კამბოლოვის მისია: რას ნიშნავს ცხინვალში მოსკოვის ახალი კადრის გამოჩენა
კამბოლოვის დანიშვნა ცხინვალში

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ხელისუფლების მოულოდნელმა როტაციამ და დე-ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის ვადაზე ადრე გადადგომამ რეგიონში კრემლის პოლიტიკის არსებითი ტრანსფორმაცია აჩვენა. კრემლის მიერ გამოგზავნილი რუსი ჩინოვნიკის, მარატ კამბოლოვის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად სცილდება ლოკალური საკადრო გადაადგილების ჩარჩოებს და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებს უკავშირდება. ანალიტიკურ წრეებში კამბოლოვის ოსური მისიის შესახებ სამი ვერსია განიხილება, რომელთაგან თითოეული მოსკოვის გრძელვადიან სტრატეგიულ მიზნებს ავლენს. სამივე ახსნა ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ისინი მთლიანად არ გამორიცხავენ ერთმანეთს.
რა მოხდა
სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა თანამდებობა 23 ივნისს დატოვა. ოფიციალური ვერსიით, ის მოსკოვში გადადის და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.
თუმცა, ეს ახსნა ბევრმა დამკვირვებელმა ფორმალურად მიიჩნია.
გადადგომამდე რამდენიმე კვირით ადრე, ცხინვალში პრემიერ-მინისტრად დაინიშნა მარატ კამბოლოვი, რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსანი, რომელსაც ადგილობრივ პოლიტიკურ ჯგუფებთან კავშირი მანამდე არ ჰქონია. გაგლოევის წასვლის შემდეგ სწორედ ის გახდა დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და, ადგილობრივი ანალიტიკოსების შეფასებით, მისი საბოლოო დაწინაურება თითქმის გადაწყვეტილია.
ვინ არის კამბოლოვი
მარატ კამბოლოვი ოსური წარმოშობის რუსი ჩინოვნიკია, რომელმაც კარიერა რუსეთის ფედერალურ სტრუქტურებში გაიკეთა – იყო რუსეთის განათლების მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი ხელმძღვანელობდა ცნობილ “კურჩატოვის ინსტიტუტს”.

2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და ცხინვალს შორის გაფორმდა ახალი შეთანხმება “მოკავშირეობრივი ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ”, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ერთი მხარის მოქალაქეების მეორე მხარის სახელმწიფო ორგანოებში დანიშვნის შესაძლებლობას. სწორედ ეს ჩანაწერი გახდა კამბოლოვის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრად დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი. მისი პრემიერად დანიშვნიდან მალევე გაგლოევი “გადადგა” და კამოლოვი უკვე ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
როგორც ექსპერტები ამბობენ, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ამბავში არა თავად კამბოლოვი, არამედ მისი მისიაა.
დღეს ამ თემაზე რამდენიმე სხვადასხვა ვერსია და მათი კომბინაცია არსებობს.
პირველი ვერსია – მოსკოვმა გადაწყვიტა კორუფციის კონტროლი
ეს ვერსია ძირითადად ადგილობრივ ოს ექსპერტებსა და წყაროებს ეკუთვნით.
მათი შეფასებით, გაგლოევის მმართველობის ბოლო თვეები კორუფციულმა სკანდალებმა და ფინანსური არაეფექტიანობის ბრალდებებმა განსაზღვრა. საუბარია რუსეთის მიერ გამოყოფილი საინვესტიციო პროგრამების ფარგლებში დახარჯულ მილიონობით დოლარზე. ამ თანხის გამოყენება კრემლში სულ უფრო მეტ კითხვას აჩენდა.
ამ ვერსიის მიხედვით, მოსკოვისთვის მთავარი მიზანი კონტროლის მოპოვება კი არ იყო, რადგან რეგიონს კრემლი ისედაც სრულად აკონტროლებს, არამედ ის, რომ გამოყოფილი ფინანსები ადგილობრივ ელიტებს შორის ნაწილდებოდა და მათი ხარჯვა სულ უფრო ნაკლებად ექვემდებარებოდა ზედამხედველობას.
ამ კონტექსტში კამბოლოვი აღიქმება არა როგორც პოლიტიკური ლიდერი, არამედ როგორც კრემლის მენეჯერი, რომელსაც ადგილობრივი კლანების გავლენის შემცირება, ფინანსური ნაკადების კონტროლი და ძველი ადმინისტრაციის საქმიანობის აუდიტი ევალება.
ამ ვერსიის მომხრეები მიიჩნევენ, რომ გაგლოევის გადაყვანა მოსკოვში უფრო ღირსების შენარჩუნების მცდელობაა, ვიდრე კარიერული დაწინაურება.
მეორე ვერსია – რუსეთი ანექსიის ახალ ეტაპზე გადავიდა
თუ ადგილობრივი, ცხინვალელი ექსპერტები ყურადღებას კორუფციაზე ამახვილებენ, თბილისში პროცესს გაცილებით ფართო კონტექსტში განიხილავს. ქართულ ექსპერტულ წრეებსა და მედიაში ყველაზე გავრცელებული ვერსიაა სამხრეთ ოსეთის საბოლოო ანექსირება რუსეთის მიერ და რუსეთისთვის ამ რეგიონის უკვე ოფიციალურად მიერთება.
ამ ვერსიას ემხრობა გავლენიანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”.
SJC-ის შეფასებით, 9 მაისს გაფორმებული ახალი შეთანხმება და მარატ კამბოლოვის დანიშვნა ერთი პროცესის ნაწილია. ორგანიზაციის აზრით, მოსკოვი ეტაპობრივად ამცირებს ადგილობრივი ელიტების როლს და დე ფაქტო ხელისუფლების მართვაში საკუთარ ადმინისტრაციულ კადრებს პირდაპირ ნერგავს.
ცენტრი ამას 2008 წლიდან დაწყებული ინტეგრაციული პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევს, რომელიც სამხედრო და ეკონომიკური ინტეგრაციის შემდეგ ახლა უკვე უშუალოდ მმართველობითი ინსტიტუტების ათვისების ეტაპზე გადავიდა.
ამ შეფასებას იზიარებს პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი კორნელი კაკაჩიაც, რომელსაც JAMnews-ი ესაუბრა. მისი თქმით, კამბოლოვის დანიშვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას პრაქტიკული შინაარსი აღარ აქვს.
„ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ცხინვალის რეგიონში სუვერენიტეტის ნარჩენიც კი აღარ არსებობს, თუნდაც თეორიულად, რაც ქაღალდზე მაინც იყო შემორჩენილი. რაც მთავარია, კრემლი უკვე აღარ მალავს, რომ ფაქტობრივად ასრულებს თავის ანექსიურ პოლიტიკას.“
კაკაჩიას შეფასებით, კრემლმა უკვე შექმნა ანექსიისთვის საჭირო საკანონმდებლო, ეკონომიკური და ადმინისტრაციული საფუძველი. თუმცა, მისი აზრით, მოსკოვი პროცესის იურიდიულ დასრულებას შეგნებულად აჭიანურებს.
ამის მიზეზი, ექსპერტის თქმით, პრინციპულად პოლიტიკურია. როგორც ბორდერიზაციის პროცესი არ სრულდება საბოლოოდ, ისე ანექსიის ოფიციალურად გაფორმებაც კრემლის ინტერესში ამ ეტაპზე არ შედის. დაუმთავრებელი სტატუსი რუსეთისთვის საქართველოზე ზეწოლის ეფექტიანი ბერკეტია.
„მათ შეუძლიათ ეს ბორდერიზაცია რამდენიმე თვეში დაამთავრონ, მაგრამ პროცესის დასრულებას აზრი არ აქვს, რადგან მაშინ თბილისზე ზეწოლის მექანიზმს კარგავენ.“
კაკაჩია ფიქრობს, რომ მოსკოვი ახლა აკვირდება, როგორ განვითარდება მოვლენები თავად საქართველოში.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების საგარეო და საშინაო პოლიტიკა მოსკოვს აძლევს იმედს, რომ ივანიშვილის პირობებში ეს სიტუაცია საქართველოს წინააღმდეგ ზეწოლის მექანიზმად გამოიყენონ,” – მიიჩნევს ექსპერტი.
