მოსწავლეებს მობილურების გამოყენება შეეზღუდებათ — საქართველოს სკოლებში ახალი წესები დამტკიცდა
გაზიარება
გაზიარება
მოსწავლეებს მობილურების გამოყენება შეეზღუდებათ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა. ახალი რეგულაცია განსაზღვრავს სასწავლო პროცესის განმავლობაში მოსწავლეების მიერ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების პირობებს, მშობლებთან კომუნიკაციის წესს, ასევე სკოლებისა და მოსწავლეების უფლებებსა და ვალდებულებებს.
სამინისტროს ბრძანების თანახმად, საჯარო და კერძო სკოლებმა 2026 წლის 1 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება. მათ შორისაა მობილური ტელეფონების, სმარტფონებისა და “ჭკვიანი“ საათების შესანახად სპეციალური სათავსების შეძენა და მონტაჟი.
დადგენილი წესის მიხედვით, სასწავლო პროცესის განმავლობაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების არამიზნობრივი გამოყენება აკრძალული იქნება, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც სკოლის შინაგანაწესით იქნება განსაზღვრული.
არამიზნობრივ გამოყენებად ჩაითვლება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობის გარეშე ელექტრონული მოწყობილობის ჩართულ მდგომარეობაში შენახვა, ქონა ან გამოყენება სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.
ახალი წესის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება დასაშვები იქნება:
უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით, სასწავლო-საგანმანათლებლო მიზნებისთვის;
ჯანმრთელობის მონიტორინგის ან სხვა სამედიცინო საჭიროებისთვის, თუ მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი სკოლას შესაბამის დოკუმენტაციას წინასწარ წარუდგენს;
საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი შემთხვევების დროს;
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის, შესაბამისი სპეციალისტის, კლასის დამრიგებლისა და მშობლის ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე;
მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, თუ ეს აუცილებელია მისი სწავლებისა და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად და დადასტურებულია შესაბამისი სპეციალისტის დასკვნით;
სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
დოკუმენტის მიხედვით, მოსწავლის მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაცია განხორციელდება სკოლის მიერ განსაზღვრული ოფიციალური საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი წესი მიზნად ისახავს სასწავლო პროცესის ეფექტიანობის გაზრდას და სკოლებში უსაფრთხო და ორგანიზებული გარემოს უზრუნველყოფას.