რუსეთი ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების ჟენევიდან სხვა ადგილას გადატანის მოთხოვნას კვლავ აყენებს. მოსკოვი აცხადებს, რომ შვეიცარიამ ნეიტრალური შუამავლის სტატუსი დაკარგა და არსებული ფორმატი აღარ შეესაბამება პროცესის მოთხოვნებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა სახელმწიფო სააგენტო ТАСС-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ეს საკითხი არაერთხელ დავაყენეთ და კვლავ დავაყენებთ, ამას მომავალშიც აქტიურად და მტკიცედ მოვითხოვთ“, – განაცხადა გალუზინმა.
მისი თქმით, შვეიცარია ნეიტრალური აღარ არის მას შემდეგ, რაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ დასავლურ სანქციებს შეუერთდა. გალუზინის განცხადებით, პრობლემას ქმნის ისიც, რომ სანქციების ფონზე მოსკოვსა და ჟენევას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყდა, რაც მოლაპარაკებებში მონაწილე დელეგაციების გადაადგილებას ართულებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, მოლაპარაკებების ახალი ადგილის შერჩევა მხოლოდ რუსეთის ინტერესებს არ ემსახურება. მისი მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება პროცესში მონაწილე ყველა მხარისთვის უფრო კომფორტულ პირობებს შექმნის.
გალუზინის განცხადებით, დისკუსიებში მონაწილე ხუთი დელეგაციიდან სამი – რუსეთი, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო წარმომადგენლები – მოლაპარაკებების სხვა ქვეყანაში გადატანას უჭერენ მხარს.
“ჩვენი მოკავშირეები მხარს გვიჭერენ. ველით, რომ სამი თანათავმჯდომარე ამ საკითხს სრული სერიოზულობით მოეკიდება“, – განაცხადა მან.
მანამდე, 30 აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შესაძლო გადატანა სხვა ლოკაციაზე, მათ შორის მინსკში, კვლავაც აქტუალურ თემად რჩება, დისკუსიაში კი განსაკუთრებული ყურადღება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაწილეობის საკითხს ეთმობა.
ამასთან, ზახაროვამ განაცხადა, რომ მთავარი საკითხი არა მოლაპარაკებების ადგილი, არამედ შეთანხმების მიღწევაა. მისი თქმით, მრავალწლიანი პროცესის გამოცდილება აჩვენებს, რომ მხარეებისთვის პრიორიტეტი შედეგი უნდა იყოს და არა ფორმატის გეოგრაფიული ცვლილება.
ზახაროვას განმარტებით, აღნიშნული დისკუსია უკავშირდებოდა შვეიცარიის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებულ კითხვებს და მის პოზიციებს დასავლეთის სასანქციო პოლიტიკასთან მიმართებით. ზახაროვამ თქვა, რომ საკითხი კომპლექსურია და საჯარო დეტალური განხილვა ამ ეტაპზე ნაადრევია, თუმცა მუშაობა გრძელდება.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის შეწყდა ყველანაირი პირდაპირი დიალოგი. 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, სადაც რუსეთი და საქართველო სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებთან და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა ჰუმანიტარულ საკითხზე იმსჯელებდა. ჟენევაში წელიწადში 4 რაუნდი ტარდება.