როგორ გახდა ნეირობიოლოგი უპილოტო სისტემების მეთაური. უკრაინელი მებრძოლი ქალის ამბავი
უკრაინელი ქალი დრონების მეთაური

34 წლის ოლგა ბიგარი, მეტსახელად „ვედმა“, უკრაინის მე-20 საარმიო კორპუსის უპილოტო სისტემების სამმართველოს ხელმძღვანელობს. ჯარამდე ის ნეირობიოლოგიას სწავლობდა, შემდეგ იურიდიული განათლება მიიღო და უფლებების დაცვაზე მუშაობდა.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბიგარი დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად სამხედრო კომისარიატში მივიდა. მისი შუათანა ძმა 2015 წლიდან იბრძვის. დღეს ომში ოჯახის ოთხი წევრია.
უკრაინულ გამოცემა Hromadske-სთან ინტერვიუში ბიგარი ოჯახზე, მეთაურობაზე, დანაკარგებზე, უპილოტო სისტემებსა და თანამედროვე ომში ტექნოლოგიებისა და მონაცემთა ანალიზის მნიშვნელობაზე საუბრობს.
კრამატორსკი, ოჯახი და ომი
ოლგა კრამატორსკში დაიბადა. მისი თქმით, უკრაინული იდენტობა ოჯახის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.
მამის მხრიდან ბაბუა ინჟინერი და დისიდენტი იყო პრიკარპატიედან. მისი ოჯახი დაკავშირებული იყო უკრაინის მეამბოხე არმიასთან (UPA) და უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციასთან (OUN). თავად ბაბუა კგბ-ს მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, კომუნისტურ პარტიაში არ შესულა და უკრაინულად საუბარს აგრძელებდა.
1990-იან წლებში ის უკრაინის სახალხო მოძრაობას შეუერთდა და ქვეყნის დამოუკიდებლობას უჭერდა მხარს. მოგვიანებით კრამატორსკის საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აქტიურად მონაწილეობდა.
დედის მხრიდან ბებია პოლტავის ოლქის კაზაკური ოჯახიდან იყო. ოჯახში უკრაინულ ტრადიციებს ინარჩუნებდნენ, ხალხურ სიმღერებს მღეროდნენ და დღესასწაულებს ტრადიციულად აღნიშნავდნენ.
ოლგას მეცნიერობა სურდა და ნეირობიოლოგიას სწავლობდა. თუმცა მაიდნის შემდეგ გადაწყვიტა, სამეცნიერო კარიერისთვის საზღვარგარეთ არ წასულიყო. მან იურიდიული განათლება მიიღო და 2019 წლიდან უფლებების დაცვაზე მუშაობდა.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 25 თებერვალს, ოლგა, დედამისი და უმცროსი ძმა სამხედრო კომისარიატში მივიდნენ. შუათანა ძმა იმ დროისთვის უკვე 2015 წლიდან იბრძოდა.
▇ „არავის გასჩენია აზრი, რომ არ ემსახურა. სხვანაირად როგორ? ან მსხვერპლი ხარ, ან დამცველი“.
ოლგას დედა ომამდე ჟურნალისტი იყო. მოგვიანებით სამხედრო ფსიქოლოგის პროფესია შეიძინა და ახლა უპილოტო სისტემების ძალებში მსახურობს.
უმცროსი ძმა იურისტობას სწავლობდა და ომში 18 წლის წავიდა. ოლგამ შესთავაზა, ჯერ სწავლა დაემთავრებინა.
„ოლა, რა აზრი აქვს უფლებების დაცვას ვისწავლი? თუ მოსკალები მოვლენ, ეს ვერ დაგვეხმარება“, – უპასუხა მან.

როცა ფრონტზე მთელი ოჯახია
ბიგარის თქმით, საერთო სამხედრო გამოცდილება ოჯახის წევრებს ერთმანეთის უკეთ გაგებაში ეხმარება. მათ საერთო ჩატი აქვთ, სადაც ყოველდღიურად ფოტოებსა და ამბებს აგზავნიან.
ერთხელ ოლგა უმცროს ძმას ფრონტთან ახლოს მდებარე სოფელში შეხვდა. ძმამ იცოდა, რომ დას თითქმის არ ეძინა და ზოგჯერ საკვების საყიდლადაც ვერ იცლიდა. ამიტომ მივიდა, ვახშამი მოუმზადა და რამდენიმე დღის საჭმელი დაუტოვა.
● მსოფლიოში ყველაზე დანაღმული ქვეყანა: როგორ ცვლის ომი უკრაინის მიწასა და ბუნებას
● „კრამატორსკში ცას ვუყურებთ“ – უკრაინის ქალაქი რუსეთის ავიაბომბების ქვეშ
● თავისუფლება არც ისე მარტივი აღმოჩნდა. როგორ ცხოვრობს მარიუპოლის მცველი ტყვეობის შემდეგ
● „ჩემი ქალური ბედნიერებაა დღეში 120 მოკლული რუსი ჯარისკაცი“. უკრაინელი მეთაური ქალის ისტორია
მაგრამ როდესაც ოჯახის წევრები საფრთხეში არიან, პროფესიული თავშეკავება შიშს ვერ აქრობს.
ბახმუტისთვის ბრძოლების დროს ბიგარის ერთ-ერთი ძმა ალყაში აღმოჩნდა.
„მეგონა, ჭკუიდან გადავიდოდი. იმ დღეებში მხოლოდ ყავით ვიკვებებოდი. ემოციების გამოხატვის უფლება არ მქონდა, რომ ჩემი პირადი შემადგენლობის დემოტივაცია არ მომეხდინა“.
ის ძმას კი არა, მის მეთაურს ურეკავდა, ვითარებას არკვევდა და ევაკუაციის შესაძლებლობას ეძებდა.
საკუთარ სახიფათო დავალებებზე ბიგარი ოჯახს, როგორც წესი, არაფერს ეუბნება. მართვადი ავიაბომბის ახლოს ჩამოვარდნის ან მანქანაში FPV-დრონის მოხვედრის შესახებ უკვე დაბრუნების შემდეგ ჰყვება.

