საქართველოში საარსებო მინიმუმი 231 ლარია, სავაჭრო ბრუნვა კი 49 პროცენტით გაიზარდა
საქართველოში საარსებო მინიმუმი 231 ლარია
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალში საარსებო მინიმუმი წლიურად 34.1 ლარით გაიზარდა და 231.3 ლარი შეადგინა. რაც ნიშნავს იმას, რომ იანვართან შედარებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 5.1 ლარით არის გაზრდილი. საქსტატისვე ცნობით, იანვარ-თებერვალში სავაჭრო ბრუნვა 49 პროცენტით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ თებერვალში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 204.9 ლარი იყო, რაც 30.2 ლარით აღემატება 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
საქსტატი აქვეყნებს ინფორმაციას საქართველოს იანვარ-თებერვალში სავაჭრო ბრუნვის შესახებაც. უწყების ცნობით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ 539 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 49.2 პროცენტით მეტია.
უწყების ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.6 პროცენტით გაიზარდა და 14 მილიარდ 315 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
● ელიან თუ არა საკუთარი ქვეყნიდან გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში?
● მოუხსნა თუ არა რუსეთმა სანქციები საქართველოს? რძის ექსპორტი და მორიგი საყვედური უკრაინისგან
● რა გავლენას მოახდენს საქართველოზე რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები
როგორ ითვლება საარსებო მინიმუმი
დღეს არსებული საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულების მიხედვით დგება, მისი გამოანგარიშება კი სპეციალური სასურსათო კალათით ხდება. აქედან გამომდინარე, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია.
შესაბამისად, საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯი, რომლის გაწევაც მოქალაქეებს უწევთ.
მაგალითად, ზამთრის სეზონზე ცხოვრების საშუალო ხარჯი დაახლოებით 20%-ით ძვირია, ვიდრე ზაფხულში. თუმცა იმის გამო, რომ საარსებო მინიმუმი ამ ხარჯებს არ ითვალისწინებს, ზამთრისა და ზაფხულის საარსებო მინიმუმებს შორის სხვაობა ძალიან მცირეა.
საარსებო მინიმუმის გამოიანგარიშება შემდეგი ყოველდღიური რაციონიდან ხდება:
- ხორბლის პური – 250 გრამი
- სიმინდის ფქვილი – 40 გრამი
- ლობიო – 20 გრამი
- ბრინჯი – 10 გრამი
- წიწიბურა – 10 გრამი
- ძროხის ხორცი – 40 გრამი
- მაკარონი – 15 გრამი
- ღორის ხორცი – 20 გრამი
- რძე – 150 მილილიტრი
- ხაჭო -15 გრამი
- ყველი – 20 გრამი
- ნადუღი – 5 გრამი
- ბადრიჯანი -10 გრამი
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის საშუალო სასურსათო ხარჯები მათ მთლიან ხარჯებთან მიმართებით 44%-ია. ანუ, მოსახლეობა შემოსავლის 44%-ს საკუთარ კვებაზე ხარჯავს, 56%-ს კი სხვა სერვისებზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, საარსებო მინიმუმის წარმოებას საქსტატი აღარ განახორციელებს. რადგან, მათი განმარტებით, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.