თბილისისკენ მიმავალ კოლონას "ქართული ოცნების" აქტივისტებმა გზა გადაუკეტეს
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე თბილისისკენ მიმავალ კოლონას “ქართული ოცნების” პარტაქტივმა გზა გადაუკეტა და ცოცხები დაუშინა. კოლონა თბილისში დასავლეთიდან მოდიოდა და მათ გზა აბაშის მონაკვეთთან გადაუკეტეს.
ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა გზის გათავისუფლება ნაწილობრივ მოახერხეს. ამ დროისთვის კოლონა თბილისისკენ დაიძრა.
ენმ-ს წევრი ანი წითლიძე წერს, რომ აქციაზე მიმავალ კოლონაზე თავდამსხმელებს შორის არიან საკრებულოს წევრები თაზო ფაცაცია, ედიტა კოდუა, ზაზა პროკოპენკო და მამუკა თოლორაია.
ზეწოლასა და პარტიული აქტივის საკუთარი მიზნების გამოყენებაში ადანაშაულებს ხელისუფლებას ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ხატია დეკანოიძეც. მისი თქმით, ქუთაისში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ძალით ცოცხები დაურიგეს და დააყენეს გზაზე.
“ქუთაისში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ძალდატანებით ცოცხები დაურიგეს და დააყენეს გზაზე. მართალია ჩვენ სხვა გზით მივდიოდით, მაგრამ მაინც რა საბრალოა ხელისუფლება 9 წლის შემდეგ მეტი არაფრის კეთება შეუძლია.ქუთაისი განთავისუფლდება ამ უღირსი მიდგომისგან. არავის, არავის აღარ მოუწევს პოლიტიკური დავალებების შესრულება. მერია იმუშავებს ხალხისთვის, ყველასთვის. არავინ დაიჩაგრება უსამართლოდ!” – წერს დეკანოიძე.
● რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი და იქნება თუ არა ქართული მაიდანი – გია ნოდიას თვალსაზრისი
● ტრუსკავეციდან “უმაღლესი დონის” სპეცოპერაციამდე. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია – რა იქნება შემდეგ?
● სააკაშვილის პატიმრობის მე-13 დღე. განცხადებები და გამოხმაურებები
დღეს, 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება.
სააკაშვილი პროტესტის ნიშნად მე-14 დღეა, შიმშილობს. პირადი ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამძიმებულია.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც იგი ფარულად დაბრუნდა სამშობლოში.
მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ერთ საქმეზე იგი უკვე გასამართლებულია და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ძებნილის სტატუსის მქონე ექს-პრეზიდენტი დაკავებისთანავე რუსთავის 1212 საპყრობილეში გადაიყვანეს. იმავე საღამოს მან შიმშილობა დაიწყო.