ლიეტუვა: ევროკავშირი მზადაა, სირიასთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებაზე იმუშაოს
გაზიარება
გაზიარება
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევროკავშირი მზადაა, სირიის ახალ ხელისუფლებასთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებაზე იმუშაოს. ლიეტუვის საგარეოს განცხადებამდე ევროკავშირმა სირიის სახალხო ასამბლეის პირველი სხდომა ქვეყნის პოლიტიკური გარდაქმნის პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, ასამბლეამ ახალი კონსტიტუციის მიღებას, რეფორმების გატარებასა და ინკლუზიური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი. მათ ასევე მზადყოფნა გამოთქვეს ასამბლეასთან თანამშრომლობისა და სირიასთან პარტნიორობის გაღრმავების კუთხით, მათ შორის, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის დაცვის მიზნით.
“ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან, ითანამშრომლონ სირიის სახალხო ასამბლეასთან და იმუშაონ საერთო მიზნების მისაღწევად, მათ შორის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების დაცვის მიმართულებით. ეს ასევე გულისხმობს ასადის რეჟიმის პერიოდში მიღებული იმ გადაწყვეტილებების გაუქმებას, რომლებმაც აღიარეს უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა”, – წერს ლიეტუვის საგარეო.
სირიამ 2018 წელს, ბაშარ ალ-ასადის მმართველობის პერიოდში, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი (ე.წ. სამხრეთ ოსეთი). გადაწყვეტილების საპასუხოდ საქართველომ დამასკოსთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა.
ამჟამად საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებენ რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ.