საქართველოს პრემიერის თქმით, საწვავის გაძვირების წინააღმდეგ აქციის უკან ნაცმოძრაობა დგას
საწვავის გაძვირების წინააღმდეგ აქციის უკან ნაცმომოძრაობა დგას
საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 27 მარტს გამართული საპროტესტო აქციის მიღმა, რომელიც საწვავის ფასების შემცირების მოთხოვნით გაიმართა, ნაციონალური მოძრაობა იდგა.
ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ კორონავირუსის პანდემიამ, შემდეგ კი უკრაინაში რუსეთის ომმა ეკონომიკაზე გავლენა მოახდინა და ეს საქართველოზეც აისახება.
27 მარტს, თბილისში, საწვავის ფასის შემცირების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ითხოვენ:
● აქციზის გადასახადის სრულად გაუქმებას;
● დღგ-ის მცურავ რეჟიმზე გადაყვანას;
● ხელოვნური მონოპოლიების დაშლას.
პროტესტის მონაწილეების თქმით, ეს საწვავის ფასს 80-90 თეთრით შეამცირებს.
აქცია თავდაპირველად მშვიდობიანი მსვლელობით დაიწყო, მოგვიანებით კი მათ რამდენიმე ადგილას ქუჩა გადაკეტეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. საბოლოოდ პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 20 ადამიანი.
“მე მესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ძალიან აწუხებს ფასები. ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებულები, რომ ჩვენს მოქალაქეებს შევუმსუბუქოთ გაზრდილი ფასები და წნეხი, რომელიც აქედან გამომდინარეობს“, – თქვა ღარიბაშვილმა.
პრემიერის ამბობს იმასაც, რომ ინფლაციის მაჩვენებლებმა არაერთ ქვეყანაში პროგნოზირებულ მაჩვენებელს გადააჭარბა. მაგალითად, აშშ-ში ბოლო 40 წლის რეკორდული მაქსიმუმი დაფიქსირდა, ხოლო გერმანიაში ინფლაცია არის ბოლო 29 წლის მაქსიმუმზე. მისივე თქმით, იგივე ეხება მთლიანად ევროზონას.
“მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა ასეთი, ასეთი მასშტაბის ომი ევროპაში. ბუნებრივია, ამას ექნება გავლენა ყველაზე და ყველაფერზე: ფასებზე, ეკონომიკაზე, ინფლაციაზე“. – თქვა ღარიბაშვილმა.
პრემიერმინისტრმა ინფლაციის დღევანდელი მაჩვენებელი “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის 2006 წლის პერიოდსაც შეადარა:
“მე არ მინდა, კიდევ შედარება გავაკეთო წინა ხელისუფლებასთან, მაგრამ ვინაიდან ოპონენტები ასე უპასუხისმგებლოდ საუბრობენ და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, მინდა მათ შევახსენო, რომ მათ პერიოდში 2011 წლის მაისში ინფლაცია იყო 14,3%, იმავე წლის მარტში 13,9%, აპრილში, 13,5%, უფრო ადრეც, 2006 წელს ინფლაცია 14,5%-ს შეადგენდა.“
● საქართველოში საწვავის ფასი ანტირეკორდს ხსნის
● აბა ომი გინდათ?! – ვინ და რატომ აძლიერებს საქართველოში ომის ბუნებრივ შიშს? ექსპერტების შეფასებები
● საქართველოში საარსებო მინიმუმი 231 ლარია, სავაჭრო ბრუნვა კი 49 პროცენტით გაიზარდა
საწვავის ფასები საქართველოში ყოველ დღე ახალ ანტირეკორდებს ხსნის, სხვადასხვა სახეობის საწვავის ღირებულება უკვე ოთხ ლარს უახლოვდება.
24 თებერვლიდან, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში პრემიუმ მარკის საწვავი 64 თეთრით, რეგულარი 60 თეთრით გაძვირდა. ყველაზე მეტად ფასი დიზელის საწვავზეა მომატებული – ევრო დიზელი 85 თეთრით გაძვირდა.
ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი “Business Media Georgia”-სთან აცხადებს, რომ ფასების მკვეთრი ზრდა ორი ფაქტორით არის გამოწვეული: საწვავის საერთაშორისო ფასის ზრდა და ეროვნული ვალუტის გაუფასურება.
ნავთობიმპორტიორები ამბობენ, რომ მათ დღეს რეალური გათვლების გაკეთება უჭირთ.