საქართველოში ქორწილები და ქელეხები აიკრძალა, გადაიდო კინოთეატრების გახსნაც
კორონავირუსის გავრცელების მაღალი საფრთხის გამო, საქართველოში დაწესებული რეგულაციები მკაცრდება.
კერძოდ:
● 10 სექტემბრიდან ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორებიცაა ქელეხები და ქორწილები, იკრძალება.
● 10 სექტემბრიდან დახურულ სივრცეში ყველანაირი სოციალური ღონისძიების (ქორწილი, ქელეხი და იუბილე) გამართვა იკრძალება. აქამდე დახურულ სივრცეში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალებოდა.
● შეზღუდვა მკაცრდება ღია სივრცეში ჩატარებულ ღონისძიებებზეც – ღია სივრცეში გამართულ ღონისძიებას 200-ზე მეტ ადამიანი არ უნდა ესწრებოდეს. ეს შეზღუდვა არ ეხება წინასაარჩევნო პერიოდში დაგეგმილ აქტივობებს.
• აფხაზური სოფლის მოსახლეობა, რომლის მკვიდრიც კორონავირუსით გარდაიცვალა, კარანტინს აპროტესტებს
● კინოთეატრების და თეატრების გახსნა 1-ელ ნოემბრამდე გადაიდო. კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის გეგმის თანახმად, კინოთეატრები 15 სექტემბრიდან, ხოლო თეატრები – 1-ელი ოქტომბრიდან უნდა გახსნილიყო.
● 1-ელ ნოემბრამდე გადაიდო ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნაც.
● აიკრძალა სკოლებში საზეიმო ღონისძიებების ჩატარებაც.
● მკაცრდება კონტროლი პირბადის ტარებაზე, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ლიფტებსა და დახურულ ღონისძიებებზე.
● გარდა ამისა, კორონავირუსით ინფიცირებულ, 18-დან 65 წლამდე ასაკის პაციენტებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადება არ აქვთ და უსიმპტომოები არიან, სასტუმროებში უმკურნალებენ.
● გაუქმდა ყოველწლიური საზეიმო ღონისძიება – თბილისობა.
საქართველოს სამ დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში საკარანტინო სივრცეებეად გადაკეთებულ სასტუმროებში covid-19-ით დაავადებული ადამიანების მკურნალობა დღეიდან დაიწყო.
მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების გადაყვანა სასტუმროში ბათუმის საავადმყოფოდანაც დაიწყო.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რეგულაციების გამკაცრების გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება გახდა.
უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის 40-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება.
9 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში 1773 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 1325 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.