საქართველოში მილიონი დოზა სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინა შემოვიდა
საქართველოში მილიონი დოზა ჩინური “სინოფარმის” და “სინოვაკის” ვაქცინა შემოვიდა, აცრებზე რეგისტრაცია კი ხვალიდან დაიწყება. რაც შეეხება “ფაიზერის” ვაქცინას, ის ეტაპობრივად, ივლისიდან შემოვა, ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ორშაბათიდან მასობრივი იმუნიზაციის პროცესი დაიწყება და უახლოეს კვირებში შემოვა კიდევ დამატებითი ერთი მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა.
“ფაიზერზე” კომენტარისას კი პრემიერმა განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, მიღწეულია შეთანხმება, კონტრაქტი გაფორმებულია და ფული გადახდილია მილიონი დოზის თაობაზე.
მისივე თქმით, წლის ბოლომდე, საქართველოს ჯამში 4 მილიონი ვაქცინა ექნება.
გარდა ამისა, ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველომ “ფაიზერის” რამდენიმე ასეული ათასი დოზა ამერიკისგანაც უნდა მიიღოს, თუმცა ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით ისაუბრებს:
“ამერიკის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს “ფაიზერის” რამდენიმე ასეული ათასი დოზა გადაეცემა საჩუქრად. ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ჩვენს მეგობრებთან, კოლეგებთან გავივლით საბოლოო დეტალებს, ვაცნობებთ ჩვენს საზოგადოებას”
რაც შეეხება აცრების ინტენსივობას, პრემიერის ვარაუდით, საქართველომ დღეში 20-25 ათასი აცრა უნდა ჩაატაროს.
“მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 350 ბრიგადა გაიშლება, რომელიც დაკომპლექტებულია ექიმებით. ჩვენი გათვლებით, დღეში 20-25 ათასი აცრა უნდა ჩავატაროთ იმისათვის, რომ თვეში მინიმუმ ნახევარი მილიონი ადამიანის აცრა განვახორციელოთ”, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი
ვაქცინაციაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც. მისი თქმით, “ფაიზერის” შემოსვლის დროს, 16 წლიდან მოსახლეობის აცრა დაიწყება.
“ფაიზერს აქვს დაშვება 16 წლიდან, ამიტომ, ჩვენთანაც შევა ცვლილება, ფაიზერის შემოსვლის დროს და 16 წლის ზემოთ, მოსახლეობა აიცრება. რაც შეეხება შემდგომ გადაწყვეტილებებს, რასაც ზოგიერთი ქვეყანა ფაიზერთან მიმართებაში ახორციელებს, მოზარდების აცრებს, ამაზე დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას”, – აცხადებს გამყრელიძე.
____________________________________________________________
● ევროკავშირმა სომხეთი და აზერბაიჯანი Covid-უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, საქართველო – არა
● საქართველოში ინფიცირების სწრაფი მატება, შესაძლოა კავშირში იყოს „დელტა“ შტამის გავრცელებასთან
● პირბადის ტარება ქუჩაში და კომენდანტის საათი – რა შეზღუდვები მოიხსნა და რა რჩება? მოკლედ
________________________________________________________________
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო და ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამ დროისთვის საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 103 170 ადამიანი, რაც მოსახლეობის მხოლოდ 2.6%-ია.
ბოლო 7 დღის მონაცემით, მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობით საქართველო მე-17 ადგილზეა, აცრებით – 147-ე.
საქართველოზე მაღალი სიკვდილიანობა მხოლოდ 16 ქვეყანას აქვს: პარაგვაი, ნამიბია, სეიშელი, კოლუმბია, არგენტინა, სურინამი, ურუგვაი, ტრინიდადი და ტობაგო, ტუნისი, ომანი, ბრაზილია, ჩილე, ბოლივია, პერუ, რუსეთი და მონღოლეთი.
რაც შეეხება მილიონ მოსახლეზე ინფიცირების ახალ ფაქტებს, საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილს იკავებს.