ნეირობიოლოგიიდან და სამართალიდან მეთაურობამდე
2022 წლის გაზაფხულზე ბიგარმა სამსახური კიევის მახლობლად ტერიტორიული თავდაცვის ქვეით ნაწილში დაიწყო. სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა.
მისი თქმით, პირველ კვირებში ბევრი რამ პირად ინიციატივაზე იყო დამოკიდებული. დანაყოფში დაახლოებით 200 ადამიანი მივიდა, უმეტესობა სამოქალაქო პირი. პირადი შემადგენლობის სრული სიაც კი არ არსებობდა.
ბიგარმა მონაცემების შეგროვება, მეთაურობასთან კომუნიკაციის აწყობა და სამხედრო დოკუმენტაციის შესწავლა დაიწყო.
▇ „ვისაც პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება შეეძლო, ის იღებდა“.
ასე აღმოჩნდა ის თანდათან სამეთაურო შემადგენლობაში.
2023 წელს ბიგარი ბახმუტში უკვე ქვეითი ოცეულის მეთაურის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გაემგზავრა. მისი თქმით, სწორედ იქ გააცნობიერა საბოლოოდ დაგეგმვის მნიშვნელობა.
„დანაკარგების საკითხი შემთხვევითობა არ არის. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორად დაგეგმე ლოგისტიკა, გადაადგილების დრო და შენი დანაყოფების მოქმედებები“.
მოგვიანებით მან სახმელეთო ჯარების აკადემიაში ლიდერობის კურსები გაიარა.
ბიგარი მსახურობდა ქვეით ჯარში, არტილერიასა და უპილოტო სისტემებში. თავის მთავარ მიღწევად დანაყოფების ორგანიზებასა და ადამიანების მომზადებას მიიჩნევს.

„დანაკარგების დიდი ნაწილი დაგეგმვის შეცდომაა“
ბიგარი მიიჩნევს, რომ მეთაურის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა თითოეული ადამიანის შესაძლებლობების დანახვაა.
ის იხსენებს სამხედროს, რომელსაც პოზიციებზე გასვლის ეშინოდა. საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ პრობლემა სამსახურის სურვილის არქონა არ იყო. ბიგარის აზრით, ის უბრალოდ თავის ადგილზე არ აღმოჩნდა.
ბიგარმა სამხედრო რადიოელექტრონულ დაზვერვაში გადაიყვანა, სადაც ის წარმატებული სპეციალისტი გახდა.
„ყველას აქვს ძლიერი მხარეები. თუ მეთაურს პირად შემადგენლობასთან პრობლემა აქვს, ყოველთვის თავად ვერთვები“.
საკუთარ სამეთაურო მიდგომას ბიგარი სამეცნიერო გამოცდილებასაც უკავშირებს: ანალიზს, მეთოდოლოგიასა და პროგნოზირებას.
▇ „ჯარში დანაკარგების დიდი ნაწილი ან იმის შედეგია, რომ ემოციამ იმოქმედა და პროაქტიულად კი არა, რეაქტიულად იმოქმედე, ან დაგეგმვის შეცდომაა“.