მისი შეფასებით, ის პოლიტიკა, რასაც “ქართული ოცნება” ატარებს, ქვეყნის ევრაზიულ მოდელად გადაქცევას ნიშნავს, თუმცა კრემლს ურჩევნია საბოლოო გადაწყვეტილება არ მიიღოს მანამ, სანამ მკაფიოდ არ გახდება ცხადი, ახერხებს თუ არა “ოცნება” ამ მიზნის საბოლოოდ მიღწევას:
“საბოლოოდ წავა თუ არა საქართველო აქეთკენ, ეს ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია, რადგან მიმდინარეობს შიდა და გეოპოლიტიკური ბრძოლები. სწორედ ამ ბრძოლების შედეგების მიხედვით ჩამოყალიბდება მოსკოვის პოლიტიკაც ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში. ფაქტია, რომ მოსკოვი ამ ბერკეტს არ თმობს, განსხვავებით იმისა, როგორც ეს „ქართულ ოცნებას“ წარმოედგინა და მას ჯერჯერობით ზეწოლის მექანიზმად ინარჩუნებს“.
მესამე ვერსია – კამბოლოვის მთავარი მისია შესაძლოა თბილისი იყოს
თუ ქართულ ექსპერტულ სივრცეში დომინანტური ვერსია მიმდინარე პროცესებს ანექსიის მორიგ ეტაპად განიხილავს, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი განსხვავებულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს.
მისი აზრით, კამბოლოვის დანიშვნა მხოლოდ ცხინვალის შიდა პოლიტიკის ან ადმინისტრაციული ცვლილებების ჭრილში არ უნდა განვიხილოთ. მთავარი ცვლილება ის არის, რომ მოსკოვმა პირველად თქვა უარი მოდელზე, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ რეგიონს ადგილობრივი პოლიტიკური ელიტების მეშვეობით მართავდა.
წლების განმავლობაში კრემლი სამხრეთ ოსეთში ადგილობრივ ლიდერებს ეყრდნობოდა – ედუარდ კოკოითს, ლეონიდ ტიბილოვს, ანატოლი ბიბილოვს, ალან გაგლოევს. ზაქარეიშვილის შეფასებით, კამბოლოვის დანიშვნა ნიშნავს, რომ მოსკოვმა ეს მოდელი არაეფექტიანად მიიჩნია და პირდაპირ საკუთარი ადმინისტრაციული სისტემიდან გადმოიყვანა ადამიანი, რომელსაც ადგილობრივ კლანებთან კავშირი არ აქვს.
მისი თქმით, ამ ისტორიაში მთავარი თავად კამბოლოვი კი არა, ახალი კონცეფციაა.
„კამბოლოვი არ ყოფილიყო, იქნებოდა ვინმე პეტროვი ან პავლოვი. იდეა ისაა, რომ რუსეთის გაგებით, ხელთ ჰყავდათ ოსი წარმოშობის რუსი ჩინოვნიკი, რომელიც ამ საქმეს გააკეთებდა.“
ზაქარეიშვილი ყურადღებას ამახვილებს თავად კამბოლოვის კარიერაზეც. მისი შეფასებით, საუბარია გამოცდილ რუს მაღალჩინოსანზე, რომელსაც მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული გამოცდილება აქვს და რომელიც მანამდე კურჩატოვის ინსტიტუტის ხელმძღვანელობაში მუშაობდა, ასევე რუსეთის განათლების მინისტრის მოადგილე იყო.
მისი აზრით, ასეთი დონის ჩინოვნიკის ცხინვალში გაგზავნა მხოლოდ ადგილობრივი პრობლემების მოსაგვარებლად არ ხდება.
„კამბოლოვი უფრო დიდი ფიგურაა, ვიდრე ცხინვალი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მას მხოლოდ ცხინვალისთვის არ უშვებენ და მისი ფუნქციაც ამით არ შემოიფარგლება.“
ზაქარეიშვილი არ უარყოფს, რომ კორუფცია ერთ-ერთი მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო. მისი თქმით, გაგლოევის მმართველობის პერიოდში კორუფცია მართლაც სერიოზულ პრობლემად იქცა და ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებაც იზრდებოდა. თუმცა, მისი შეფასებით, კორუფციასთან საბრძოლველად კრემლს შეეძლო ნაკლებად გავლენიანი ფიგურაც დაენიშნა.
მისი აზრით, კამბოლოვის მისია ბევრად უფრო ფართოა.
ზაქარეიშვილი ამ ცვლილებას მთლიანად სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციების შესუსტებას უკავშირებს. მისი შეფასებით, ბოლო წლებში მოსკოვმა რეგიონში გავლენის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. აზერბაიჯანი რუსეთთან სულ უფრო დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს, სომხეთი მრავალვექტორულ საგარეო კურსზე გადავიდა და დასავლეთთან ურთიერთობებს აძლიერებს. საქართველოსთან კი რუსეთს ინსტიტუციური ბერკეტები პრაქტიკულად აღარ აქვს – არც დიპლომატიური ურთიერთობა, არც საერთო პოლიტიკური ან სამხედრო პლატფორმები.
