თბილისში მოშიმშილე შუქურთელების მხარდამჭერი აქცია გაიმართა
“მმართველობის მონიტორინგის ცენტრის” ორგანიზებით თბილისში, პუშკინის სკვერში, მოშიმშილე შუქურთელების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქტივისტებმა, უფლებადამცველებმა და სხვადასხვა ჯგუფებმა ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს სოლიდარობას გამოუცხადეს.
უკვე თვეზე მეტია, ჭიათურის სოფელ შუქრუთის ხუთი მცხოვრებელი პირამოკერილი შიმშილობს. ისინი კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” ითხოვენ კომპენსაციას იმ ზიანისთვის, რაც კომპანიის საქმიანობის გამო მათ საცხოვრებელ სახლებს მიადგა.
30 მაისს პროტესტის მონაწილეები სოფელ შუქრუთიდან თბილისში გადმოვიდნენ და საპროტესტო აქცია ამერიკის საელჩოსთან გამართეს. ღამე მათ მანქანებში გაათიეს, რადგან აშშ-ის საელჩოსთან კარვის გაშლის უფლება არ მიეცათ.
სოფელი შუქრუთი დასავლეთ საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტშია. ”შავი ოქროს ქალაქი” ასე იცნობდნენ ჭიათურას საბჭოთა კავშირის დროს. ეს პატარა ქალაქი მანგანუმის მოპოვებისა და დამუშავების ცენტრია ამიერკავკასიაში. თუმცა, აქაურებისთვის ეს თითქმის არაფერს ცვლის – მაღაროელთა ქალაქი დღეს უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში “ჯორჯიან მანგანეზის” მადნის მომპოვებელი სამუშაოების გამო ადგილობრივი მოსახლეობის სახლები ზიანდება და ავარიულ მდგომარეობაშია. ადგილობრივები ასევე, სხვა ეკოლოგიურ პრობლემებსაც უჩივიან და აღნიშნავენ, რომ მუდმივ შიშსა და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში ცხოვრობენ.
“შიმშილობენ ადამიანები და სახელმწიფო არ იმჩნევს. მოქალაქეები უფრო ემპათიურები უნდა იყვნენ, რომ სახელმწიფომ დაინახოს, საჭიროა შუქრუთელებთან საუბარი. მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა მოაგვარონ ეს პრობლემა, რომ მეტი ზიანი არ მიადგეს მათ ჯანმრთელობას”, – ამბობს მოძრაობა “დროას” წევრი, თამაზ ახობაძე.
________________________________
● “ბრაზი მომდის, ბოღმისგან ვიგუდები”. სამუშაო ადგილზე დაშავებული მუშების ისტორიები
● ჭიათურა – შავი მარგალიტი
● ქალები საშიშ სამუშაოზე: ტყიბულელი მეშახტეების ისტორია
________________________________