საქართველოში სპორტული დარბაზები იხსნება. დღეიდან უქმდება სხვა შეზღუდვებიც
15 მარტიდან საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი იწყება:
კერძოდ:
- მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები;
- სასწავლო პროცესი უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში აუდიტორიებში აღდგება;
- აღდგება სასკოლო წრეების ფუნქციონირება;
- რეპეტიციებსა და ვარჯიშს განაახლებენ თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები.
ხოლო 1-ლი აპრილიდან აღდგება თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლების დასწრებით.
თუმცა ქვეყანაში 21:00-დან 05:00 საათამდე კვლავ ძალაში რჩება კომენდანტის საათი.
__________________________________
● საქართველომ AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია მიიღო
● კორონავირუსის მორიგი ტალღა: სომხეთში ინფიცირებულთა რიცხვი ისევ იზრდება
● ფეისბუკ-ჯგუფები, როგორც ჯანდაცვის სისტემის ალტერნატივა? VIDEO
____________________________________
ნოემბრის ბოლოს კორონავირუსის ეპიდაფეთქების გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება საქართველოში 25 თებერვლიდან დაიწყო და მთავრობის გადაწყვეტილებით, ეტაპობრივად მიმდინარეობს. გაიხსნა სასტუმროები სამთო კურორტებზე და აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.
1-ლი მარტიდან გაიხსნა კერძო და საჯარო ბაღები. უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა აღდგა და გამოცდები არადისტანციურ ფორმატში განახლდა. მუშაობა განაახლეს მუზეუმებმა და ბიბლიოთეკებმაც.
8 მარტიდან მთელ საქართველოში რესტორნებს შიდა სივრცეში მუშაობის უფლება მიეცათ, თუმცა შეზღუდვა შაბათ-კვირას ისევ შენარჩუნდა; სამთო კურორტებზე გაიხსნა საბაგიროები.