ამ ვითარებაში, ზაქარეიშვილის აზრით, კრემლისთვის ერთადერთ რეალურ საყრდენად საქართველოს ოკუპირებული რეგიონები რჩება.
„რუსეთი აშკარად კარგავს სამხრეთ კავკასიას… სხვაგან არსად აქვს ბერკეტი, გარდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ორი რეგიონისა – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის.“
სწორედ ამიტომ, მისი შეფასებით, კამბოლოვის ფუნქცია შესაძლოა ცხინვალის ფარგლებს ბევრად სცდებოდეს. ზაქარეიშვილი ვარაუდობს, რომ მოსკოვი ცდილობს სამხრეთ კავკასიის ახალ ეკონომიკურ და სატრანსპორტო რეალობაში საკუთარი ადგილი დაიბრუნოს.
მისი თქმით, მსოფლიოში იზრდება ინტერესი “შუა დერეფნის” მიმართ, ვითარდება ახალი სატრანსპორტო მარშრუტები, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დათბობა ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ამ პროცესებში რუსეთს საკუთარი როლის შენარჩუნება სურს.
ამ კონტექსტში ზაქარეიშვილი ახსენებს სამხრეთ ოსეთზე გამავალ საავტომობილო გზასაც, რომელიც არსებობს, თუმცა პრაქტიკულად არ გამოიყენება. მისი ვარაუდით, მოსკოვს შესაძლოა ამ მარშრუტის ამოქმედება სურდეს, მათ შორის ლარსის ალტერნატივად ან ახალი ლოგისტიკური პროექტების ფარგლებში.
თუ ეს მართლაც ასეა, ამბობს ზაქარეიშვილი, მაშინ კამბოლოვს აუცილებლად მოუწევს თბილისთან ურთიერთობის ახალი ფორმატის ძებნა.
„ვფიქრობ, ის თბილისთან საერთო ენის გამონახვას დაიწყებს კონკრეტული პროექტების რეალიზაციისთვის, იქნება ეს სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული, სავაჭრო ურთიერთობები თუ თუნდაც ერგნეთის ბაზრობის გარკვეული ვარიაციები.“
ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ზაქარეიშვილი სკეპტიკურად უყურებს მოსაზრებას, რომ რუსეთის მთავარი მიზანი ახლა სამხრეთ ოსეთის ოფიციალური ანექსიაა.
მისი შეფასებით, რეალურად ანექსია დიდი ხნის წინ განხორციელდა. ოფიციალური იურიდიული გაფორმება კი კრემლისთვის უფრო მეტ პრობლემას შექმნის, ვიდრე სარგებელს.
„ცხინვალი დე ფაქტო და დე იურე ისედაც ანექსირებულია რუსეთის მიერ… ოფიციალური ანექსია საქართველოში დიდ მღელვარებასა და რუსეთის მიმართ გულის აცრას გამოიწვევს, რაც მოსკოვს არ აწყობს.“
ამის ნაცვლად, ზაქარეიშვილი ვარაუდობს, რომ რუსეთი შესაძლოა საპირისპირო ტაქტიკას მიმართავდეს – არა დაძაბულობის ზრდას, არამედ ნაწილობრივ შერბილებას.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, კამბოლოვის პირობებში გაადვილდეს ახალგორის მიმართულებით გადაადგილება, გაფართოვდეს ჰუმანიტარული კონტაქტები ან გადაიდგას სხვა სიმბოლური ნაბიჯები, რომლებიც საქართველოში შექმნის შთაბეჭდილებას, თითქოს რუსეთთან ურთიერთობაში პოზიტიური ცვლილებები დაიწყო.
ზაქარეიშვილი ამ პროცესს საქართველოს შიდა პოლიტიკასაც უკავშირებს. მისი აზრით, ასეთი დათმობები შეიძლება გამოყენებული იყოს იმის საჩვენებლად, რომ მოსკოვთან თანამშრომლობა კონკრეტულ შედეგს იძლევა, ხოლო ეს, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგზეც.
მისივე შეფასებით, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყურადღება გაგლოევის გადადგომაზე კი არა, კამბოლოვის დანიშვნაზე იყოს გამახვილებული.
