"ჩემი დაპატიმრება თავიდან ბოლომდე პოლიტიკური იყო“ - ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
ირაკლი ღარიბაშვილის წერილი ციხიდან
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ხუთწლიან სასჯელს იხდის, ციხიდან გავრცელებულ ახალ, მეშვიდე წერილში აცხადებს, რომ მისი დაპატიმრების რეალური მიზანი არა სისხლის სამართლის საქმე, არამედ მისი პოლიტიკური განეიტრალება და მომავალში პოლიტიკაში დაბრუნების გამორიცხვა იყო.
ღარიბაშვილის ვერსიით, ხელისუფლებამ თავდაპირველად მასთან შეთანხმებული პირობები შეცვალა, შემდეგ კი, როდესაც მისი პატიმრობით გამოწვეული პოლიტიკური ზიანი თავად მმართველი გუნდისთვის უფრო დიდი აღმოჩნდა, მას ახალი კორუფციული ბრალდების აღიარება შესთავაზა.
„ისევ გადამაგდეს“
ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ დაკავების დღესვე მას გადაეცა გზავნილი, რომლის მიხედვითაც პოლიტიკაზე უარი უნდა ეთქვა. მისი თქმით, სანაცვლოდ მას დაჰპირდნენ, რომ ციხეში არ წავიდოდა და მიიღებდა მრავალწლიან პირობით სასჯელსა და ჯარიმას.
„ისევ გადამაგდეს“, – წერს ღარიბაშვილი.
მისი განცხადებით, 4 იანვარს მოულოდნელად აცნობეს, რომ პირობები შეიცვალა და ხუთი წლით პატიმრობა ელოდა. იმ დროისთვის, როგორც თავად ამბობს, მას უკვე აღიარებული ჰქონდა ბრალი, გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაზე იმყოფებოდა და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ელოდა.
20-წლიანი ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან
წერილის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილთან მრავალწლიან ურთიერთობაზე საუბრობს. მისი თქმით, ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობისა და მის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამო მან პოლიტიკური დაპირისპირების დაწყება არ ისურვა.
„უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე და ჩავჯექი ციხეში, რადგან არ მინდოდა დაპირისპირებაში შესვლა“, – წერს ყოფილი პრემიერი.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით მან საკუთარი თავი გაიწირა, რათა გუნდი და ქვეყანა დაეცვა.
„ჩემი მსხვერპლი გავიღე, ასევე გავუფრთხილდი გუნდსა და ქვეყანას. სანაცვლოდ მივიღე მესამე „გადაგდება““, – აცხადებს ღარიბაშვილი.
„ჩემი დაჭერით ხელისუფლება უფრო დაზიანდა, ვიდრე მე“
ღარიბაშვილის თქმით, თებერვალში შუამავლის მეშვეობით ხელისუფლებასთან კომუნიკაცია შედგა. მისი განცხადებით, მაშინ ხელისუფლების მთავარი გზავნილი იყო, რომ მისი დაპატიმრებით მმართველი გუნდი უფრო დაზიანდა, ვიდრე თავად ღარიბაშვილი.
ყოფილი პრემიერის თქმით, ამის შემდეგ მას გაუჩნდა განცდა, რომ ხელისუფლება ახალი პროვოკაციისთვის ემზადებოდა. მისივე ვერსიით, ხელისუფლებამ ვერ მიიღო ის შედეგი, რომელსაც მისი დაკავებისა და მის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიისგან ელოდა.
„ხალხში ვერ მოახდინეს ჩემი სათანადოდ დისკრედიტაცია და ვერ მიიღეს ის ეფექტი, რასაც ელოდებოდნენ ჩემი დაჭერითა და თანმდევი პროპაგანდით“, – წერს ყოფილი პრემიერი.
„ჩემი რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებიათ“
ღარიბაშვილის განცხადებით, ივლისამდე მასთან კომუნიკაცია აღარ ყოფილა. შემდეგ კი, მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან კვლავ მივიდა ახალი შეთავაზება.
ღარიბაშვილის განცხადებით, ამჯერად ხელისუფლებაში აღიარებდნენ, რომ ღარიბაშვილის დაპატიმრებამ თავად მმართველი გუნდი დააზიანა, ხოლო ყოფილ პრემიერ-მინისტრს მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა.
ღარიბაშვილი წერს, რომ საზოგადოების, განსაკუთრებით კი „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების ნაწილში მის მიმართ თანაგრძნობა გაიზარდა.
მისი თქმით, ამის მიზეზი ისიც იყო, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებებისთვის გასამართლებული სხვა პირები პირობითი სასჯელით გათავისუფლდნენ, რის ფონზეც მისი ხუთწლიანი პატიმრობა საზოგადოებისთვის გაუგებარი გახდა.
„ხელისუფლებისთვის ჩემი პატიმრობა ტვირთად გადაიქცა“, – წერს ღარიბაშვილი.
ახალი კორუფციული ბრალდების აღიარება
ყოფილი პრემიერის თქმით, სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ხელისუფლებაში ახალი შიში, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის პოლიტიკაში დაბრუნდებოდა. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მას ახალი კორუფციული ბრალის აღიარებას სთხოვდნენ.
