საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგება, მაღაზიები და რესტორნები იხსნება - საქართველო შეზღუდვებს აუქმებს
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 27 მაისის სხდომის შემდეგ გარკვეული შეზღუდვების მოხსნის შესახებ გააკეთა განცხადება.
მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდმდგომარეობა მართვადია, ამიტომ გახდა შესაძლებელი შეზღუდვების მოხსნა.
27 მაისისთვის საქართველოში ინფიცირებულთა 70 პროცენტზე მეტი გამოჯანმრთელებულია. უკვე თითქმის ერთი კვირაა შემთხვევების რაოდენობა მხოლოდ ერთიდან სამამდე იმატებს. კორონავირუსით ინფიცირების სულ 735 შემთხვევა; გამოჯანმრთელებულია – 557, გარდაცვლილია 12.
რა შეზღუდვები იხსნება?
● 29 მაისიდან ამუშავდება ყველა სახის საქალაქო ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, ტრანსპორტი იმუშავებს გარკვეული წესებით. ერთ-ერთი მთავარი წესი იქნება პირბადის აუცილებელი ტარება.
● 1 ივნისიდან გაიხსნება ყველა მაღაზია. მათ შორის მოლებიც;
● 1 ივნისიდან გაიხსნება ასევე ღია და დახურული ბაზრობები;
● 1 ივნისიდან გაიხსნება ღია სივრცის მქონე რესტორნები;
● 8 ივნისიდან კი გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში – ანუ ის რესტორნებიც გაიხსნება, რომლებსაც მხოლოდ დახურული სივრცე აქვთ;
● 8 ივნისიდან გაიხსნება გაიხსნება ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა;
● 8 ივნისიდან ამუშავდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი – ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები და რკინიგზა.
ჩამონათვალში ამ ეტაპზე ვერ მოხვდა
● სპორტული დარბაზები. საცურაო აუზები და გამაჯანსაღებელი კომპლექსები.
● კინოთეატრები, თეატრები, მუზეუმები და სხვა კულტურული დაწესებულებები.
● ღამის კლუბები.