საქართველომ AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია მიიღო
საქართველომ COVAX პლატფორმის საშუალებით AstraZeneca/Oxford ვაქცინის 43,200 დოზა მიიღო, რომელიც AstraZeneca-SKBio-ს (კორეის რესპუბლიკა) მიერ არის დამზადებული.
ეს ვაქცინის პირველი პარტიაა, რომელიც ქვეყანამ მიიღო. ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის აცრა არ გაკეთებულა.
აღნიშნული ვაქცინის შეძენაში ქვეყნის მთავრობას გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) დაეხმარა. ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყება. პირველები სამედიცინო მუშაკები აიცრებიან.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შერჩეულია ის 82 სამედიცინო დაწესებულება, სადაც ვაქცინაციის პროცესი დაიწყება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, ვაქცინაციის მსურველ სამედიცინო პერსონალს შესაბამის პორტალზე დარეგისტრირება დღეიდან შეუძლია.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ასტრაზენეკას ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.
ყველა აცრილი ადამიანი ორენოვან დამადასტურებელ ცნობას მიიღებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, 2021 წელს ქვეყანაში 1 700 000 ადამიანი ორჯერ უნდა აიცრას:
“ჩვენ ვანგარიშობთ 3 მლნ 900 ათას დოზას, რომლის მობილიზაციაც ქვეყანაში გაკეთდება წელს.”
ასევე, გამყრელიძის თქმით, ყველა აცრილი ადამიანი ორენოვან დამადასტურებელ ცნობას მიიღებს.
“ყველა აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებელი ცნობა, რომ ის აიცრა ამა და ამ ვაქცინით, ამა და ამ დღეს. ეს არის ორენოვანი ცნობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება მას მოაწერს ხელს და დაარტყამს ბეჭედს”. – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ამცრელი ბრიგადები დაკომპლექტებული იქნება სამი ადამიანისგან – ამცრელი, ექიმი, ვინც სპეციალური კითხვარით ეკითხება ასაცრელ პიროვნებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და რეგისტრატორი, ვისაც იმუნიზაციის ელექტრონულ სისტემაში შეჰყავს მონაცემები.
___________________________________
● კერძო სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი” ამბობს, რომ მარტის ბოლოს ასტრაზენეკას შემოიტანს და დაზღვეულებს აცრის
● ფეისბუკ-ჯგუფები, როგორც ჯანდაცვის სისტემის ალტერნატივა?
● კლინიკების ასოციაცია: საქართველო პანდემიის მესამე ტალღას ვეღარ გაუძლებს
_______________________________