სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ დარიალში მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა - შსს
დარიალში მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სასაზღვრო-გამტარ პუნქტ დარიალში მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა. უწყების განმარტებით, 29 სექტემბრის 10:00-დან 30 სექტემბრის 10:00-მდე საქართველოს საზღვარი ყველა გამშვები პუნქტის გავლით რუსეთის 6 109 მოქალაქემ გადმოკვეთა, 5 186-მა კი დატოვა.
შსს-ში ასევე ამბობენ, რომ გამშვებ პუნქტ დარიალში სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების გატარება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, შედეგად, ბოლო დღეებში შეფერხებული სატრანზიტო ავტომიმოსვლა სრულად აღდგა.
27 სექტემბერს უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბოლო პერიოდში მომატებულია იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზეზების გამო არ უშვებენ.
“რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომატებული ნაკადის ეფექტიანად მართვისთვის სასაზღვრო-გამტარ პუნქტ დარიალში დამატებით განლაგებულია პოლიციური ჯგუფები, როგორც სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის პროცედურების შესრულების, ასევე, პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის და შესაძლო სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით.” – აცხადებდნენ შსს-ში.
უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტში მუდმივ რეჟიმში იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი.
● როგორ ხვდება საქართველო რუსეთიდან და ბელარუსიდან ემიგრანტებს
● “თითქოს ომი კიდევ ერთხელ დაიწყო” – რას ფიქრობენ მობილიზაციაზე საქართველოში მცხოვრები რუსები
● როგორია სამყარო, რომელსაც პუტინი აშენებს
ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა. პირველ ეტაპზე 18-35 წლის მამაკაცებს გაიწვევენ, შემდეგ 35-45 და ა.შ. რუსული მედია წერს, რომ რუსმა ახალგაზრდებმა უკვე მასობრივად მიიღეს გაწვევის ცნობები. მოსახლეობის ნაწილში პანიკაა. რუსეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო.
თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, მობილიზაცია 300 000-მდე რუსეთის მოქალაქეს შეეხება, თუმცა გამოცემა Novaya Gazeta.Europe წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მობილიზაციის შესახებ დადგენილების მეშვიდე, საიდუმლო პუნქტი, თავდაცვის სამინისტროს საშუალებას აძლევს, 1 მილიონამდე ადამიანი გაიწვიოს.
მას შემდეგ, რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის მასობრივი დატოვება დაიწყეს, მათ შორის საქართველოს მიმართულებით.
ტელეგრამში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის რუსეთის მხარეს გადაადგილდება ჯავშანტრანსპორტიორი, რომელზეც სამხედრო ფორმაში ჩაცმული ნიღბიანი ადამიანები სხედან.
რუსეთის “ეფესბე” გამოეხმაურა ამ ინფორმაციას – უწყებაში აცხადებენ, რომ მას გამოიყენებენ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე საზღვრის გარღვევას შეეცდება.