მისი თქმით, მიზანი ორმაგი იყო: მისი სახელის საბოლოო განადგურება და პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობის დამატებით დაბლოკვა:
„ამის გამო მთხოვდნენ ახალი, ბინძური კორუფციული ბრალის აღიარებას, რათა, ერთი მხრივ, მომხდარიყო ჩემი სახელის საბოლოოდ განადგურება და, მეორე მხრივ, დამატებით გადაეზღვიათ ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების რისკები.“
„ჩემი პატიმრობა თავიდან ბოლომდე პოლიტიკური იყო“
ღარიბაშვილი საკუთარი საქმის შესახებ საბოლოო შეფასებას პირდაპირ აკეთებს.
“აქედან გამომდინარე, ჩემი პატიმრობა თავიდან ბოლომდე, პირველივე დღიდან, იყო პოლიტიკური და ყველაფერი, რაც ჩემს წინააღმდეგ განხორციელდა, არის პოლიტიკურად მოტივირებული, რასაც არავითარი საერთო არ აქვს სამართლებრივ პროცესთან.“
ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ციხეში ყოფნის მიზეზად მიაჩნია „აბსურდული ეჭვები, შიშები და შური“.
მისი თქმით, ეს არა მხოლოდ მის, არამედ მისი ოჯახის წინააღმდეგ ჩადენილი უსამართლობაცაა.
შეტევა ხელისუფლების პროპაგანდაზე
წერილის მეორე ნაწილი უკვე პირდაპირ ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ მწვავე ბრალდებებსა და კრიტიკას ეთმობა.
ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მის წინააღმდეგ „ცრუ და ბინძური პროპაგანდა“ გრძელდება.
ყოფილი პრემიერი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს „ფარისევლურსა“ და „ყალბს“ უწოდებს.
„როგორც ვატყობ, ძალიან გაერთეთ და როლში შეხვედით. ნუ თვალთმაქცობთ! ჯერ თქვენი თვალიდან ამოიღეთ დირე და მერე ილაპარაკეთ კორუფციაზე“, – წერს ღარიბაშვილი.
მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ხელისუფლების მიერ წარმოებული კამპანია „ფარსია“.

„სახელმწიფო ინსტიტუტები დასაცინი გახადეთ“
ღარიბაშვილი ხელისუფლებას ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ხელისუფლების მოქმედებებმა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ სახელმწიფო ინსტიტუტები „დასაცინი“ გახადა.
„შიდა თუ გარე მტრებს სალაპარაკო არგუმენტები მიეცით“, – წერს ყოფილი პრემიერი.
მისი განცხადებით, მმართველი გუნდის პოლიტიკამ ქვეყანა „უწყვეტ ქაოსსა და დაუსრულებელ კრიზისში“ შეიყვანა.
ღარიბაშვილი ასევე ამბობს, რომ ხელისუფლების პოლიტიკით საკუთარი ამომრჩეველიც დაბნეულია და საზოგადოებაში გაჩნდა უიმედობის, არასტაბილურობისა და მომავლის გაურკვევლობის განცდა.
პარალელი სააკაშვილის ეპოქასთან
წერილის ყველაზე მწვავე პოლიტიკური ნაწილი ხელისუფლების მოქმედებების მიხეილ სააკაშვილის მმართველობასთან შედარებაა.
„თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ“, – წერს ღარიბაშვილი.
ყოფილი პრემიერის შეფასებით, ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკა საბოლოოდ თავად „ქართულ ოცნებას“ და ქვეყანას აზიანებს.
„საკუთარ ქვეყანას, ხელისუფლებასა და თავად მმართველ პარტიას მიაყენეთ უდიდესი, გამოუსწორებელი ზიანი“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
წერილი კი ასე მთავრდება:
„ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!“
ღარიბაშვილის საქმე
ღარიბაშვილს პირველი კორუფციული ბრალდება 2025 წლის ოქტომბერში წარუდგინეს. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.
პროკურატურის თანახმად, ღარიბაშვილი ქონებრივ დეკლარაციებში ყალბ მონაცემებს უთითებდა. ამ გზით იგი უკანონოდ მიღებული შემოსავლებისთვის კანონიერი სახის მიცემას ცდილობდა.
2026 წლის იანვარში ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. სასამართლომ მას ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მეორე საქმის მიხედვით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება ბრალად. პროკურატურის ვერსიით, მან თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო შესყიდვებიდან 750 ათასი ლარი მიიღო.
ახალი საქმე ღარიბაშვილის იმ განცხადებებს მოჰყვა, რომლებშიც ის ხელისუფლებას ზეწოლასა და ახალი ბრალის აღიარების მოთხოვნაში ადანაშაულებდა.
საქმე თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენას ეხება. პროკურატურის თანახმად, სამინისტრომ 2022 წლის ბოლოდან სამი საიდუმლო შესყიდვა ჩაატარა.
იმ პერიოდში ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრი იყო, ირაკლი ღარიბაშვილი კი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
თუმცა, პროკურატურა ბურჭულაძესა და მხეიძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას გეგმავს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მათი გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით იქნა მიღებული.