„Excel-ში ომს ვეღარ ვაწარმოებთ“
დღეს ბიგარის სამუშაო დღე დაახლოებით დილის ხუთ საათზე იწყება. პირველ რიგში უფროს მეთაურს პოზიციებზე არსებულ ვითარებას მოახსენებს.
შემდეგ აუცილებლად იტოვებს ათ წუთს ყავისა და დღის დაგეგმვისთვის. უამრავი ამოცანიდან ერთ მთავარ პრიორიტეტს არჩევს, რომელზეც რესურსების დიდი ნაწილის დახარჯვას აპირებს.
ბიგარი უპილოტო სისტემებს „მიტანის სამსახურს“ უწოდებს. დრონებს შეუძლიათ დარტყმის განხორციელება, ტერიტორიის დისტანციურად დანაღმვა, საბრძოლო მასალის, საკვების, საწვავისა და წყლის მიწოდება. რობოტიზებული სისტემები დაჭრილების ევაკუაციისთვისაც გამოიყენება.
მისი სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილი მონაცემების ანალიზია.
ბიგარი ამბობს, რომ სამხედრო მართვის პროცესები ციფრულ ფორმატში გადაიყვანა, რადგან ინფორმაციის ასეთ მოცულობას სხვაგვარად ვერ გაუმკლავდებოდა.
▇ „Excel-ში ომს ვეღარ ვაწარმოებთ. უფრო ადრე უნდა დავინახოთ, უფრო სწრაფად გავიგოთ და წინმსწრებად ვიმოქმედოთ, რადგან მოწინააღმდეგე რაოდენობით გვჯობნის, ჩვენ კი ინტელექტითა და ტექნოლოგიებით უნდა ვაჯობოთ“.
ის ათასობით საცეცხლე, ლოგისტიკურ და სხვა დავალებას აანალიზებს, სუსტ წერტილებს პოულობს და შემდეგ კონკრეტულ დანაყოფებთან მუშაობს.
დღის განმავლობაში მას დაახლოებით 300 ზარი აქვს. ყველაზე მცირე რაოდენობა, რაც ახსოვს, 128 იყო. ამას ემატება ვიდეოკონფერენციები და თათბირები.
სამსახურებრივი მონაცემების ანალიზისთვის ხელოვნურ ინტელექტს არ იყენებს. მისი თქმით, ინფორმაციის დიდი ნაწილი საიდუმლოა ან მხოლოდ სამსახურებრივი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი, ამიტომ მისი გარე სისტემებში ატვირთვა არ შეიძლება.
სამი საათი ძილი, შვილი და მანიკური
ბიგარი ამბობს, რომ ძალიან ემოციური ადამიანი არ არის. პრობლემის დროს მისი პრინციპი მარტივია: ჯერ გამოსავალი უნდა იპოვო და შემდეგ იფიქრო საკუთარ ემოციებზე.
ერთ განსაკუთრებით მძიმე პერიოდში სამი თვის განმავლობაში დღეში საშუალოდ სამი საათი და 40 წუთი ეძინა.
„მანქანაში ჩავჯექი, კარი ჩავკეტე, ვიყვირე, გამოვედი და ყველაფერი კარგად იყო. შემდეგ ისევ მუშაობა შემეძლო“.
დასვენების დღეები არ აქვს, შვებულებაში კი წელიწადზე მეტია არ ყოფილა. განტვირთვაში სამხედრო ლიდერობასა და დაგეგმვაზე წიგნების კითხვა, მანქანისა და მოტოციკლის მართვა ეხმარება.
შვილს ახლა თითქმის ვერ ხედავს. როდესაც ხვდებიან, ერთმანეთს ინგლისურად ელაპარაკებიან.
ამავე დროს, ბიგარი ინარჩუნებს ჩვევას, რომელიც ბავშვობაში ბებიამ გამოუმუშავა – ფრჩხილებს ყოველთვის უვლის. მანიკიურს თავად იკეთებს და ზოგჯერ ამისთვის ორი საათის ძილსაც თმობს.
„ფრჩხილები საერთოდ ძალიან მოსახერხებელია. მანქანაც შემიკეთებია მათი დახმარებით და ფეხიდან ნამსხვრევიც ამომიღია“.
ჭრილობები და სექსიზმის მიმართ დამოკიდებულება
ბიგარს საკუთარი ჭრილობების შესახებ ოფიციალურად არასდროს განუცხადებია. მისი თქმით, უხერხულად მიაჩნია მცირე ნამსხვრევით ჰოსპიტალში მისვლა, როდესაც იქ კიდურამპუტირებული სამხედროები არიან.
ასევე ამბობს, რომ კონტუზიების შემდეგ სმენა გაუუარესდა.
ჯარში სექსიზმის შესახებ კითხვაზე ბიგარი პასუხობს, რომ ცდილობს არა თავად კომენტარზე, არამედ ადამიანის ქცევის მიზეზზე იფიქროს.
ფლირტსა და უადგილო კომპლიმენტებს პირდაპირი კითხვით პასუხობს.
„რა გინდა? რატომ თქვი ეს? ჩემთან რაღაც ურთიერთობის აწყობა გინდა თუ უბრალოდ რაღაცის ლაპარაკი?“
მისი თქმით, ამის შემდეგ მსგავსი საუბრები, როგორც წესი, წყდება.
ბიგარი საკუთარ საჯაროობას თანხის შესაგროვებლადაც იყენებს. ერთ-ერთი საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში ქალი სამხედროებისთვის ზამთრის ფორმის შესაძენად ექვსი მილიონი გრივნა შეგროვდა.
ფინანსურ დამოუკიდებლობას ის პრინციპულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მუშაობა ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში დაიწყო.
„თუ გინდა, გარშემო ადამიანებს ხედავდე და არა რესურსს, თვითკმარი უნდა იყო. მეც ამ პრინციპით ვცხოვრობ“.
exchange