„აქ მთავარი პერსონაჟი გაგლოევი კი არა, კამბოლოვია.“
ამ მოსაზრებას ეთანხმება კორნელი კაკაჩიაც. კამბოლოვის დანიშვნას კაკაჩია მხოლოდ ანექსიის პოლიტიკას არ უკავშირებს. მისი თქმით, რუსეთს სამხრეთ კავკასიაში დასუსტებული პოზიციების ფონზე შესაძლოა ახალი ეკონომიკური და სატრანსპორტო პროექტების განხორციელება სურდეს. ამისთვის კი სჭირდება არა ადგილობრივ კლანებთან დაკავშირებული პოლიტიკოსი, არამედ მოსკოვისთვის სანდო ადმინისტრატორი, რომელსაც მსხვილი პროექტების მართვის გამოცდილება აქვს.
ექსპერტის შეფასებით, დღეს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენა მნიშვნელოვნად შესუსტებულია და მოსკოვი ცდილობს, რეგიონში ახალი საყრდენი იპოვოს და ეს საყრდენი, შესაძლოა, სწორედ საქართველო იყოს. საუბარი შეიძლება იყოს როგორც “ჩრდილოეთ-სამხრეთის” დერეფანზე, ისე აფხაზეთის რკინიგზაზე და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებშიც საქართველოსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
თბილისის რეაქცია: დუმილი, კომპეტენციის დეფიციტი თუ ფარული შეთანხმება?
ანალიტიკოსები მკაცრად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლების პასიურობას. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებები, სადაც მან მხოლოდ გაგლოევის გადადგომას დასცინა და საერთოდ არ ახსენა კამბოლოვი, ექსპერტების შეფასებით, სრულ აცდენას წარმოადგენს. პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის დუმილი შესაძლოა წინასწარ შეთანხმებაზე მიუთითებდეს:
“ქართულ ოცნებაში“ ან უკიდურესად არაკომპეტენტურები არიან, ან იციან რაღაც და შეგნებულად დუმან, მთელი ყურადღება კი გაგლოევეზე გადააქვთ. მგონია, რომ მეორე ვარიანტია სწორი – თბილისთან უკვე არსებობს გარკვეული შეთანხმება.“
კორნელი კაკაჩია კი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა კურსმა და რუსეთის მიმართ დათმობებმა (მათ შორის, ბოდიშის მოხდის რიტორიკამ) კრემლისგან ადეკვატური საპასუხო ნაბიჯები ვერ გამოიწვია:
„მიუხედავად იმ ცვლილებებისა, რაც მათ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გაატარეს, მათ შორის საგარეო პოლიტიკის ანტიდასავლურ კალაპოტში გადაყვანისა, ამ კურსს რუსეთთან დაახლოების თვალსაზრისით ის შედეგები არ მოაქვს, როგორსაც ისინი ელოდებოდნენ.“
კაკაჩიას აზრით, თბილისს ჰქონდა შანსი, პარტნიორებთან ერთად ემუშავა თუნდაც სირიის ახალ ხელისუფლებასთან ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან გასაწვევად, თუმცა უმოქმედობამ საქართველო რთულ პოზიციაში ჩააყენა. ის გამოსავალს მხოლოდ საერთაშორისო უსაფრთხოების დიდ ფორმატებში ხედავს, სადაც მოლდოვისა და საქართველოს საკითხი ერთად განიხილება:
„საკითხების ცალკე დატოვება ყოველთვის რუსეთისთვის არის მომგებიანი, რადგან იმ ასიმეტრიიდან გამომდინარე, რაც ქართულ-რუსულ ურთიერთობებში არსებობს და რაც ისტორიულადაც გამოვლინდა, ამ ბალანსის მარტო დამოუკიდებლად აღდგენას საქართველო ვერასდროს შეძლებს.“
კამბოლოვის დანიშვნის ზუსტი მიზანი უახლოეს თვეებში უფრო მკაფიოდ გამოჩნდება. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, უკვე ნათელია მთავარი: მოსკოვმა ცხინვალის მართვის ძველი მოდელი შეცვალა. ეს არ არის მხოლოდ გაგლოევის წასვლის ამბავი. ეს არის რუსეთის მცდელობა, ცხინვალის რეგიონი უფრო მჭიდროდ მოაქციოს საკუთარ პოლიტიკურ, ფინანსურ და ადმინისტრაციულ კონტროლში – და ეს პროცესი თბილისსაც პირდაპირ ეხება, მიიჩნევენ ექსპერტები.