუტმა ფუნქციონირება შეწყვიტა, ხოლო კონცესიონერის მიერ აღებული სავალდებულო საინვესტიციო ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე შეუსრულებელია.
- “ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ რუსეთის რკინიგზამ სომხეთი დატოვოს” – კომენტარი
- მოსაზრება: სომხეთი ნათლად აცხადებს, რომ რუსეთს არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს TRIPP-ის პროექტში
ფაშინიანი: „საერთაშორისო რკინიგზამ სომხეთს გვერდი არ უნდა აუაროს“
ნიკოლ ფაშინიანმა ბოლო ბრიფინგზე განაცხადა, რომ რკინიგზასთან დაკავშირებით სომხური მხარის პოზიცია არ შეცვლილა და არც შეიცვლება, რადგან მას ობიექტური აუცილებლობა განაპირობებს.
„ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ვუყუროთ, როგორ შეიძლება საერთაშორისო რკინიგზა, ნაწილობრივ ჩვენი უმოქმედობის გამო, სომხეთს მიუახლოვდეს და მაინც გვერდი აუაროს. ეს არ უნდა მოხდეს“, – თქვა ფაშინიანმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“ ყველა პროცესშია ჩართული, რაც, პრემიერის თქმით, ნიშნავს, რომ რუსული მხარე ყველაფრის შესახებ ინფორმირებულია.
ფაშინიანის განცხადებით, რკინიგზა სომხეთის საკუთრებაა და მის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.
„სხვაგვარად ვერ იქნება. ნებისმიერი სხვა ვარიანტი გამორიცხულია. ჩვენ ვერ ვიტყვით: დიახ, ეს ჩვენი რკინიგზაა, მაგრამ არა უშავს, ჩიხში დარჩეს. ეს არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა მან.
ჟურნალისტებმა ფაშინიანს ჰკითხეს, როგორ აღადგენს სომხეთი ამ ორ მონაკვეთს, თუ მათ კონცესიის ხელშეკრულებით რუსეთის ფედერაცია მართავს. პრემიერს დეტალებზე არ უსაუბრია და განაცხადა, რომ ყველა საკითხი იურიდიული კონსულტაციებისა და სამუშაო დისკუსიების გზით მოგვარდება.
კონტექსტი
2026 წლის თებერვალში ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რეგიონული სარკინიგზო ქსელის განვითარების თვალსაზრისით სომხეთი კონკურენტულ უპირატესობას კარგავდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად მან ის დაასახელა, რომ ქვეყნის რკინიგზას რუსული კომპანია მართავს.
„უნდა ვიფიქროთ, რა ვქნათ, რადგან ეს ერთი, ორი, სამი ან ოთხი წლის საკითხი არ არის“, – განაცხადა მან.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დაკარგული სარკინიგზო მონაკვეთების აღდგენა სომხეთისთვის არც ფინანსურად და არც ტექნიკურად განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს. თუმცა, აუცილებელია მოძრაობის უფრო მაღალი სიჩქარის უზრუნველყოფა. ამისთვის რკინიგზის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და დამატებითი ინვესტიციებია საჭირო.
ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ კონცესიის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა ერევანი ამ გზის არჩევას არ აპირებს. მისი თქმით, სომხეთის ხელისუფლება ამ ეტაპზე საკითხის მეგობრული გზით გადაწყვეტას ცდილობს.
ამ კონტექსტში პრემიერ-მინისტრმა განიხილა კონცესიის სომხეთისა და რუსეთისთვის მისაღები მესამე ქვეყნისთვის გადაცემის შესაძლებლობაც. თუმცა, აპრილში ფაშინიანისა და პუტინის შეხვედრამდეც კი მოსკოვი აცხადებდა, რომ კონცესიაზე უარის თქმას არ აპირებდა.