სუს-მა ენმ-ს მიერ უკრაინაში "პროვოკაციების მოწყობის საქმეზე" გამოძიება დაიწყო
სუს-მა გამოძიება დაიწყო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ უკრაინაში “პროვოკაციების მოწყობის საქმეზე” გამოძიება დაიწყო. მათი თქმით, გამოძიება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს.
ინფორმაცია უკრაინაში ქართული დელეგაციის წინააღმდეგ პროვოკაციების შესახებ პირველად დეპუტატმა გია ვოლსკიმ გააჟღერა.
ვოლსკის მტკიცებით, ნაციონალური მოძრაობის წევრები საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იმიტომ არ არიან, რომ “გარკვეულ პროვოკაციებს” გეგმავენ.
“ინფორმაცია არის, რომ სწორედაც გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნით არიან მობილიზებულები და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ რატომ არ არიან ისინი დელეგაციაში. უფრო მეტსაც გეტყვით, აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ სარწმუნო წყაროდან მიიღო ინფორმაცია ჩვენმა სპეციალურმა სამსახურებმა და უკვე გაუზიარეს უკრაინის სპეცსამსახურებს. დარწმუნებული ვარ, უკრაინელები ამასთან დაკავშირებით მიიღებენ შესაბამის ზომებს და ვიზიტს ხელი არ შეეშლება. ჩემი აზრი ერთია, მაგრამ ამას ვუკავშირებთ ნაციონალური მოძრაობის უარის თქმას დელეგაციაში მონაწილეობაზე.” – ამბობს ვოლსკი.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, უკრაინის ვიზიტში ნაციონალური მოძრაობის არმონაწილეობა “გარკვეულ ეჭვებს ბადებს”.
“გამოძიება 325-ე მუხლის 1-ლი ნაწილითაა დაწყებული, რაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს.
გარდა ამისა, უწყების მიერ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა უკრაინელ კოლეგებს”, – აცხადებენ სუს-ში.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში ამ ინფორმაციას არასერიოზული უწოდა.
„სერიოზულად ამ განცხადებას ვერ აღვიქვამთ. რა თქმა უნდა, ოფიციალურად უკრაინამ მიიწვია საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ბუნებრივია, ისინი არიან პასუხისმგებლები და იქნებიან პასუხისმგებლები დელეგაციის უსაფრთხოებაზე. ახლა ეს განცხადება უფრო ჰგავს მიზეზების ძებნას და თავის არიდების მცდელობას. ჯობია, დაასრულონ ეს დებატები, წავიდნენ, მოიხადონ თავისი ვალი და გადავიდეთ პოლიტიკური ცხოვრების სხვა ეტაპზე“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში საქართველოდან რვა დეპუტატი დღეს გაემგზავრება. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს, მმართველი პარტიიდან დელეგაციაში ასევე იქნებიან: ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო და უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე.
საპარლამენტო ოპოზიციას დელეგაციაში ხუთი დეპუტატი წარმოადგენს, ხოლო მმართველ პარტიასთან ერთად ვიზიტზე უარი განაცხადა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.” მათი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება კოლაბორაციაშია რუსეთის ხელისუფლებასთან და მათთან ერთად ვიზიტი არ არის მიზანშეწონილი.
● სუს-ის ფაილები: რას ამბობენ სასულიერო პირები
● ქართულ სუს-სა და ბელარუსის უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შეთანხმება ამოქმედდა