საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება
საქართველოს მმართველი პარტიის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ მის ბაზაზე სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნა იგეგმება
“მოქმედი აქტების თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქმიანობას შემდეგი სამი მიმართულებით ახორციელებს: პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი; ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი და გარკვეულ სამოხელეო დანაშაულთა გამოძიება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა: რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. პროექტი ბიუროს 28 დეკემბერს წარედგინება.
● არჩევნები, პანდემია, მედიის მდგომარეობა და სააკაშვილი – ომბუდსმენის 2021 წლის ანგარიში
● აქცია, ხმაური და დაკავებები 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას. რა მოხდა ბათუმში
● ამერიკის ელჩი: ერთპარტიული მმართველობა უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს აჩენს
თავად სამსახურის უფროსი, ლონდა თოლორაია ამბობს, რომ ეს არაა რეფორმა და ესაა სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის. საგანგებო ბრიფინგზე თოლორაიამ თქვა, რომ კანონპროექტის დაინიცირება დაემთხვა წინასაახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. ამასთან, მის დეკრეტში ყოფნის პერიოდს.
“რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში, ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვას”, – განაცხადა თოლორაიამ.
მისივე განმარტებით, ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი არამხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, არამედ ეს არის საშიში პრეცედენტი ქვეყნისთვის. მისივე თქმით, ყველა არჩევით თანამდებობაზე მყოფი პირისთვის ეს არის სიგნალი იმისა, რომ ისინი “უნდა იყვნენ ძალიან ჭკვიანად”:
“ეს არის ასევე მესიჯი ყველა საჯარო მოხელისთვის, რომ კეთილსინდისიერი მუშაობისთვის შესაძლებელია ისინი ასე ძალიან მარტივად შესაძლოა დარჩნენ სამსახურის გარეშე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ლონდა თოლორაია არასდროს არ ყოფილა და არ იქნება პროგრესული რეფორმის წინააღმდეგი, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ ეს არ არის რეფორმა. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტისა და დამოუკიდებელი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ეს არის სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის.”
სახელმწიფო ინსპექტორს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილმაც. მისი თქმით, ქართულ ოცნებას მისი საქმის შესახებ ინსპექტორის დასკვნის ეშინია.
“მე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო ლონდა თოლორაია. მისი სახელი გავიგე მას შემდეგ, რაც მან ჩემს საქმეზე გაამტყუნა და დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო და გაირკვა, რომ სადღაც ერთ თვეში უნდა დაედოთ სპეციალური დასკვნა, ჰქონდა თუ არა ჩემს წამებას ადგილი.
სწორედ ამ დასკვნის ეშინია რეჟიმს, ვინაიდან ოფიციალური ორგანოს მიერ ჩემი წამების დადასტურება დიდი ალბათობით გამოიწვევს ჩემს უპირობო გათავისუფლებას საქართველოში, ისევე როგორც ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დროებით ღონისძიებას.
მათთვის ამის არდაშვება ყველაზე მნიშვნელოვანია და, დიდი ალბათობით, კუჭავაც იმიტომ გადააყენეს, რომ რა თქმა უნდა, წამოვა ზეწოლა დასავლეთიდან და კუჭავა ამას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა“, – წერს სააკაშვილი.