შალვა პაპუაშვილი: რა აზრი აქვს ევროკავშირში წევრობას, თუ უმთავრეს სარგებელსა გართმევენ?!
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირში წევრობა თავისთავად თვითმიზანი არ უნდა იყოს და აკრიტიკებს ინიციატივებს, რომლებიც მისი თქმით, კავშირის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კონსენსუსის პრინციპის შესუსტებას ითვალისწინებს.
პაპუაშვილი ასევე ამბობს, რომ მსგავსი ცვლილებების შემთხვევაში ევროკავშირის გარეთ დარჩენა შესაძლოა ზოგიერთი პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლო გახდეს, რადგან მათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების მეტი შესაძლებლობა ექნებათ.
“სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?!“ – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, იზრდება შთაბეჭდილება, რომ ევროპის დიდი სახელმწიფოები ევროკავშირის მართვის მოდელის შეცვლას ცდილობენ, რაც, პაპუაშვილის შეფასებით, საფრთხეს შეუქმნის როგორც ევროპის პოლიტიკურ ბალანსს, ასევე გაფართოების პროცესსა და იმ ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირი შეიქმნა.
პაპუაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმების გერმანულ ინიციატივას რამდენიმე ქვეყანა შეუერთდა.
მისი განცხადებით, ასეთი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში ევროკავშირი შეიძლება თანასწორი წევრების გაერთიანებიდან გადაიქცეს კავშირად, რომელსაც ძირითადად დიდი სახელმწიფოები მართავენ.
“ევროკავშირში წევრობა თვითმიზანი არ არის. ეს არც მოქმედი წევრებისთვის არის ასე და არც კანდიდატი ქვეყნებისთვის. ბრექსიტი ამის საუკეთესო დასტური იყო“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი მიზანი არის ქვეყნის შესაძლებლობების გაფართოება, საკუთარი ინტერესების უკეთ დაცვა და საერთაშორისო გადაწყვეტილებებზე გავლენის გაზრდა.
პაპუაშვილის განცხადებით, მცირე სახელმწიფოებისთვის ამ შესაძლებლობის ერთ-ერთი მთავარი გარანტია სწორედ კონსენსუსის პრინციპია, რადგან ის მათ საშუალებას აძლევს, დაბლოკონ მათთვის საზიანო გადაწყვეტილებები და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა შეძლონ.
“თუ კონსენსუსის პრინციპი გაუქმდება და გადაწყვეტილებების მიღება მთლიანად დიდი სახელმწიფოებისა თუ მყარი უმრავლესობების ნებაზე გახდება დამოკიდებული, პატარა ქვეყნები ამ ფუნდამენტურ ბერკეტს დაკარგავენ“, – წერს ის.
მისი შეფასებით, ასეთ შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება სუვერენიტეტის ნაწილის ნებაყოფლობითი გაზიარება საერთო ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არამედ შეიძლება გადაიქცეს პროცესად, რომელიც მცირე სახელმწიფოების გავლენას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
პაპუაშვილის თქმით, ქვეყანა, რომელსაც აღარ შეუძლია მისთვის საზიანო გადაწყვეტილების შეჩერება, თანდათან კარგავს როგორც პოლიტიკურ თავისუფლებას, ისე სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას.
მისი განცხადებით, მსგავსი მოდელი შესაძლოა ხელსაყრელი იყოს დიდი სახელმწიფოებისთვის, რადგან მათი ეკონომიკური და პოლიტიკური წონა ისედაც უზრუნველყოფს მნიშვნელოვან გავლენას, თუმცა პატარა ქვეყნებისთვის ეს “კატასტროფული ცვლილება“ იქნება.
“ამიტომ, სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?“ – წერს პაპუაშვილი.
მისივე თქმით, ევროკავშირის მნიშვნელობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ წევრ ქვეყნებს საკუთარი ინტერესების დაცვის, გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენისა და მათთვის არასასურველი ნაბიჯების შეჩერების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
მისი თქმით, არ უნდა გამოირიცხოს, რომ კონსენსუსის წესის შეცვლის შესახებ დისკუსიის ერთ-ერთი შედეგი შესაძლოა ევროკავშირის შემდგომი გაფართოების შეფერხებაც იყოს.
“კანდიდატ ქვეყნებს სთავაზობენ არა არსებულ კავშირში თანასწორ წევრობას, არამედ წინასწარ შეცვლილ სისტემას, სადაც მათ წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები სრულად დაეკისრებათ, ხოლო უფლებები და გავლენის ბერკეტები შეეზღუდებათ“, – წერს ის.
პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მთავარი კითხვა მხოლოდ ის არ უნდა იყოს, თუ როდის გახდება ქვეყანა ევროკავშირის წევრი, არამედ ისიც, თუ როგორი იქნება თავად ევროკავშირი და რა უფლებებით შევა მასში ახალი წევრი.
“წევრობა, რომელიც ქვეყანას სახელმწიფოებრივ უფლებებს ართმევს და მათი დაცვის მექანიზმებს არ აძლევს, ინტეგრაცია კი არა, სუვერენიტეტის გაუქმებაა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
მან ტექსტი დაასრულა ფრაზით, რომელიც ბერძნული მითოლოგიის ალუზიას შეიცავს: “როგორც ჩანს, იუპიტერს ევროპის მ(ი)ოტაცებაც ეპატიება“.