ამერიკის ელჩი: ერთპარტიული მმართველობა უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს აჩენს
ამერიკის ელჩი კელი დეგნანი მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ საარჩევნოდ 5%-იანი ბარიერის დატოვება, არაა გზა მრავალფეროვანი პარლამენტისკენ. ასევე, ელჩის განმარტებით, ერთპარტიული მმართველობა უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს აჩენს.
1 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმირებას გულისხმობს, არ განიხილება. მისვე თქმით, ცვლილებების დამტკიცება “სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.”
მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით, სრულად პროპორციულ სისტემით უნდა ჩატარდეს.
საკონსტიტუციო კანონში ცვლილებების ინიცირება შარლ მიშელის დოკუმენტს მოჰყვა, რომლის მიხედვით, მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნები, 2%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს – ცვლილებები პარლამენტმა ერთი მოსმენით უკვე მიიღო.
თუმცა, “ქართულმა ოცნებამ” შარლ მიშელის შეთანხმება დატოვა, ხოლო შალვა პაპუაშვილმა მეორე მოსმენისთვის ბარიერის 3%-მდე გაზრდის შესახებ ისაუბრა.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბარიერის დაწევა იყო პოზიტიური რამ და ყველა პოლიტიკური ლიდერი შეთანხმდა ამაზე მოლაპარაკებების დროს, 19 აპრილის შეთანხმებაში, რომ დაბალი ბარიერი იქნებოდა პოზიტიური რამ საარჩევნო რეფორმისთვის. ეს იყო ერთ-ერთი პოზიტიური შედეგი 2020 წლის არჩევნებზე, რამაც მოიტანა ის, რომ 9 პოლიტიკური პარტია შევიდა პარლამენტში. 5%-იანი ბარიერის დატოვება ნამდვილად არ არის გზა უფრო მეტი ინკლუზიისკენ და მეტი მრავალფეროვნებისკენ პარლამენტში.
ეს არ შეესაბამება იმ რეკომენდაციებს რაც გასცეს საერთაშორისო ექსპერტებმა და რაზეც შეთანხმდა პოლიტიკური სპექტრი. სამწუხარო იქნება, რომ რაზეც შეთანხმდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მათ შორის, მმართველი პარტიაც, არ განხორციელდება”, – თქვა ელჩმა.
● რას ფიქრობენ ექსპერტები შარლ მიშელის შეთანხმების გაუქმებაზე
● კელი დეგნანი: სანქციები ჩვენი ერთ-ერთი ბერკეტია
● კრიზისის დასასრული? ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერა
კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი აქვს და არსად ამ ქვეყანაში ტირანია არაა.
“რაც შეეხება პლურალიზმს და მრავალფეროვნებას, ამას უზრუნველყოფს სწორედ პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც პირველად საქართველოში დანერგა ქართულმა ოცნებამ და ეს სისტემა ამოქმედდება 2024 წლიდან, რომელიც არის სრულ შესაბამისობაში საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, სადაც დადგენილია პროპორციული საარჩევნო სისტემა, მოქმედებს სწორედ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი”, – ამბობს კობახიძე.
ელჩის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა დეპტატმა ნიკოლოზ სამხარაძემაც. მისი თქმით, საქართველოში ტირანიის რისკი არ არის იმიტომ რომ ერთპარტიული მმართველობა არ ნიშნავს ტირანიის რისკს.
“ერთპარტიული მმართველობა არის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სხვა ქვეყნებშიც და იქ ტირანია არაა”, – ამბობს სამხარაძე.