"რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე" — რა თქვა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე
ირაკლი კობახიძის ბრიფინგი
ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე ევროკავშირის, ეუთოსა და დასავლური ინსტიტუტების მისამართით მწვავე განცხადებები გააკეთა. მან ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის პოზიცია საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, ისაუბრა ე.წ. “დიფ სთეითის“ გავლენებზე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას გამოეხმაურა. ამავე დროს, კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების 150 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა.
“რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე”
კობახიძე გამოეხმაურა კაია კალასის განცხადებას, რომელმაც შავი ზღვის სტრატეგიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ევროკავშირს “ივანიშვილის მთავრობასთან“ კავშირები არ აქვს და მისი მიზანი ქართველი ხალხის მხარდაჭერაა.
მისი თქმით, რუსეთის მსგავსად, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე არ აღიარებს, კალასი, მისი შეფასებით, საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არ აღიარებს.
“ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ რუსეთი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ტერიტორიის 20%-ზე, ქალბატონი კაია კალასი კი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე. ეს სრულიად სამარცხვინო და ძალიან მძიმე დამოკიდებულებაა… როცა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ქართველი ხალხის ნებას არ აღიარებს და ამას უპირისპირდება, ძალიან მძიმე მოვლენაა,“ – განაცხადა კობახიძემ.
“დიფ სთეითი“ და დასავლური ინსტიტუტები
ბრიფინგზე კობახიძემ ვრცლად ისაუბრა ე.წ. “დიფ სთეითზე“ და განაცხადა, რომ ევროპული ინსტიტუტები საკუთარი ამომრჩევლების ნაცვლად არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების წინაშე არიან ანგარიშვალდებული.
მისი თქმით, საქართველო 2022 წლის შემდეგ “დიფ სთეითის“ მთავარ სამიზნედ იქცა, რადგან ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიერთებასა და, მისი სიტყვებით, “მეორე ფრონტის გახსნაზე“.
კობახიძის განცხადებით, სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენება სხვადასხვა პოლიტიკური ბერკეტი, მათ შორის ევროპული ინსტიტუტებიც.
მისი თქმით, “დიფ სთეითის“ მიერ შეთავაზებული “კომფორტის ფასი“ მოიცავს “ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებას, ლგბტ პროპაგანდას, მიგრანტების იძულებით მიღებას, სახელმწიფო სუვერენიტეტსა და ეროვნულ იდენტობაზე უარის თქმას“.
კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ამ პოლიტიკას არ დათანხმდება, რადგან ეს ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხეს შეუქმნის.
კობახიძემ ასევე თქვა, რომ “უსამართლო რეზოლუციებით, აბსურდული განცხადებებითა და რევოლუციის მცდელობებით“ სასურველი შედეგის მიღწევა ვერ ხერხდება და აღნიშნა, რომ 2024-2025 წლებში ქართველმა ხალხმა სწორედ ამ ყველაფრის ფონზე დაუჭირა მხარი “ქართულ ოცნებას“.
ეუთოს რეზოლუციის კრიტიკა
კობახიძემ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული კრიტიკული რეზოლუცია. მისი თქმით, რეზოლუცია “აბსურდულია“ და ევროპული ინსტიტუტები იმ პროცესში არიან ჩართული, რომლის მიზანიც საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა.
“არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი უსამართლო და სამარცხვინო ბრალდებებით, სანქციებითა და ზეწოლისა თუ შანტაჟის სხვა ბერკეტების გამოყენებით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და მისი ‘დიფ სთეითის’ მორჩილი აგენტურით ჩანაცვლებაა,“ – განაცხადა კობახიძემ.
8 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომელიც ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ, სამოქალაქო თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმებისა და დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს. რეზოლუცია, სახელწოდებით „საქართველოში არჩევნების კეთილსინდისიერებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის შესახებ“, ჰააგის დეკლარაციის ნაწილად იქცა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი
საგარეო პოლიტიკაზე გაკეთებული განცხადებების პარალელურად, კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების და გაფართოების მასშტაბური პროექტის დაწყებაც დააანონსა.
მისი თქმით, სახელმწიფოსა და TAV Georgia-ს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე ინვესტორი პროექტში 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტს დააბანდებს, რის შედეგადაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება.
პრემიერის განცხადებით, აეროპორტის განვითარება საქართველოს ეკონომიკის, ტურიზმის, დაკავშირებადობისა და საინვესტიციო მიმზიდველობისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს.
კობახიძემ აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოს საავიაციო სექტორი სწრაფად იზრდება, გაფართოვდა საერთაშორისო მიმართულებები და ბაზარზე არაერთი ავიაკომპანია შევიდა. მისი თქმით, 2025 წელს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ჯამში 8.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, ხოლო ტურიზმისა და ავიაციის სფეროებში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.
მისი განცხადებით, მიუხედავად წელს არსებული “კრიზისის ფონზე“ მცირე შენელებისა, ივნისი კვლავ რეკორდული იყო და ხელისუფლება მიმდინარე წლის შედეგებს ოპტიმისტურად აფასებს.